„გულით ვატარებთ ჩვენ ქართველობას“ – ჰერეთში მოქმედი ერთადერთი ფოკლორული ანსამბლი „ჰერულა“ საქართველოს თანადგომას წლებია ელის…
საქართველოსგან ბედუკუღმართობით მოწყვეტილ ჰერეთში, კახის რაიონში დაიბადა და გაიზარდა. სამშობლოსა და მიწა-წყლის სიყვარული წინაპრებმა, დიდმა პაპებმა და მშობლებმა შეაყვარეს.
პროფესიით აგრონომია. თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მებაღე- მევენახეობისა და ტექნოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა.
ერთხანს კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება „მოსე ჯანაშვილის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და მმართველი საბჭოს წევრი იყო.
1988-2000 წლებში ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლ „კახის შვიდკაცაში“ მღეროდა. ავტორია სხვადასხვა გამოცემაში დაბეჭდილი სტატიებისა, ლიტერატურული ნაწარმოებებისა, ლექსების კრებულებისა – „ჰერული სიზმრები“ (2004), „შენით და შენთვის“ (2014) ლექსებისა და მოთხრობების კრებულისა – „ფესვების ძახილი“ (2012 წელი).
ცხოვრობს და მოღვაწეობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონის სოფელ კახისთავში. – მწერალ ზურაბ პაპიაშვილის პერსონა.
– დავიბადე და გავიზარდე კახის რაიონის სოფელ კახისთავში. მქონდა ჩვეულებრივი ბავშვობა, განსაკუთრებული იყო იმით, რომ უფრო სხვანაირად, ჩემებურად მიყვარდა ის კუთხე და უბანი, სადაც დავიბადე და გავიზარდე.
მამაჩემს ვასილი ერქვა, დედას – ბარბარე, გვარად კოსიაშვილი. ვცხოვრობ პაპიაშვილების უბანში. ჩვენი გვარის წარმომადგენლები აზნაურები იყვნენ. აზნაური ჰქვია ჩვენს პირდაპირ მთის ფერდობზე ტერიტორიას, სადაც პაპიაშვილები ცხოვრობდნენ, მოგვიანებით გადმოვიდნენ მდინარე ქურმუხის მარჯვენა მხარეს და მათი შთამომავლები ახლა აქეთ ვცხოვრობთ.
პაპაჩემს სიმონი ერქვა, პაპის მამას – მიხეილი, პაპის პაპას – აბრაამი, უფრო ზევით ვასილ პაპიაშვილი ვიცით გადმოცემით, მაგრამ საფლავს ვერ ვნახულობთ. მოთხრობა მაქვს პაპაჩემზე, რომელიც სოფლის დიდი მოამაგე – მუშაკი იყო. მან ზაქათალის მაზრაში მიიღო განათლება. მის საფლავზე წერია: „აქ განისვენებს გვამი პატიოსანის, ენ*(ყველაზე) სოფლისთვის სასარგებლო მუშაკის, სიმონ მიხეილის ძე პაპიაშვილის…ვერაგულმა ხელმა მოღალატე მახლობელისამ, ღამი, ძილის დროს ცხელი ტყვიით მოუსპო სიცოცხლე“. მიზეზი – ახლობლის მიერ მისი კუთვნილი საკმაოდ დიდი ფართობის მიწის მითვისების სურვილი.
პაპის მამა – მიხეილი, იმ დროისთვის განვითარებული ადამიანი იყო, კარგად ფლობდა რუსულ ენას. მისდევდა მევენახეობას და ჰქონდა კარგად გამართული მეურნეობა. სპეციალურად თბილისში ჩავიდა და არყის სახდელი სპილენძის ქვაბი და მოწყობილობა შეიძინა. არყის სახდელი ქვაბის თავსახურზე, ე. წ. ზარხუფზე რუსული ასოებით მწარმოებელის ვინაობა და თარიღი აწერია: ЗАВЕДЕНИЕ Ш. МАИЛОВА 1881Г. არყის სახდელი მოწყობილობა, ახლაც ინახება ჩემს ოჯახში.
– თქვენი პაპები მევენახეობას მისდევდნენ?
– გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ მევენახეობის ერთ-ერთი მიმართულება ისტორიული ჰერეთიდან მოდის. ვენახის გაშენების თავისებური წესი ჰქონდათ ისტორიულ ჰერეთში. ყველა ვენახი რქაწითელით და საფერავით შენდებოდა. რქაწითელი ვენახის ძირითად ნაწილს მოიცავდა, ხოლო საფერავი-მაქსიმუმ სამი რიგი აუცილებლად უნდა ყოფილიყო.
