,,თბილისი“ – პირველი ქართული რესტორანი ვარშავაში

,,თბილისი“ – ამ სახელით ვარშავაში ქართულ რესტორანს კარგად იცნობენ. პოლონეთში წლებია, ქართული სამზარეულო გაიცნეს, შეიყვარეს და ადგილობრივები მისი ერთგული სტუმრებიც გახდნენ.  ვარშავაში დღეს ქართული რესტორნები დიდი პოპულარობით სარგებლობს და ამაში რესტორან ,,თბილისს“ და მის დამფუძნებელს ზეინაბ ამაშუკელს დიდი წვლილი მიუძღვის. მან პირველი ქართული რესტორანი ვარშავაში, ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს გახსნა. დღეს ,,თბილისი“ ოჯახური საქმეა, წლების წინ წამოწყებულ ბიზნესს ქალბატონი ზეინაბის შვილები და შვილიშვილი წარმატებით აგრძელებენ. Kartuli.kvira.ge ზეინაბ ამაშუკელის ქალიშვილს თამუნა ლოლაძეს ესაუბრა.

– რესტორანი ,,თბილისი“ და მისი შექმნის ისტორია, როგორ დაიწყო ქართულმა ოჯახმა საკმაოდ სენსიტიური ბიზნესი უცხოეთში? სარესტორნო საქმეს სირთულეები მუდამ თან ახლავს, მით უფრო როცა მას უცხო ქვეყანაში უძღვები… ალბათ ამ ყველაფერს, იმაზე ფიქრიც ემატება, რომ ქართულ საქმეს აკეთებ და პოპულარიზაციას უწევ შენს კულტურას…

– ჩვენი ოჯახი პოლონეთში 90-იან წლების დასაწყისში ჩამოვედით, მოგეხსენებათ მაშინდელი საქართველოს მდგომარეობა და გაჭირვება, დედამ – ქალბატონმა ზეინაბ ამაშუკელმა, რომელსაც ვყავდით 3 ქალიშვილი, იფიქრა დროებით წამოვსულიყავით და თავი გაგვეტანა. თავდაპირველად, უამრავ სირთულეს შევხვდით. უცხო ქვეყანაში ძნელია თავის დამკვიდრება, დედამ პროფესიით პედაგოგმა დაიწყო ჯერ სახლის პირობებში სადილების შეკვეთით მომზადება, ნელ-ნელა გაგვიჩნდნენ მეგობრებიც და დავიწყეთ ახალ ქვეყანაში ადაპტირება. მერე ამას მოჰყვა  “ტრანს კავკაზი”. ამ სახელით პოლონეთში იმართებოდა ხოლმე კავკასიის პოპულარიზაციაზე აქცენტირებული ღონისძიება. ხალხის დაინტერესება ნელ-ნელა იზრდებოდა, ვაცნობდით ჩვენ კულტურას და სამზარეულოს უცხოელებს. დღითიდღე საქართველო სულ უფრო საინტერესო ხდებოდა პოლონელებისთვის. 2004 წელს გავხსენით ჩვენი პატარა საოჯახო სამზარეულო სახელწოდებით “თბილისი”, სადაც მხოლოდ 5 მაგიდა იდგა. ვერ გეტყვით რამდენად თბილისს იცნობდნენ, მაგრამ ზეინაბ ამაშუკელს თითქმის ყველა იცნობდა თავისი შემართებით, ათასგვარი ღონისძიებებით და გემრიელი კერძებით. 2010 წელს გავფართოვდით, მოგვცეს სასმელის გაყიდვის უფლებაც და რესტორნის სტატუსი შევიძინეთ.

– როგორც ვიცი, საქართველო და ქართული სამზარეულო პოლონეთში საკმაოდ პოპულარულია. ყველაზე მეტად, რამ შეუწყო ამას ხელი?

– საქართველოს პოპულარიზაციას ძალიან შეუწყო ხელი საქართველოს საელჩომ, ქართულმა დიასპორამ, რომლის თავმჯდომარეც ჩემი და ეკატერინე ლოლაძე იყო, პრეზიდენტ კაჩინსკის საქართველოსადმი კეთილმა განწყობამ, ავიამომსახურებამ, ტურიზმმა. სასიხარულოა, რომ დღეს საქართველო პოლონელებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ქვეყანაა.

– რის მიხედვით არჩევთ  გუნდის წევრებს და ქართველები თუ გყავთ კოლექტივში?

– ჩვენთან ძირითადად ქართველები  მუშაობენ. ვასაქმებთ ასევე სტუდენტებს, ვცდილობთ ყველანაირად ხელი შევუწყოთ და გვერდში დავუდგეთ აქ ჩამოსულ თანამემამულეებს.

– ინტერიერი  ქართული ელემენტებით არის დატვირთული?

– თავიდანვე გვინდოდა, რომ რესტორნის ინტერიერი ყოფილიყო ძალიან ქართული, კედლებზე დიდი სურათებით, თბილისის ცნობილი ხედებით. შევეცადეთ შეგვექმნა შესაბამისი განწყობა და აქ მოსულ ადამიანს, თავი თბილისურ გარემოში ეგრძნო. ჩვენი რესტორნის მასშტაბები არც ისე დიდია, იტევს 30 სტუმარს.

– საფირმო კერძები, რითი იცნობებ ,,თბილისს“ ყველაზე მეტად და გამორჩეულად რა მოსწონთ ქართული სამზარეულოდან? ასევე, საინტერესოა ვინ არიან ყველაზე ხშირად თქვენი სტუმრები?

– ჩვენი საფირმო კერძი შემწვარი ნეკნებია ბროწეულის წვენში და რა თქმა უნდა შეუცვლელია ხინკალი. ისინი ძალიან მოსწონს ჩვენს უცხოელ სტუმრებს. რესტორნის კლიენტურა ძირითადად პოლონელები არიან, თუმცა სტუმრები ხშირად გვყავს საქართველოდანაც. გვიმასპინძლია სუხიშვილების ანსამბლისთვის,  ბატონი ლექსო თორაძისთვის, საქართველოდან უამრავი დელეგაციისთვის…

– როგორ ფიქრობთ რესტორნის წარმატების მთავარი მიზეზი რა გახდა? ასევე საინტერესოა, რესტორანს ხომ არა აქვს თავის პროექტები,  ხომ არ მასპინძლობთ ხოლმე საინტერესო ღონისძიებებს და საღამოებს?

– ამჟამად, რესტორანს ჩემი დისშვილი გიგა სიჭინავა მართავს. ის საკმაოდ კარგი მენეჯერია და წარმატებით უძღვება საქმეს. უახლოესი პროექტი კი, რომელიც ნოემბრის ბოლოს განხორციელდება, საქველმოქმედო ხასიათს ატარებს. ეს იქნება წინასაშობაო გამოფენა სხვადასხვა ქართული ნივთების, ხელნაკეთი ნამუშევრებისა და რა თქმა უნდა ჩვენებური კერძების. ერთი წელია პატარა კაფე გავხსენი ვროცლავში და აქაურებისთვისაც შევუდექით ქართული სამზარეულოს გაცნობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები