პროფესიული არჩევანი იმ ნიშნით გააკეთა, რომ სილამაზის სტანდარტებზე გარკვეული წარმოდგენა აქვს. ხატავს ბავშვობიდან და მის მიერ შექმნილი სამყარო განსხვავებული და ლაღია. საუბარია, პროფესიონალ სტომატოლოგსა და თვითნასწავლ, ნიჭიერ მხატვარზე, ეკა გელუტაშვილზე. როგორც ექიმი, საკმაოდ რეალიზებულია. თუმცა, ასე თვლის მხატვარი რომ გამხდარიყო, გაცილებით უფრო თავისუფალი და გახსნილი პიროვნება იქნებოდა…
– დიახ, ასეც იყო… ჩემს შემთხვევაში, პროფესიული არჩევანი ოჯახურმა ტრადიციამ განაპირობა. ბებია რესპუბლიკის დამსახურებული სტომატოლოგი მყავდა. რაიონის მთავარ სტომატოლოგს კაბინეტი სახლშიც ჰქონდა. მის საქმიანობას ყოველ დღე ვაკვირდებოდი. ის სამუშაო გარემო ჩემთვის იმდენად ახლობელი გახდა, რომ ასეთი პროფესიული არჩევანი გავაკეთე.
– თუმცა მოლბერტი უფრო გიზიდავდათ…
– დიახ, ჩემი გულის ძახილი და ყველაზე საყვარელი საქმიანობა მაინც ხატვა იყო. ხატვაზე არასოდეს მივლია, მაგრამ ხელში სულ ფანქარი და ფუნჯი მეჭირა. მახსოვს, მისაღები გამოცდის დროს, ფიზიკისა და ქიმიის სახელმძღვანელო მქონდა საწერ მაგიდაზე, რომლის უჯრაშიც სახატავი რვეული და ფანქარი მედო. როცა მეცადინეობა გადამღლიდა, უჯრიდან რვეულს ამოვაძვრენდი და ხატვას ვიწყებდი…
– ვფიქრობ, საერთო მაინც აქვს ამ ორ პროფესიას…
– მეც ასე ვფიქრობ. ამიტომ იყო, რომ თავიდან ესთეტიკური მედიცინისკენ ვიხრებოდი. ძალიან მიყვარდა რესტავრაცია და წინა კბილებზე მუშაობა. სხვათა შორის, ადამიანის სახე ლამაზი და ჰარმონიული რომ იყოს, კბილების განლაგებაც შესაბამისი უნდა ჰქონდეს და ჩვენც სწორედ ამაზე ვზრუნავთ.
– პორტრეტების ხატვაც ამიტომ გიყვართ?
– შეიძლება… ძალიან მიყვარს ადამიანებზე დაკვირვება და პორტრეტების ხატვა. უცნაურია, ვინმე თუ მთხოვს დამხატეო, შეიძლება ძალიან ლამაზი იყოს, მაგრამ გვერდზე ამ დროს გაცილებით საინტერესო “დასახატავი” სახე აღმოვაჩინო და მისი დახატვა მომინდეს. პორტრეტების გარდა, ვთვლი, რომ ჩემი შექმნილი კონცეპტ არტ ნამუშევრებიც საინტერესო და არასტანდარტულია, რადგან მასალები ჟურნალებშიც მიძებნია.
– ყველაზე ხშირად რა რჩევას აძლევთ პაციენტებს?
– როგორც სტომატოლოგი სტანდარტულ რჩევას მივცემ: მეტი ყურადღებით მოეკიდონ ჰიგიენას და პროფილაქტიკას. დღეს მედიცინა შორს წავიდა და კბილების წმენდას ჩვენს კლინიკაშიც უახლესი აპარატურით ვახორციელებთ.
– ალბათ სტომატოლოგის კაბინეტში სახალისო ამბებიც ხდება…
– ასეთი უცნაური და სახალისო ამბავი მახსენდება იმ დროიდან, როცა ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა. მაშინ კლინიკაში რენტგენი არ გვქონდა, ამიტომ პაციენტს კბილის სურათი სხვაგან უნდა გადაეღო და მოეტანა. შეიძლება არ დაიჯეროთ, მან საპასპორტო 3/4 -ზე გადაღებული ფოტო მომართვა, ამ შემთხვევაზე დღემდე მეცინება.
– მხატვარი რომ გავმხდარიყავი, ისევ ის ვიქნებოდი, ვინც სინამდვილეში ვარ – თავისუფალი და გახსნილი. ჩემი პროფესია გარკვეულ ჩარჩოებს ითხოვს, თავისუფლების კოეფიციენტი კი იმდენად მაღალია… პროფესიული აღვირი, ალბათ იმისთვის იყო საჭირო, რომ ასტრალში არ გავჭრილიყავი., თანაც, ჰოროსკოპით ცეცხლოვანი ცხენი ვარ..
– ოპტიმიზმი აუცილებელი თვისებაა ორივე პროფესიის შემთხვევაში…
– მიუხედავად ბევრი ცხოვრებისეული გამოწვევისა, ნამდვილად ოპტიმისტი ვარ. მჯერა, რომ ადამიანს უკეთესი მომავლის რწმენა მუდამ უნდა ჰქონდეს. მიყვარს სიახლეები და ცვლილებები. რთულ პერიოდში მიფიქრია, რომ ეს სირთულე ალბათ იმისთვის მომეცა, რომ რაღაც მესწავლა. ცხოვრება მშვენიერია – ასეთი შეგრძნება ყველაზე მძიმე წუთებშიც მქონდა. ვინც ღმერთს უყვარს, მას გასაძლიერებლად განსაცდელსაც უგზავნის. მთავარია, სიყვარულის უნარი არ დავკარგოთ…
თეონა გოგნიაშვილი