კოლუმბიაში მიმდინარე 17 წლამდე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან, 71 კგ წონით კატეგორიაში, დავით კილაძემ ბრწყინვალედ იასპარეზა.
ძალოსანმა პლანეტის პირველობაზე, მთავარი მწვრთნელის — ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით, ატაცში 126 კგ დაძლია, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და მსოფლიო პრიზიორობა იზეიმა.
კილაძემ აკვრაში დაძლეული 153 კილოგრამით ოქროს მედლის მოპოვება შეძლო და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული გაინაღდა. ძალოსანმა კიდევ ერთი ოქროს მედალი ორჭიდში მოგროვილი 279 კილოგრამითაც მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორედ იზეიმა.
დავით კილაძემ საქართველოს რეკორდების დამყარებაც შეძლო — ძალოსანმა ატაცში ქვეყნის სარეკორდო ზღვარი 4 კილოგრამით გაზარდა, აკვრასა და ორჭიდში კი რეკორდი 2 და 8 კილოგრამით გააუმჯობესა.