ჩემი წინაპრები ჰერეთში „ხოხბისყელა“ ღვინოს აყენებდნენ. „ხოხბისყელა“ გარკვეული წესით დაყენებულ ღვინოს ერქვა, რომელიც რქაწითელისა და საფერავის, შესაბამისი რაოდენობით შერევის შედეგად მიიღებოდა. როგორ ფიქრობთ, რატომ ჰქვია საფერავს – საფერავი? თავისთავად ცხადია, საფერავი, ანუ ფერის მიმცემი. რქაწითელში გარკვეული დოზით შერეული საფერავი ღვინოს სასიამოვნო გემოს და შეფერილობას აძლევს, დასალევადაც არ არის მძიმე, როგორც ცალკე დაყენებული სუფთა საფერავი. ეტყობა ჩვენმა წინაპრებმა შორეულ წარსულშიც იცოდნენ საფერავის სასარგებლო თვისებების შესახებ, თუმცა ისიც კარგად იცოდნენ, რომ წითელი ღვინით ბევრს ვერ იქეიფებდი . ეტყობა ამიტომ მოუვიდათ აზრად მათი შერევა და საფერავსაც, მიტომ დაერქვა “საფერავი“, ფერის მიმცემი. დღესაც ჩვენთან თუ ვინმე ღვინოს აყენებს, ამ წესით აყენებენ.
საფერავს ცალკეც წურავდნენ სისხლნაკლული ავადმყოფებისთვის და სუსტი ბავშვებისთვის. ინახავდნენ და წამლად ასმევდნენ მათ.
– თქვენ გაქვთ ვენახი?
– ამ მომენტისთვის აღარ მაქვს. მხოლოდ თალარი დავტოვე, უწამლავი იზაბელათი, რომელსაც „ადესას“ ეძახიან.
90-იან წლებში, როცა სსრკ დაიშალა, წამლის შოვნა გაჭირდა, ამიტომ ხალხმა ამერიკული ვაზის ტყიური ფორმისა და, აგრეთვე ამერიკული, იზაბელას, ე. წ. „ადესას“ მოშენება დაიწყო. „ამერიკული“ ისხამს ბლომად პატარა მარცვლებს, ღვინოსაც სათანადო გემური თვისებები და სიმსუბუქე არა აქვს. ადვილი მოსავლელია, შეწმვლა არ უნდა, დაკრეფ და დაწურავ. თვალში საცემია ფოთლის ფილოქსერას გავრცელება ამ ვაზზე, მაგრამ მისი ფესვები არ ზიანდება ფილოქსერით. ვაზს აქვს მწერის მიყენებულ ჭრილობაზე კოჟრის გაკეთების უნარი, რაც დაზიანებულ ფესვს ლპობის ბაქტერიების დასახლება – გავრცელებისგან და მცენარის გახმობასგან იცავს.
რაც შეეხება „იზაბელას“ მას უკეთესი გემური თვისებები და არომატი გააჩნია.
ძალიან მინდა ვენახის გაშენება, მაგრამ ზემოხსენებულ პრობლემას უკვე სარწყავი წყლის პრობლემაც დაერთო. არადა, ვენახს ჩემი კუთხის ხალხისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს.
– როგორც ვიცი, დღესაც არის შემორჩენილი რიტუალი ვენახისთვის…
– დიახ, დღესაც არის შემორჩენილი ვენახისთვის მსხვერპლშეწირვის რიტუალი. ახალი წლის პირველ დღეს ოჯახის უფროსი მამა, ან პაპა, რომელიც იმ მომენტში ოჯახის უფროსად ითვლებოდა, შედიოდა ვენახში, ღვინის დოქით და ხონჩით. გვერდში ჰყავდა შვილიშვილი (რაღა თქმა უნდა, ბიჭი, გვარის გამგრძელებელი, რომელსაც, აგრეთვე რიტუალები უნდა ესწავლა და დაეცვა). წითელ „რაშ“(სულმთლად წითელ და დიდ მამალს, ჩვენთან „რაშ“ მამალს უწოდებენ დღესაც) მამალს აღმოსავლეთიდან პირველ ვაზს სამჯერ შემოატარებდა, დაუკლავდა, მამალს კუდს ამოაცლიდა და ჭიგოზე შეაბამდა (დღესაც ჭიგოებზეა ჩვენთან ვენახები, იშვიათად თუ შეგხვდათ მავთულზე), გასხლავდა იმ ვაზს, შეყელავდა, ჭიგოებს წყლის მაგივრად ღვინოს დაუსხამდა და ასე არჭობდა მიწაში (ანუ შესარავდა), შემდეგ თიხის ჯამში, ან ჰარაწიში ჩამოასხამდა ღვინოს და ვენახს ლოცავდა, რათა ბევრი ღვინო ჰქონოდა მარანში.ეს ქრისტიანობამდელი რიტუალი დღემდე შემოინახეს ადგილობრივმა ქართველებმა.
– კახისთავის სკოლა დაამთავრეთ… რა დაგამახსოვრდათ ამ სკოლიდან?
– კახის რაიონში 7 ქართული სკოლა და ერთიც ქართული სექტორია. როცა კახისთავიში მე ვსწავლობდი, 8-წლიანი ქართულენოვანი სკოლა იყო. მაგრამ ამავე სკოლაში აზერბაიჯანელი ბავშვები აზერბაიჯანულად სწავლობდნენ. გარკვეული დროის შემდეგ კახისთავში აშენდა აზერბაიჯანული სკოლა და აზერბაიჯანელი ბავშვები შესაბამისად იქ გადავიდნენ.
უამრავი რამ მახსოვს სკოლიდან. 5 წლის რომ ვიყავი, მშობლები კოლმეურნეობაში მუშაობდნენ, ჩემთვის ვის ეცალა. საბავშვო ბაღში არ დავდიოდი. ჩემი დები სკოლაში დადიოდნენ, უმცროსი პირველ კლასში სწავლობდა, მეც მასთან ერთად მივდიოდი სკოლაში და მასწავლებლებიც მიფერებდნენ. ვიჯექი ხოლმე ჩემს დასთან ერთად გაკვეთილებზე, როცა მომშივდებოდა, ამოვიღებდი პურს ჩემი დის ჩანთიდან და ვიწყებდი ჭამას. ისინი 7-წლისანი იყვნენ, მე კი – 5 წლის. ის ბავშვები ხომ ამ დროს მიყურებდნენ? ეტყობა მათაც უნდოდათ, მაგრამ მასწავლებელი ეუბნებოდათ, თქვენ გაჩერდითო, ამან უნდა ჭამოს, ეს პატარაა, თქვენ დიდები ხართ…
ზეპირად ვსწავლობდი დის კლასის პროგრამას. მეორე წელს მშობლებმა მეც მიმიყვანეს სკოლაში, ვინაიდან 6 წლისას არ იღებდნენ სკოლაში, საბუთების გაკეთება მოახერხეს და ასე დავჯექი პირველ კლასში. მაგრამ ჩემთვის საინტერესო აღარ იყო პირველი კლასის საპროგრამო მასალა. ასახსნელი თემები უკვე ვიცოდი, „მასწ, გარეთ გასვლა შეიძლება? – ნებრთვას ვთხოვდი მასწავლებელს, – გავდიოდი, დის კლასში შევდიოდი და ვჯდებოდი ისევ იქ. იქ მინდოდა… და ორი წლით ჩემზე უფროსი იყო, მაგრამ ერთი კლასით წინ სწავლობდა, რადგან მე ერთი წლით ადრე მივედი სკოლაში…
სკოლაში პიონერხელმძღვანელის თაოსნობით პიონერთა ოთახში თეატრალური წარმოდგენები, სკეტჩები იდგმებოდა. აგრეთვე ცეკვებიც… სკოლაში არსებობდა წრეები, რომ ქართულ კულტურასთან კავშირი გვქონოდა.
ერთხელაც მე და ჩემს დას, „ცანგალა და გოგონა“ უნდა გვეცეკვა. ეს ცეკვა ჩვენი ფანტაზიით უნდა წარმოგვესახა, მაშინ ქართულ ტელევიზიას მიღება არ ჰქონდა კახში, მოსკოვის არხზე თუ ვნახავდით ქართულ ცეკვას, სულ ეგ იყო.
მრცხვენოდა, არ მინდოდა ცეკვა, გავატარებდი ჩემს დას წინ, შევიდოდა პიონერთა ოთახში, მე უცებ შემოვტრიალებდი და გამოვრბოდი უკან, მომდევდა მთელი სკოლა, მიჭერდნენ და ხელი აყვანილი მოვყავდი უკან. ამის შემდეგ სხვა გზა არ მქონდა და ვცეკვავდი.
