ხარების დღესასწაულზე ირაკლი ფარჯიანის გამოფენა – „იდუმალი სხივი“ გაიხსნება

7 აპრილს, 18:00 – 20:00, ხარების დღესასწაულზე,  ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში  ირაკლი ფარჯიანის გამოფენა – „იდუმალი სხივი“ გაიხსნება და მაისის ბოლომდე გაგრძელდება.
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის ინფორმაციით,  ექსპოზიციაზე პირველად გამოდის მუზეუმის ფონდიდან ირაკლი ფარჯიანის უმნიშვნელოვანესი ხუთი ნამუშევარი, მათ შორის განსაკუთრებულია მასშტაბური ზომის „ხარება.“
გამოფენაზე წარმოდგენილია იშვიათი ნამუშევრები მხატვრის ოჯახის მემკვიდრეობიდან, ასევე დიდი ნაწილი ეკუთვნის ირაკლის მეგობარს და კოლექციონერს, არჩილ დარჩიას. ექსპოზიციაზეა გამოტანილი თამარ ხუნდაძის და ნაირა გელაშვილის უნიკალური პორტრეტებიც.
სელექცია ქრონოლოგიური პრინციპით აგებს თხრობას, რაც გულისხმობს 1970-იანი წლების ბოლოდან მხატვრის გარდაცვალებამდე (1991) განვლილ გზას.
„ირაკლი ფარჯიანს ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის პერმანენტულ კოლექციაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მხატვრის ყველაზე დიდი მემკვიდრეობა სწორედ ჩვენს მუზეუმშია დაცული – მესამე სართულზე მას ცალკე დარბაზი ეთმობა.
ირაკლი ფარჯიანის მასშტაბური დროებითი გამოფენა აქამდე მუზეუმში რამდენჯერმე დაიგეგმა და გადაიდო, პირველად პანდემიის დროს, როდესაც მხატვარს 70 წელი უსრულდებოდა, თუმცა მაშინ მუზეუმის მხრიდან ჩატარდა კვლევა მხატვრის შესახებ, რომლის კონცეპტუალური გაგრძელება სწორედ ეს ექსპოზიციაა.
2020 წელს ფარჯიანის პორტრეტების მხოლოდ ვირტუალური გამოფენა გახდა შესაძლებელი, რომელიც ნინია ახვლედიანის პროექტის „მუზეუმი სახლიდან“ ფარგლებში მერიის მხარდაჭერით მომზადდა.
ირაკლი ფარჯიანის გამოფენა „იდუმალი სხივი“ თანამედროვე ქართულ სახვით ხელოვნებაში გარდამტეხი ფიგურის მრავალშრიან შემოქმედებას წარმოაჩენს. კონსტანტინე ბოლქვაძის საკურატორო თხრობა აგებულია ფარჯიანის ერთგვარ ვიზუალურ თარგმანზე, სადაც მკაფიოდ იკვეთება ფარჯიანის აქტუალობა ჩვენს თანამედროვეობაში. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია არტისტის ხისგან კვეთილი ქანდაკებები, გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები. ხელოვანი თანაბრად ნაყოფიერი და მრავალმხრივი იყო სტილურ-ჟანრული თუ მედიუმების თვალსაზრისით.
ფარჯიანის მხატვრულ სამყაროს, სულის ბიოგრაფიასა და ზოგად ხელწერას ყველაზე მკაფიოდ აღწერს სიტყვა იდუმალი; მასთან იდუმალია ყველა და ყველაფერი – ადამიანები, მცენარეები, ბიბლიურ-მითოლოგიური თუ სხვადასხვა კულტურული სიუჟეტი, განათება, გარემოება, მიზანსცენა, ფსიქეა…
ირაკლი ფარჯიანი დაიბადა მესტიაში, 1950 წლის 22 მაისს. ბავშვობიდან ხატავდა, სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე. 1971 წელს შეუერთდა თბილისის ანთროპოსოფისტთა წრეს (ჯარჯი ბალანჩივაძე, ირაკლი რამიშვილი).
ხელოვანის შემოქმედებაში მნიშვნელოვანია შემდეგი სერიული ნამუშევრები: „შეხვედრების ციკლი“ (1977), „მარკოზის სახარება“ (1979), „ლუკას სახარება“ (1991), „იოანეს სახარება“ (1979), ოდისეის ციკლი, ადამი და ევას, ხარების, ჯვარცმის, „ფაუსტის“ სერიები (1986), „მეტაფიზიკური ლანდშაფტი.“
1986 წელს მეგობრების მიწვევით მიემგზავრება აღმოსავლეთ გერმანიაში მეუღლესთან ერთად. 1990 წელს იფინება ბერლინში. ამ პერიოდში ფარჯიანი ქმნის მასშტაბურ ტილოებს „ ბერლინის ციკლის“ სახელწოდებით და ხდება მოწმე ბერლინის კედლის დანგრევისა.
მხატვარი 1991 წლის 22 დეკემბერს 41 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, გარდაიცვალა, სწორედ იმ დღეებში, როცა სამოქალაქო ომის დროს თბილისში „მხატვრის სახლი“ დაიწვა, მასში კი ირაკლი ფარჯიანის ტილო.
ფარჯიანი მიეკუთვნება 1980-იანელთა თაობას, თუმცა იგი მკვეთრად განსხვავებულია თანამედროვეთაგან უკიდურესი სუბიექტივიზმით. ხელოვანი ახდენს მე-20 საუკუნის ქართული სახვითი ხელოვნების ლიბერალიზაციას  კოლექტივისტური ცნობიერებისგან“, – ნათქვამია მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი ფარჯიანი