ჰააგის მთავარ სამრეკლოზე გია ყანჩელის მელოდიები აჟღერდა (ვიდეო)
ჰააგის მთავარ სამრეკლოზე, გია ყანჩელის პატივსაცემად, მისი მელოდიები აჟღერდა. ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 4 ოქტომბერს, გია ყანჩელის პატივსაცემად, St.Jacobs-ის სახელობის უძველესი ეკლესიის სამრეკლოს ყველაზე მაღალი წერტილიდან, მისივე ნაწარმოებები – „ყვითელი ფოთლები“ და ფილმ „შერეკილებიდან“ მელოდია აჟღერდა.
ჰააგის სამრეკლოს ზარებმა ასევე დაუკრეს ყველა დროის ყველაზე პოპულარული ქართული მუსიკალური ნაწარმოებები – რევაზ ლაღიძის „თბილისო“, „სულიკო“ და დავით არჩვაძის „მონატრებიხარ ფიქრებს“.
ქართული ჰანგებით ჰააგის მკვიდრნი, დღეს, 12:00 საათიდან ტკბებიან. ქართული ნაწარმოების ჰააგის მთავარი სამრეკლოდან ცოცხლად შესრულების იდეის ავტორია ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ერეკლე კოპლატაძე.
ერეკლეს ინიციატივითა და ძალისხმევით, მაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქ. გრონინგენის შუა საუკუნეების სამრეკლოს ზარებზე ცოცხლად არაერთხელ შესრულდა სხვადასხვა ქართული ნაწარმოები, მათ შორის „თბილისო”, „ჩიტო-გვრიტო”, „სულიკო”, ირაკლი ჩარკვიანის „ვიცი, რომ” და ფრაგმენტი ოპერიდან „დაისი”.