სხვა კარგი წუთებიც მახსოვს… მათემატიკის ოლიმპიადებზე დავდიოდით, ძალიან მიყვარდა სკოლის ბიბლიოთეკა. ზღაპრებს ვკითხულობდი. ეს ბიბლიოთეკა წაღმა-უკუღმა მქონდა გადატრიალებული. მახსოვს, ერთხელ რაიონის ბიბლიოთეკიდან წიგნიც კი მოვიპარე. თან ვიცოდი, რომ წიგნის ქურდი ქურდი არ იყო და არ ვღელავდი.
კარნახი მიყვარდა ძალიან. გაკვეთილებზე დავჯდებოდი და ვკარნახობდი, მასწავლებლებსაც ეტყობა აწყობდათ, იმ ოროსანსაც ხომ უნდა მიეღო ნიშანი და არაფერს მეუბნებოდნენ. ვკარნახობ ხმამაღლა, მასწავლებელს, რა თქმა უნდა, „არ ესმის“, ვისაც ვკარნახობ, იმას ესმის და ნიშანს იღებს.
ერთხელაც, მე-10 კლასში, ქართულის მასწავლებლად ელიკო ჯიქიძე დაგვინიშნეს, საქართველოდან, კერძოდ, პატარძეულიდან გახლდათ. ჩვენი კუთხის შვილის, ისტორიის მასწავლებლის, ლავრენტი ფოლადაშვილის მეუღლე გახლდათ. მე ვზივარ ჩემთვის ჩვეულ პოზაში და ვკარნახობ. ელიკო მასწავლებელმა ჯერ ცერად შემომხედა, შემდეგ მითხრა, ადექი ფეხზეო. ავიზლაზნე. არ მომეწონა მისი ტონი, მივხვდი, ცუდი დღე დამადგებოდა. შენ ვინა ხარო? ზურაბი ვარ-მეთქი, მერე რა, რომ ზურაბი ხარო…. ამ მერეზე ერთ ერთ გოგონას გაეცინა, შენ ადექი, ქალო, ამის ავთანდილობაზე გეცინება? აღარ დავინახო შენი კარნახი, თორემ ორიანს მოგარტყამ და გაგიშვებო. იმის მერე აღარ მიკარნახია ქართულზე. მიუხედავად ამისა ძალიან ვუყვარდი და მაფასებდა. ძალიან მაფასებდა.
ერთხელაც მოხდა ასეთი რამ, ჩვენთან საქართველოს სკოლიდან ჩამოვიდნენ და ქართული ენის გაკვეთილზე დაგვესწრნენ. ეს ის პერიოდია „დიდოსტატის მარჯვენას“ გავდივართ პროგრამით. მოაყოლა მოსწავლეებს გაკვეთილი იქამდე, სანამდეც გვქონდა, შემდეგ გამიძახა მე, გააგრძელე თხრობაა. გამიკვირდა, ვიფიქრე შეეშალა- მეთქი, თუმცა წინასწარ მქონდა წაკითხული და ვიცოდი მომდევნო თავებიც.
მას მერე 25 წელი გავიდა. ეკლესიის ეზოში ელიკო მასწავლებელს შევხვდი. მივესალმე, მოვიკითხე … უცებ მეუბნება: გახსოვს, ჩემ მაგიერ გაკვეთილი რომ აგახსნევინე? მაშინ მინდოდა, მენახვებინა, როგორი ნიჭიერი იყავიო. გავვოცდი, მე მეგონა დაავიწყდა, სადამდე გვქონდა გაკვეთილი, მას კი თურმე რა უფიქრია, ან აქამდე როგორ ახსოვდა? ასეთი კარგი დღეებიც იყო.
– სტუდენტობა. როგორ აირჩიეთ პროფესია?
– თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში ვაბარებდი, ძალიან მინდოდა ექიმობა.
– რატომ?
– გამორიცხულია, ვინმეს უჭირდეს და არ დავეხმარო. შინაგანი მოთხოვნილება მქონდა, რომ ადამიანებისთვის მემკურნალა. მაგრამ ეს ის პერიოდი იყო, როცა შეუძლებელი იყო, შეგეღწია სამედიცინოზე ყოველგვარი დახმარების გარეშე. ლიმიტები იყო, ჩვენს კუთხეზე, იმ ლიმიტს გასაუბრებაზე რომ ავიღებდი, მერე იკარგებოდა. რადგან ვერ მოვხვდი სამედიცინოზე, იძულებული გავხდი, მაპროფილებელი საგნების გამო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ჩამებარებინა. ასე დავამთავრე მებაღე- მევენახეობისა და ტექნოლოგიის ფაკულტეტი.
