პატრიარქი 9 აპრილის ღამეს იხსენებს – როცა მივმართე, რომ საშიშროება რეალურია, ხალხი გაჩუმდა, სიმშვიდე ჩამოვარდა, მერე დაიყვირეს – არა! (ვიდეო)

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა „იმედის დღესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები გაიხსენა. ილია მეორის თქმით, ის გრძნობდა, რომ იმ ღამეს ხალხი არ დაუჯერებდა, თუმცა, გადაწყვიტა, მათ გვერდით დამდგარიყო. პატრიარქის თქმით, 9 აპრილი იყო მზადება თავისუფლებისთვის.

„ძალიან ძნელია იმ ღამის გახსენება, რაც მოხდა რუსთაველის გამზირზე. ჩემთან შუაღამისას მოვიდნენ გორგოძე და მერაბ ღუდუშაური. მითხრეს, რომ საშიშროება ელოდებოდა საქართველოს. მთხოვეს, წავსულიყავი და მიმემართა ხალხისათვის. ძალიან მიჭირდა, ვგრძნობდი, რომ ხალხი არ დამიჯერებდა. მე მოვუწოდე, შესულიყვნენ ქაშვეთში. წინასწარ ვგრძნობდი, რომ უარს მეტყოდნენ, მაგრამ მზად ვიყავი, ვყოფილიყავი ჩვენ ხალხთან ერთად. როცა მივმართე, რომ საშიშროება რეალურია, ხალხი გაჩუმდა, სიმშვიდე ჩამოვარდა, მერე დაიყვირეს – არა! ეს იყო მზადყოფნა, ხალხი გრძნობდა, რომ სიკვდილის წინ იმყოფებოდა და წამოვიდა ტანკები. მაგრამ ახალგაზრდები შემომეხვივნენ გარშემო, მე გულიც მომივიდა, რატომ დამიდგნენ წინ. ისინი დადგნენ იმისთვის, რომ დაცვა ყოფილიყო, სროლა თუ იქნებოდა, არ მომხვედროდა“, – აღნიშნა პატრიარქმა.

როგორც ილია მეორე ამბობს, იმ ღამეს ხალხმა მტერს აჩვენა, რომ მტრულად არ იყვნენ განწყობილები.

„ჩვენ ვერ წარმოვიდგენდით, რომ ისინი ასე დაუზოგავად წამოვიდოდნენ ხალხზე. მე რომ დავბრუნდი სახლში, შევედი სიონის ტაძარში და მიცვალებულები იქ იყვნენ დასვენებული. ეს იყო უმძიმესი საყურებელი“, – განაცხადა პატრიარქმა.

უწმინდესის თქმით, 9 აპრილის მოვლენებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, ვის ვებრძვით.

„უნდა ვიცოდეთ, რომ მტერი არ დაგინდობს. მეტი სიბრძნე გვმართებს. ეს იყო საოცარი თავდადება. ეს იყო ბრძოლა მომავლისათვის, მომავალი თავისუფლებისათვის. არ უნდა დაგვჭირდეს ამდენი მსხვერპლი გაერთიანებისათვის. ჩვენ მუდამ ერთიანი უნდა ვიყოთ, ასეთი ბედი გვაქვს. ქართველი ადამიანი ადვილად სწირავს თავის თავს სამშობლოსათვის, მეგობრებისათვის“, – განაცხადა ილია მეორემ.

დღეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. ამ დღეს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები