ვინ არის პირველი სამხედრო პოლიციელი ქალი საქართველოდან ავღანეთის სამშვიდობო და აფრიკის საერთაშორისო მისიებში

ბავშვობიდან ვერ იტანდა, როდესაც სუსტს ჩაგრავდნენ და ყოველთვის ექომაგებოდა. ომობანას თამაში უყვარდა, ამიტომ ზედმეტსახელი – ქაჯანა  შეარქვეს. შემდეგ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის  ფაკულტეტი დაამთავრა. 11 წელი დაჰყო შსს სტრუქტრებშითავდაცვის უწყებაში კი ხუთი წელიამსახურობს.
იგი პირველი ქალია სამხედრო პოლიციიდან ავღანეთის სამშვიდობო მისიაშიასევე, შეიარაღებული ძალებიდან – პირველი ქალი აფრიკის საერთაშორისო მისიაში.
ამაყობს, რომ აფრიკის თავდაცვის მინისტრის განსაკუთრებული მედალი მიიღო… სამადლობელ წერილში ხაზგასმულია, რომ ქართულმა შეიარაღებულმა ჯარებმა მისიაში პროფესიონალიზმი გამოავლინეს,  ხოლო მისი სამხედროები თავისი ქვეყნის აღმატებული ელჩები იყვნენ… მათ პორტუგალიელი ბაზის გენერლის, მაიორის ერმილიო მაი და ესპანელი შტაბის უფროსის დიდი მადლობები დაიმსახურეს.
მისი ჰობია – სამართლიანობა ყველგან და ყველაფერში, აფხაზეთში გმირულად დაღუპული გოგიტა კიკნაძის და ამაყობს, რომ ჩვენს ქვეყანას უამრავი სამშობლოს თავისუფლებისთვის შეწირული და ცოცხალი გმირი ყავსრომლებსაც დაფასება სჭირდებათ. – მაიორ თამარ კინაძის პერსონა.

 – ბავშვობის წლების გახსენებაზე ხშირად მეღიმება, რადგან ძალიან ცელქი და მოუსვენარი  ვიყავი. ბავშვობიდან ვერ ვიტანდი, როდესაც ჩემი თანდასწრებით სუსტი იჩაგრებოდა. ყოველთვის ვიცავდით მათ და მათ გვერდით ვიდექი.  თოჯინებით თამაში არასოდეს მყვარებია, სულ მეზობლის ბიჭებთან ვთამაშობდი ფეხბურთს, მიყვარდა იარაღი და ომობანას თამაში. არავის თავს არ დავაჩაგვრინებდი. ამიტომ მეზობლებმა ზედმეტი სახელიც კი შემარქვეს – ქაჯანა. ახლაც მეღიმება ბავშვობის წლების გახსენებისას.
ბავშვობიდან გამომძიებლობაზე ვოცნებობდი. მიყვარდა დეტექტიური ჟანრის წიგნების კითხვა და ფილმების ყურება. მიზანდასახული ვიყავი. გავიზარდე, ავიხდინე ბავშვობის ოცნება, სკოლის დამთავრებისთანავე ჩავირიცხე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის  ფაკულტეტზე.
უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე მომენიჭა იურისტის სტატუსი. 11 წელი ვიმუშავე შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის ვიყავი მთაწმინდა – კრწანისში უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე.
–  თქვენი ახალგაზრდობა საქართველოსთვის უმძიმეს 90-ანებს დაემთხვა…
– მინდა გავიხსენო ის ავბედითი 90-იანი  წლები, მაშინ მეც და ჩემი და-ძმაც პატარები ვიყავით. კარგად მახსოვს, ან რა დამავიწყებს იმ პერიოდს, როდესაც ქვეყანაში ეროვნული მოძრაობა გუგუნებდა.  მეც და ჩემი და-ძმაც  თავისუფლების მოედანზე ვიდექით და ბედნიერებისა და სიხარულის ჟრუანტელი მივლიდა, როდესაც ვხედავდი ერთ მუშტად შეკრულ ქართველობას.
მახსოვს, რამხელა სიყვარული სუფევდა ერთმანეთის მიმართ, გვიან ღამემდე ვიდექით  იქ და ქართველი ერის გვერდით ანთებული სანთლებით  ერთხმად „მამაო ჩვენოს“ ვამბობდით. დღემდე ჩამესმის მერაბ კოსტავას ხმა.  მისი გამოხედვა და ხალხისადმი მიმართვა არასოდეს დამავიწყდება.