პირველ კურსზე დავქორწინდი. მეუღლე ექიმია, კახიდან არის… ასე რომ, შემოვლითი რეალიზება მოვახდინე (იცინის)… სახლში ექიმი შევიყვანე. 1986 წლის 6-7 სექტემბერს ქორწილი მქონდა, პირველი კურსი დავხურე, 1987-ში პირველი ვაჟი შემეძინა, 1989-ში – მეორე ვაჟი, ეს ორი ბიჭი და ერთი შვილიშვილი – გოგონა მყავს.
– თქვენ კარგად მღერით… 1988-2000 წლებში ქართული ხალხური ანსამბლ „კახის შვიდკაცას“ წევრი იყავით…
– საერთოდ ჯიში მოგვდგამს, ქართული სიმღერები ტრადიციულ ოჯახებს მოყვებოდა. პაპები მღეროდნენ, მამაჩემი ძალიან კარგი მოძახილი იყო. ოღონდ ქართული სიმღერა იმ პერიოდისთვის „ხელმიუწვდომელი“ იყო, იშვიათი გამონაკლისების გარდა. მამაჩემი მღეროდა, „ლეკებმა რომ მომიტაცეს“, „ავთანდილ გადინადირა“… ქალები მღეროდნენ ე.წ. „ბუზიკანზე“ „შირაქში ერთმა მეცხვარემ“ , „სამ შალახო“ … მღეროდნენ აგრეთვე საეკლესიო საგალობლებს.
მე-20 საუკუნის 80-ან წლებში საქართველოდან კახში გია კალანდაძე ჩამოვიდა და ადგილობრივ საქორწინო ანსამბლების მომღერალ ვაჟების ბაზისზე ჩამოაყალიბა ქართული ხალხური სიმღერების თვითმოქმედი ანსამბლი „შვიდკაცა“. 1988 წლიდან ვიყავი ანსამბლის წევრი. ანსამბლის წევრები მშობლიური ქართული სიმღერით და მუსიკით ვემსახურებოდით საკუთარ ხალხს. ანსამბლმა მრავალ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, როგორც აზერბაიჯანში, ისე საქართველოში, მათ შორის, აზერაიჯანის კულტურის სამინისტროს მიერ სამჯერ ვიყავით მიწვეულები აზერბაჯანის პრეზიდენტის ინაუგურაციისადმი მიძღვნილ გალაკონცერტში მონაწილეობის მისაღებად.
შვიდკაცას მერე „ლაზარეც“ ჩამოყალიბდა, „შვიდკაცას“ მესამე თაობაა ანსამბლი „ჰერულა“, რომლებიც სიმღერებს პროფესიულ დონეზე ასრულებენ.
– ანსამბლს თქვენი შვილი ვასილ პაპიაშვილი ხელმძღვანელობს…
– არც ჩემს შვილს აქვს პროფესიული განათლება, მაგრამ იდეალური სმენა და პრაქტიკული გამოცდილება აქვს. როდესაც საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გამოაცხადა კონკურსი, ქართული ხალხური სიმღერისა და საშობაო საგალობლების საუკეთესო შემსრულებლის გამოსავლენად, „სოციალური ქსელის გამარჯვებულის“ წოდება მოიპოვა ჰერეთის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ჰერულამ“.
მათ კონკურსზე „ჰერული მრავალჟამიერი“ შეასრულეს… მაგრამ 5 წელია ანსამბლი არსებობს და ერთი დისკი ვერ ჩაწერეს. არსაიდან დახმარება, ანსამბლს გვერდში არავინ დაუდგა, არც მეცენატი, არც ოფიციალური სტრუქტურები. ერთი დისკი ვერ ჩაწერეს, ეს ერთადერთი მოქმედი ანსამბლია იმ კუთხეში და, უპირველეს ყოვლისა, ხელშეწყობა სწორედ აქედან, საქართველოდან უნდა იყოს. მშვენიერი ანსამბლია. საქართველოში რამდენ საქველმოქმედო კონცერტში მიიღეს მონაწილეობა, ეკლესიის ასაშენებლად, სკოლების დასახმარებლად, მოხუცთა სახლებისთვის, არსად უარი არ უთქვამთ, საკუთარი ხარჯებით მიდიოდნენ მონაწილეობის მისაღებად.
