საქართველო Manhattan International Piano Competition-ის მონაწილე გახდა

მანჰეტენის მუსიკისა და ხელოვნების ფონდის The Manhattan Music and Arts Foundation ორგანიზებით, რომელიც მსოფლიოში სახელგანთქმული პიანისტის ლანგ ლანგის სახელს უკავშირდება, ნიუ-იორკში ყოველწლიურად ტარდება ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი. წელს, პირველად, საქართველოც ჩაერთო შესარჩევ რეგიონალურ ტურებში.
2026 წლის Manhattan International Piano Competition-ის თბილისის რეგიონალური ტურის მხარდამჭერია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, რაც ხაზს უსვამს ამ საერთაშორისო ღონისძიების როგორც მხატვრულ, ისე საგანმანათლებლო მნიშვნელობას.
კონკურსი ტარდება 2 ასაკობრივ კატეგორიაში:
  • ,,Junior“ კატეგორია: ასაკი 8 – 12 წელი;
  • ,,Senior“ კატეგორია: ასაკი 13–17 წელი;
  • პროფესიონალთა კატეგორია: ასაკი 18 – 35 წელი;
ჟიურის წევრები არიან:
პიანისტი, კონსერვატორიის რექტორი, პროფესორი გიორგი ვაჩნაძე;
პიანისტი, პროფესორი კიომი სუგიმურა, (იაპონია, აშშ);
კონკურსის თანადამფუძნებელი პიანისტი, პედაგოგი, ქალბატონი ჯანგ იუნ ჰონგი ( სამხრეთ კორეა, აშშ)
2026 წლის მარტში ჟიურის წევრებმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს ბათუმში, ქუთაისში, თბილისში. წინასწარი შერჩევა მოხდა ვიდეოჩანაწერების მეშვეობით. შეირჩა 16 მონაწილე ბათუმიდან, ქუთაისიდან, გორიდან, რუსთავიდან და თბილისიდან, ხოლო შერჩეული 16 მონაწილიდან 3 აპრილს საკონკურსო მოსმენაზე, რომელიც გაიმართება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში, აშშ-ში გასამგზავრებლად შეირჩევა 9 მონაწილე. თითო ასაკობრივ კატეგორიაში 3 კონკურსანტი.
თბილისის რეგიონალური ტურის შერჩეული გამარჯვებულები მიწვეულნი იქნებიან ნიუ-იორკში, რათა მონაწილეობა მიიღონ Manhattan Final Round-სა და Manhattan PianoFest-ში — მრავალდღიან საერთაშორისო ფესტივალში, რომელიც მოიცავს მაღალი დონის სოლო კონცერტებს, მასტერკლასებს მსოფლიო დონის პედაგოგებთან, ერთობლივ კულტურულ გაცვლით ღონისძიებებს, გამარჯვებულთა კონცერტს ნიუ-იორკში.
თბილისის რეგიონალური ტური მოიცავს ოფიციალურ დაჯილდოების ცერემონიას და გადარჩეულ მონაწილეთა კონცერტს, სადაც თითოეულ კატეგორიაში გამორჩეული მონაწილეები წარდგებიან აუდიტორიის წინაშე.
გაიცემა I, II, III ადგილის პრიზები, ასევე საპატიო სიგელები და სპეციალური პრიზები.
დაჯილდოება და კონცერტი გაიმართება 4 აპრილს 17:00 საათზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში.
დასწრება თავისუფალია.