–  აფხაზეთის ომს  შეეწირა თქვენი ძმა – გოგიტა კიკნაძე…
– მამა – გიორგი კიკნაძე გადაჰყვა ჩემი ძმის დარდს, რომელიც პოლიციის აკადემიის უშიშროების ხაზით პირველი კურსის კურსანტი იყო და  აფხაზეთის ომის დროს, 1992 წლის 2 ოქტომბერს, ქალაქ გაგრაში უგზოუკვლოდ დაიკარგა.
დედაჩემმა ელენე აფციაურმა-კიკნაძემ სამი შვილი გაუზარდა სამშობლოს: გოგიტა, მაია და თამარი. აფხაზეთში ომის დაწყების დროს, პოლიციის უმაღლესი სკოლის პირველკურსელი გოგიტა 17 წლის იყო. 20 წლის ვარო, უპატაკა უფროსს და ამ ტყუილით ომის გზებს გაუყვა…

აფხაზეთში გმირულად დაღუპული გოგიტა კიკნაძე

როგორც პატარას, მეომრები საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას უკრძალავდნენ. გაგრის ბრძოლების დროს ჯავშანტრანსპორტიორიდანაც კი გადმოსვეს, მაგრამ უკანვე ჩაუხტა მებრძოლებს. საბრძოლო მანქანა მტერმა ააფეთქა,  დაჭრილი გოგიტა აფეთქებული ჯავშანტრანსპორტიორიდან სამედიცინო მანქანაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, სამედიცინო მანქანასაც მოხვდა ჭურვი. ეტყობა განწირული იყო ჩემი ძმა… გოგიტა  უსაფლავო გმირია.
–  ორი და ერთი ძმა – საქართველოს ერთიანობისთვის სამსახურში ჩადექით… დები საქართველოს შეიარაღებულ ჯარებში მსახურობთ და ალბათ ძმის ფაქტორმა გადამწყვეტი როლი შეასრულა…
– გოგიტას დებს – მე და მაიას შეირაღებულ ძალებში სამსახურის დაწყება გოგიტას ფაქტორმა გადაგვაწყვეტინა. ჩემი და – მაია კიკნაძე აგვისტოს ომის ვეტერანია. გოგიტა ძალას გვმატებს. მე მას  ძალიან ვგავარ, ისიც სამართლიანი, მომთხოვნი და საქმეში პირველი იყო.
აფხაზეთი დღემდე თითოეული ქართველის ტკივილია. ომმა შეიწირა უამრავი ახალგაზრდის სიცოცხლე, მრავალი დედა შავით შეიმოსა. მრავალი ოჯახი გამწარდა. სამწუხაროდ, დღესაც არიან ოჯახები, რომლებსაც შვილის საფლავები არ აქვთ და, ჩემი ოჯახის მსგავსად, მოლოდინის რეჟიმში არიან, ვიმედოვნებ, მალე დადგება ის დღე, როდესაც გაიხსნება გაგრის სამარხები და ვიპოვი ჩემს ძმას.
– პირველი სამხედრო პოლიციელ ქალი ხართ, რომელიც თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტიდან ავღანეთში მისიის შესასრულებლად წახვედით… ქაბულის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის დროს მიიღეთ მედალი
 2016 წელს, ვიმყოფებოდი სამშვიდობო მისიით ქალაქ ქაბულში. არ დაგიმალავთ, გამოუცდელობის გამო ძალიან ვღელავდი, ვგრძნობდი, რამხელა პასუხისმგებლობა მეკისრებოდა.  სირთულეებისა და იქ არსებული ვითარების მიუხედავად, აღნიშნულმა მისიამ წარმატებით ჩაიარა. ვხედავდი ჩვენი ქართველი ჯარისკაცების  რუტინულ შრომას და თავდადებას, ქვეყნის ღირსებისა და იმიჯის ღირსეულად წარმოსაჩენად და გული სიამაყით მევსებოდა. უფრო მეტი მონდომებით ვასრულებდი დაკისრებულ მოვალეობას. ბედნიერი ვარ, რომ მისიამ წარმატებით ჩაიარა და  კანონდარღვევის არანაირ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.  ჩვენი სამხედროების მხრიდან დიდ პატივისცემას ვგრძნობდი. ძნელია, როდესაც ოჯახს წყდები და  შორს ყოფნა გიხდება. ამ დროს ყველანი ვცდილობთ ერთმანეთის გამხნევებას და იმ უდიდეს პასუხისმგებლობას, რაც მისიებში ყოფნა გვაკისრებს.