ერთი ოფისი ვერ მოეწყო, რომ სტუდიასავით გააკეთონ და თავიანთი სარეპეტიციო ადგილი ჰქონდეთ თბილისში. კულტურის სამინისტროს მიმართავ და ფინანსები არ არის ბიუჯეტშიო. მილიონებად ჩამოჰყავთ ვიღაცები და ამღერებენ. ნამდვილად ბედის ირონიაა… რა გახდა ბოლო-ბოლო, ხომ შეიძლება ვინმე გამოინახოს და გვერდში დაუდგეს ბიჭებს.
ენთუზიაზმით საქმე არ კეთდება, ფინანსები წყვეტს საქმეს.
– მიმართეს საქართველოს კულტურის სამინისტროს?
– მიმართეს ბიჭებმა ანსამბლის სახელით, არაერთგზის. ყურების დახუჭვა აქ იციან, მშვენივრად ხუჭავენ ყურებს. ამდენი მილიონერი და მილიარდერია საქართველოში, ერთი ადამიანი როგორ ვერ მოიძებნა, რა მოხდება, ერთი კვირა არ იქეიფოს იმ რესტორანში, ხომ შეიძლება პატარა მეცენატური აზროვნება ჰქონდეს, გასცეს რაღაც, გვერდში დაუდგეს. ამაზე ძალიან დამწყდა გული, რამდენი არ ვეცადე, კონკრეტულად ვერაფრით ვერ მივაღწიე ვერაფერს, ვერსად.. რომელიმე ბიზნესმენს რომ შევხვდე და მოველაპარაკო, ეგებ მივახვედრო, მაგრამ როგორ უნდა შევხვდე, არავინ არსად არ მიგიშვებს?…
– როგორ ცხოვრობენ ადგილობრივი ქართველები? რამდენად სათანადო ცოდნას აძლევს მათ იქაური სკოლები?
– ყველაზე დიდი უბედურებაა, როცა ცხოვრობ ქვეყანაში და მისი სახელმწიფო ენა სათანადოდ არ იცი. აზერბაიჯანის აბორიგენი ქართველები ქართულენოვან სკოლებში იღებენ განათლებას, სადაც სწავლება ნაკლებად მოდის შესაბამისობაში საქართველოს განათლების პროგრამასთან, შემდეგ აგრძელებენ სწავლას თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში. შედეგად მათ უჩნდებათ პრობლემები საჯარო სამსახურის მოძიებაში. ეს ბუნებრივიცაა. ენის არცოდნა ხელს უშლის ადგილობრივ ქართველებს, მოხვდნენ სახელმწიფო სამსახურებში.
ჩვენი კუთხის ხალხმა, საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებმა ქართველებმა მშობლიურთან ერთად იმ ქვეყნის ენაზე უნდა ისწავლონ, ისე დაეუფლონ ენას, როგორც ადგილობრივი მკვიდრნი საუბრობენ. აზერბაჯანული ენა დღეს ჩვენი კუთხის ყველა ქართველმა ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რადგანაც სახელმწიფო ენაა. ამიტომ უნდა ისწავლოს, გამოიყენოს და პატივი სცეს.
როცა არ იცი ენა, როგორ უნდა წაიკითხო კანონი ან როგორ უნდა დაიცვა თავი?
გიორგი წერეთელი ამბობდა:
„უნდა იცოდე წყლის ენა,
უნდა იცოდე ტყის ენა,
უნდა იცოდე ქვის ენა,
უნდა იცოდე ძმის ენა,
თუ დედაენას დაჰკარგავ
ჰგავხარ ბურჯმოცლილ ნაციხარს,
რამდენ ენასაც ისწავლი,
თურმე იმდენი კაცი ხარ“…
ჰოდა, ვიცოდეთ ეს დედაენა, არ დავკარგოთ, მაგრამ არც ის დავივიწყოთ, რომ, რამდენ ენასაც ვისწავლით, იმდენი კაცი ვიქნებით.
ამიტომ ვისაც ქართული ცნობიერება აქვს, ცივილიზებულ დონეზე უნდა ჰქონდეთ თავიანთი კულტურის მიღების და რეალიზების საშუალება იქ, რათა შეინარჩუნონ იდენტურობა, მიიღებენ ამ განათლებას ქართულად? ძალიან კარგია. მიიღებენ აზერბაიჯანულად განათლებას? ეს პრობლემა არ უნდა იყოს, პირიქით, უნდა იცოდნენ და აუცილებელია იმ ქვეყნის ენის ცოდნა, სადაც ცხოვრობენ.