ყველანი უვნებლად და დანაკლისის გარეშე დავბრუნდით სამშობლოში.
– 2017 წელს ასევე მონაწილეობდით ავღანეთის სამშვიდობო მისიაშ
– დიახ, ვიმყოფებოდი ბაგრამზე. აღნიშნული მისია პირველთან შედარებით უფრო მღელვარე და დაძაბული აღმოჩნდა, ვინაიდან თალიბანის მხრიდან სხვადასხვა დროს განხორციელდა ტერორისტული თავდასხმა, რა დროსაც 6-მა სამხედრო მოსამსახურემ  სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო, ხოლო ერთი სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი, ზესტაფონელი მდინარი ბებიაშვილი აფეთქების შედეგად მიღებული სიცოცხლისათვის სახიფათო შეუთავსებელი დაზიანებებისგან გარდაიცვალა.
ქართველი სამშვიდობოების მიერ ქვეყნისათვის გაწეული შრომა მართლაც რომ ფასდაუდებელი და შეუფასებელია. ჩვენი ბიჭები  თავდაუზოგავად მონაწილეობენ ყველაზე რთულ საბრძოლო მოქმედებებში და ვიმედოვნებ, შესაბამისად, დაუფასდებათ კიდეც. მდინარი ბებიაშვილის გარდაცვალებამ ჩემზე ძალიან იმოქმედა, თვალწინ დამიდგა ჩემი ძმის თავდადება… და ტკივილი განმიახლა. დადგება დრო და ისტორია იტყვის ამ ბიჭებზე თავის სათქმელს. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, თითოეულ თავგანწირულ ჯარისკაცზე აუცილებლად უნდა დაიწეროს. სწორედ მათ გმირობებზე უნდა იზრდებოდნენ თაობები.
მინდა ქედი მოვიხარო  სამშობლოსათვის თავდადებული ყველა ქართველი გმირისა და მათი ოჯახის წევრების წინაშე. სამარადისო დიდება მათ სულებს… მათ ხსოვნას სამშობლო სანთლებად აინთებს.
– ვინ არიან ის მეომრები, ვინც ავღანეთის მისიაში არიან?

ავღანეთში დაღუპული უმცროსი სერჟანტი – მდინარი ბებიაშვილი

– ბედნიერი ვარ, რომ ქართველი ჯარისკაცები მართლაც ყველასგან გამორჩეულები იყვნენ. რადგან მომეცა საშუალება, მინდა ყველა იქ მყოფ რიგით ჯარისკაცს, სერჟანტებს – ლევან ჟვანიას, პაატა ფოჩხუას, ზვიად გოგუას, რამაზ ფონიავას დიდი მადლობა გადაუხადო გაწეული რუტინული შრომისთვის. ჯარისკაცზე ბევრია დამოკიდებული, თუ როგორ ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. რაც არ უნდა კარგი მეთაური გყავდეს, თუ ჯარისკაცს არა აქვს გათვითცნობიერებული პასუხისმგებლობა, მეთაური ვერაფერს გახდება. ამიტომ განსაკუთრებული მადლობა ჩემს ჯარისკაცებს, რომლებმაც მართლაც რომ უამრავ საპასუხისმგებლო დავალებებს ღირსეულად გაართვეს თავი და ასახელებს ჩვენი ქვეყანა.
ბედნიერი ვარ, როცა ამ ბიჭებს ვუყურებ, თითოეული ჯარისკაცი ღირსეულად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალოებას. უცხოელებს უკვირდათ, ვინა ყოფილხართ ეს ქართველებიო?! – ამაყად ვისმენდი  ჩვენი ბიჭების ქება-დიდებას ყოველდღე.