– 2014 წლის 1-ელი სექტემბრიდან ძალაში შევიდა ახალი კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“. ამ კანონმა პრობლემები შეუქმნა საინგილოს (ჰერეთის) მკვიდრთ…
– დიახ. ზემოაღნიშნულიდან ნათელია, რომ აზერბაიჯანის ქართველებს მხოლოდ საქართველოში შეუძლიათ უმაღლესი განათლების მიღება. აღნიშნული კანონი კი ითვალისწინებდა რომ მოქალაქეობის არმქონე პირი 90 დღე საქართველოში ყოფნის შემდეგ, შემდგომი 90 დღე აღარ ყოფილიყო საქართველოში. ან უნდა მიეღო „თანამომემამულისა“ და „მობინადრის“ სტატუსი შესაბამისი ანაზღაურების საფუძველზე. პარალელურად საქართველოს ბანკებში დეპოზიტზე უნდა ჰქონოდა კანონით განსაზღვრული რაოდენობის თანხა. წარმოიდგინეთ ახლა რა რთული სიტუაციაში აღმოჩნდა ისედაც გაჭირვებული ქართველობა და მათი სტუდენტი შვილები.
უცხო ქვეყნის მოქალაქე რომ ხარ და საქართველოში დარჩენის უფლება რომ გქონოდა, ფული უნდა გადაგეხადა. ერთი წელიწადი წაართვეს ფული ჩემს საცოდავ ხალხს. იუსტიციის სამინისტროს მივმართეთ. მიგვიღო მინისტრმა, მოგვისმინა და გამოვასწორებთ ამ ყველაფერსო – დაგვპირდა. დეპოზიტზე თანხა გააუქმეს, თანამემამულის და მობინადრის სტატუსის მინიჭება მინიმალურ თანხამდე დაიყვანეს (თითოეული -50 ლარი), ერთი წლის შემდეგ კანონი გააუქმეს.
იცით, ყველაზე საწყენი ის არის, რომ შენი საქართველო, შენი სახელმწიფო აკეთებს ამას.
ყველაზე ძნელი შინაურ მტერთან ბრძოლაა. ის ადამიანი, ქართველად რომ დარჩენილიყო, ოთხ საუკუნეზე მეტი გაწვალდა ათმაგად, ასმაგად… კიდევ აქეთ ჩაგრავ?…
კანონს თუ იღებ, მათ შორის ქართველთათვის გააკეთე შეღავათი. ის ხომ ეთნიკური ქართველია, რომელიც ისტორიული ბედუკუღმართობის გამო სხვა ქვეყანაში აღმოჩნდა. შენ მერე კიდევ ფულს ახდევინებ სამშობლოში შემოსვლაზე?
იმ პერიოდში ასეთი ლექსი დავწერე:
ხემ დაიჩივლა, ცული რას დამაკლებდა, ტარად ჩემი ძმა რომ არ მყოლოდაო…
ჩვენ აღვუდექით ძალმომრეობებს,
და გავუძელით საუკუნეებს,
მოგვიხაროდა შენკენ ნამეხარს,
ტანჯვით ვითმენდით იმ უკუნ დღეებს…
შენ დედა იყავ, შენკენ ველტვოდი,
სხვა შვილებივით, მსურდა ალერსი,
შენ არც კი იცი, ერთგულებისთვის
როგორ ვიმკიდი მახვილს, ალესილს.
შენ დედა იყავ და დამივიწყე,
რადგან არ ვიყავ ბედის რჩეული,
მიტომ ვერ მიხვდი, რომ ერთგულებით
ვიყავ ქართველი გამორჩეული…
და შენ ქართველო, ძმა რომ ხარ ჩემი,
და შენს ძარღვში რომ სისხლი დის ჩემი,
და შენს მკერდში რომ გული ძგერს ჩემი
და შენს თვალში რომ ცრემლი კრთის ჩემი…
თუ ძმა ხარ, ძმობის ფასი ისწავლე,
თუ ძმა ხარ, მითხარ, რა დაგიშავე?
თუ ძმა ხარ, ხელი გამომიწოდე,
თუ ძმა ხარ, გული გადამიშალე.
მედიდგულები, მეპყრობი ცივად
მიმეტებ, თითქოს ვალი მაქვს შენი,
მიტოვებულის, მარტოდ შთენილის,
რა იცი ფასი შენ გადარჩენის?
რა იცი ფასი გაუტეხლობის,
რა იცი ფასი ცრემლთა სანთელის,
დაიბადე და დაგყვა სახელი,
დაგყვა სახელი მუქთად, ქართველის.
მიტომ, ქართველო! რომ ხარ ქართველი,
პატივი ეცი სხვა ერთგულ გულებს,
უცხო ქვეყნებად ქცეულ სამშობლოს
დარაჯად მდგომებს, არ გაყიდულებს.
კვლავ აღვუდგებით ძალმომრეობას,
გავუმკლავდებით საუკუნეებს,
გულით ვატარებთ ჩვენ ქართველობას,
ბევრს მოვინელებთ სხვა უკუნ დღეებს.
ვფიქრობ, ისტორიული დიასპორების წარმომადგენელ ქართველებს უნდა ჰქონდეთ უფლებები საქართველოში. უნდა ჰქონდეთ მოქალაქეობა, აქ დარჩენის, მუშაობის უფლება.
ბუნებრივი პროცესია, ადამიანი საკუთარი კულტურისკენ მიილტვის, როგორც შვილი დედისკენ. ამიტომ მათ უნდა ჰქონდეთ ეს ყველაფერი.
ჩვენ აბორიგენი მოსახლეობა, ისტორიული დიასპორა ვართ, არსაიდან არ ჩავსახლებულვართ იქ.
ვერ მოვუწონებ საქციელს იმ ადამიანებს, აზერბაიჯანში რომ ჩამოდიან და დროშებს რომ აფრიალებენ, მერე წამოვლენ და ადგილობრივი ხალხი იქ რჩება. არ გვინდა ისეთი ქმედება, რომელიც არანაირ შედეგს არ მოიტანს. არ უნდა გადაიდგას ის ნაბიჯი, რომელიც დააზარალებს ურთიერთობებს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის.
– შეიმჩნევა ტენდენცია, რომ ისტორიული ჰერეთი ცარიელდება, ქართველები მასობრივად აქეთ მოდიან?
– წამომსვლელი მოდის, ახალგაზრდობა, ვინც აქეთ ისწავლა, აქ რჩება. იქ დაბრუნება აღარავის უნდა.
საქართველოდან ყველა წამოვიდა თბილისში და რა გასაკვირია, აზერბაიჯანიდანაც წამოსულიყვნენ? ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს თავის ქვეყანაზე. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ადამიანის კეთილდღეობაზე და შეძლოს, მოსახლეობა დაამაგროს სოფლებში, შეიმუშაოს სათანადო პროგრამა სოფლის მეურნეობის აღორძინებისა და განახორციელოს იგი, რათა არ დაცარიელდეს სოფლები. ამაში თავად ქართველებმაც უნდა დავიდოთ ლომის წილი. ჩვენ ძალიან უცნაური ხალხი ვართ, იტყვის ვინმე ცუდს საქართველოზე და ქართველზე, მაშინვე ავყვებით და უარესად ვაგინებთ. მე არასდროს არ ვაძლევ უფლებას ჩემ ირგვლივ არავის, ქართველზე და საქართველოზე ცუდი თქვას. საქართველოზე აუგის მთქმელი თვითონაა ცუდი. საქართველო – ყველა ქართველის სამშობლოს სახელია. როგორ შეიძლება საქართველო იყოს ცუდი?
– რამდენიმე წიგნის ავტორი ხართ? როდის დაიწყეთ წერა?
– ბავშვობიდან ვწერდი ჩემთვის, კაფიებს, ხუმრობებს, მაგრამ სერიოზულად დიდხანს არ აღვიქვამდი ამ ყველაფერს. შემდგომ შეხედულებები შევიცვალე და ერთ მშვენიერ დღეს გამოვეცი ლექსების კრებული „ჰერული სიზმრები“, შემდეგ მოთხრობებისა და ლექსები კრებული: „ფესვების ძახილი“. მესამე წიგნს, ლექსების კრებულს – „შენით და შენთვის“ ჰქვია.
თავიდან, ბავშვობაში, როგორც თითქმის ყველა, სიყვარულზე ვწერდი. ის ლექსები პრაქტიკულად აღარ არსებობს. შემდეგ პატრიოტიზმმა იძალა. ახლა თემატიკა მრავალფეროვანია. რობაი, მაჯამები, რომანტიკა, კურიოზები… ერთი სიტყვით -სხვადასხვა…
ახლო მომავალში ვაპირებ გამოვცე მორიგი წიგნი და ამ ყველაფერს ერთად მოვუყარო თავი, ვფიქრობ წიგნსაც, შესაბამისად ერქმევა „სხვადასხვა“.
თამარ შაიშმელაშვილი