ესენი არიან: ლევან ჟვანია, ლევან სართანია, ნიკა წულაია, ზეზვა ჭაფოძე, ავთანდილ ტუხაშვილი, თენგიზ ბობოხიძე, არჩილ ხანჯალიაშვილი, დავით თოდუა, ენრი ყიფშიძე, ზურაბ მურვანიძე, ლაშა თოლორდავა, გიორგი ნავროზაშვილი, სანდრო ტვილდიანი, ლევან ბებია, გიორგი კილაძე, ჭაბუკი შენგელია, ვიტალი ჯანიბეგაშვილი, ვასილ მარგალიტაძე, ბექა ბურდული, ირაკლი მირცხულავა, პაატა ფოჩხუა, ზვიად გოგუა, გრიგოლ ტუღუში, ალბერტი ცისკარიშვილი, ხვიჩა გოგოჭური, რამაზ ფონიავა, მუხრან გრძელიშვილი, გიორგი ცუხიშვილი, დავით მურცხველაძე.
–   ტერაქტის დროს ავღანეთში იმყოფებოდით, როდესაც თვითმკვლელმა ტერორისტმა ჩვენი ჯარისკაცების სიახლოვეს თავი აიფეთქა და ქართველი მებრძოლი ივერი ბაბუაძე მძიმედ დაიჭრა…
 ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ვიმყოფებოდი, როდესაც იქვე ახლოს თვითმკვლელმა ტერორისტმა მოტოციკლეტით თავი აიფეთქა. ქართველი ჯარისკაცები ბაზის შესასვლელთან ავტომობილებს ამოწმებდნენ. უფროსი ლეიტენანტი ივერი ბაბუაძე მძიმედ დაიჭრა, მაგრამ შეძლო ორთვიანი კომატოზური მდგომარეობიდან გამოსვლა და სასწაულად გადარჩა. სარეაბილიტაციო კურსს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადის. მართალია,  ცალ თვალში მხედველობა დაკარგა, ამპუტირებული ფეხის ნაცვლადაც პროთეზს ატარებს, მაგრამ სიარული შეძლო. ძლიერი ჯარისკაცია და მჯერა ბოლომდე აღიდგენს ძალებს.
 აფრიკის მისიაში 7 თვე იმყოფებოდით… მთელი თავდაცვიდან პირველი ქართველი ქალი იყავით…  თქვენ ქართულიც კი ასწავლეთ აფრიკელ ჯარისკაცებს…
– ჩემმა მშობლებმა სამივე შვილი  პატრიოტული სულისკვეთებით აღგვზარდეს. სამშობლო ჩვენთვის ყველაფერია. როდესაც ბავშვი იბადება, იქიდანვე უნდა იწყებოდეს სამშობლოს სიყვარული და ეს სიყვარული  იზრდებოდეს მასთან ერთად. ქართველობას ყველაზე სანუკვარი სამება გვაქვს: ენა, მამული, სარწმუნოება, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება.  სანამ პირში სული გვიდგას, თუნდაც ჩვენი სიცოცხლის ფასად, უნდა ვიამაყოთ ჩვენი კულტურული ტრადიციებითა და ისტორიით და დავიცვათ.
მისიებში ყოფნისას, ყოველთვის ვცდილობ, უცხოელ პარტნიორებს  ჩვენი ქვეყნის კულტურული ტრადიციებისა და ისტორიის შესახებ რაც შეიძლება ბევრი ვესაუბრო. ბევრმა არც იცის, ვინ ვართ და საიდან ვართ. ვაყურებინებ ქართულ ტრადიციულ ცეკვებს, სიმღერებს და ვათვალიერებინებ საქართველოს ხედებს და სილამაზეს.
ბედნიერი ვარ, როდესაც ვუცქერ მათ გაფართოებულ თვალებს და ვისმენ აღფრთოვანებულ სიტყვებს, რა ლამაზია საქართველოო.  ჩემი საუბრის შემდგომ ბევრს გაუჩნდა საქართველოში სტუმრობის დიდი სურვილი, რომ  თავისი თვალით იხილოს ჩვენი საოცარი ქვეყანა და სტუმართმასპინძლობა.
ევროკავშირის მისიაში ცენტრალურ აფრიკაში ყოფნისას ჩატარდა ეროვნული ტრადიციული კუთხეების წარმოჩინების ღონისძიება. ყველა ქვეყანამ წარმოადგინა თავისი ქვეყნის ტრადიციული სამზარეულო და თავისი ქვეყნის ფოტოები. გვესტუმრნენ მეტად მნიშვნელოვანი სტუმრები ბრიუსელიდან, რა თქმა უნდა, ღირსეულად წარმოვაჩინეთ ჩვენი ქვეყანა, გავამზადეთ ხინკალი, ხაჭაპური და ქართული დროშებითა და  საქართველოს კუთხეების ულამაზესი ფოტოებით გავაფორმეთ ჩვენი ქართული კუთხე. ყველანი აღფრთოვანებულები დარჩნენ და დიდი ყურადღებით ათვალიერებდნენ ფოტოებს. ყველაზე გამორჩეული ჩვენი კუთხე აღმოჩნდა.
ცენტრალურ აფრიკაში ყოფნის დროს უცხოელებს და ადგილობრივ მოსახლეობას ქართული ენა და სიმღერები შევთავაზეთ და ვასწავლეთ ქართული. ასევე აღვნიშნეთ ეროვნული გვარდიის დღესასწაული,
რამაც ყველა აღაფრთოვანა. არაჩვეულებრივი საღამო გამოვიდა, გავაჟღერეთ ქართული სიმღერები და ტრადიციული ცეკვები ვაყურებინეთ ფართო ეკრანზე. ვუყურებდი, როგორი ბედნიერი სახეები ჰქონდათ ჩვენს უცხოელ სამშვიდობო სამხედრო მოსამსახურეებს  და გული სიამაყით მევსებოდა.
ბაზაზე მომსახურე აფრიკელებს ქართული სიმღერებიც შევასწავლეთ. „ბიჭო, ბიჭო“-ს მეძახდნენ, მერე სწორად წარმოთქმაც ისწავლეს და „ქალბატონ თამარ“-ს მეძახდნენ.
– ამაყობთ, რომ აფრიკის თავდაცვის მინისტრის განსაკუთრებული მედალი მიიღეთ… სამადლობელ წერილში ხაზგასმულია, რომ  ქართულმა შეიარაღებულმა ჯარებმა მისიაში პროფესიონალიზმი გამოავლინეს,  ხოლო მისი სამხედროები თავისი ქვეყნის აღმატებული ელჩები იყვნენ…
–  მედალი დიდი პასუხისმგებლობა და უდიდესი სიხარულია ჩემს ცხოვრებაში, ჩვენმა ბიჭებმა კი ჩვენი ქვეყანა მართლაც რომ ასახელეს და პორტუგალიელი ბაზის გენერლის, მაიორის ერმილიო მაიუს და ესპანელი შტაბის უფროსის დიდი მადლობები დაიმსახურეს.
საქართველოს სამხედრო კონტინგენტი ევროკავშირის სამშვიდობო მისიას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2014 წლის 8 ივნისიდან ასრულებს. ეს არის დასტური იმისა, რომ საქართველო იცავს ევროკავშირთან შეთანხმების პირობებს, კონკრეტულად, ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში (CSDP), ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებსა და მისიებში საქართველოს მონაწილეობის პირობას. 2015 წლის 16 მარტს, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ახალი მისია დაიწყო – სამხედრო მრჩეველთა მისია (EUMAM RCA), რომლის მიზანია, დახმარება გაეწიოს ადგილობრივ ხელისუფლებას შეიარაღებული ძალების რეფორმის განხორციელებაში. ევროკავშირის სამხედრო-საწვრთნელი მისიის ფარგლებში, აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკაში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში წვლილის შეტანით, ქართველი ჯარისკაცები საქართველოს წარმოაჩენენ, როგორც ევროკავშირისათვის სანდო პარტნიორ ქვეყანას.
დღეს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში, აღნიშნული მისიის ეგიდით, ეროვნული გვარდიის ნაკრები ქვეითი ოცეული იმყოფება. ჩვენი ბიჭებისთვის საამაყოა ის, რომ მსოფლიო უსაფრთხოების დაცვასა და სტაბილურობაში მათაც შეაქვთ თავიანთი წვლილი, რაც, თავის მხრივ, ქართველი ჯარისკაცების პროფესიონალიზმის შეფასებასა და დაფასებას ნიშნავს. გარდა ამისა, იმ გამოცდილების გაზიარება, თუ რა სტანდარტებით ხელმძღვანელობენ ევროკავშირის ქვეყნები მსოფლიოს სტაბილურობაში, ქართველი ჯარისკაცებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.
აფრიკის ოთხწლიან მისიას უჩუმრად არ ჩაუვლია, იყო სკანდალიც, რომელმაც ჩვენი ბიჭების პროფესიონალიზმსა და ჰუმანიზმს ჩრდილი ვერ მიაყენა. პირიქით, მოსახლეობა, განსაკუთრებით კი პატარები, მათგან დიდ სითბოს იღებენ. შეიძლება ითქვას, რომ რელიგიურ ნიადაგზე წარმოქმნილ დაპირისპირებაში კოალიციის ჯარების მფარველობის ქვეშ ადგილობრივები თავს უფრო დაცულად გრძნობენ.
– ბოლო წლებში საქართველომ უამრავი ახალგაზრდა დაკარგა… გვყავს გმირებიც, რომლებსაც ფართო საზოგადოებრიობა არ იცნობს… მეომრული სულისკვეთება დაიკარგა…
–  ჩვენს ქვეყანას უამრავი სამშობლოს თავისუფლებისთვის შეწირული და ცოცხალი გმირი ჰყავს, რომლებსაც დაფასება სჭირდებათ. მათ ყველაზე სანუკვარი  სიცოცხლე გაწირეს ქვეყნისთვის. ხელისუფლების ვალია, სათანადოდ დააფასოს მათი თავგანწირვა. გული მტკივა, როდესაც ნამდვილ ვეტერანებს დღეს ასე უჭირთ. აფხაზეთის და აგვისტოს ომის დროს ქართველმა ვაჟკაცებმა სამაგალითო გმირობა  ჩაიდინეს. მათ შექმნეს ახალი საქართველოს ისტორია, რომელიც დავიწყებას კი არ უნდა მიეცეს, ბევრი უნდა დაიწეროს მათზე და ახალმა თაობამ იცოდეს მათ შესახებ. ისინი უნდა ამაყობდნენ ჩვენი გმირებით.
ბედნიერი ვარ, რომ როგორც გოგიტა კიკნაძის დას, ყველგან, სამშვიდობო მისიებში,  წილად მერგო, ვყოფილიყავი პირველი სამხედრო პოლიციელი ქალი. მეამაყება, რომ ქვეყნისა და ხალხის წინაშე პირნათლად ვასრულებ ჩემს მოვალეობას.
დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო ჩემი ძმა, დარწმუნებული ვარ, იამაყებდა და ბედნიერი იქნებოდა ჩემით.
ბედნიერებაა, რომ ვარკეთილში, 182-ე საჯარო სკოლა გოგიტა კიკნაძის სახელს ატარებს.
– ოჯახი, შვილები… ბებია ხართ… როგორ ეგუებიან თქვენს სამხედრო საქმიანობას ოჯახში?
–  ჩემი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სამხედრო პირისთვის დამახასიათებელი სიმკაცრე და დედობრივი მზრუნველობა თანაბრად მაქვს… ასე რომ, ჩემს მოვალეობას ოჯახშიც პირნათლად ვასრულებ!
მეორე შვილიშვილი რომ შემეძინა, 2017 წელს, ავღანეთის მისიაში ვიმყოფებოდი. პატარა გაბრიელი ექვსი თვის შემდეგ გავიცანი.  პატარა ნიკოლოზსა და გაბრიელს უზომოდ უხარიათ  ფორმიანი ბებოს დანახვა, ამჟამად მესამე შვილიშვილს ველოდები.
– ჰობი…
– ჩემი ჰობია,- ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე,- სამართლიანობა ყველგან და ყველაფერში.
– სათქმელი…
– მინდა ვისარგებლო შემთხვევით და  მადლიერება გამოვხატო  ბაზის ხელმძღვანელობის მიმართ, გენერალ – მაიორ ერმილიო მაიუს ხელმძღვანელობით. მინდა ყველა ჩვენს უცხოელ პარტნიორს დიდი მადლობა გადავუხადო, რომლებმაც სათანადო სითბო, ყურადღება და დაფასება გამოიჩინეს ქართველი სამშვიდობოების მიმართ, რომლებსაც ყველგან მფარველ ანგელოზებს უწოდებენ.
მჯერა, რომ ჩვენი შემცვლელი ქართველი სამხედროები ასევე ღირსეულად გაართმევენ თავს მათზე დაკისრებულ მოვალეობას. წარმატებებს ვისურვებ მათ.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები