“დრო ჩერდება და რჩება სიჩუმეში გაყინული წამი, რომელიც ყველაფერს ჰყვება“ – შესაძლოა, ეს ფრაზა ფოტოგრაფიის მისეული განსაზღვრა იყოს. საუბარია გიორგი ჩეკურიშვილზე, რომელიც პროფესიონალი ფოტოგრაფი, ვიდეოგრაფი, დრონის პილოტი, ჟურნალისტი, მარკეტერი და ლექტორია.
მისი ფოტოები მარტო ლამაზი კადრები არ არის, მათში ყოველთვის გარკვეული სიმბოლური აზრია ჩადებული. ბევრისგან განსხვავებით, თავის ფოტოებს ურთავს ისტორიებსაც, რაც მათ უფრო საინტერესოს ხდის. ბევრს მოგზაურობს და ამ ვოიაჟების ფოტო ისტორიებით, ერთგვარად, გიდის ფუნქციასაც ასრულებს. აქვე გეტყვით, რომ ის არა ერთი ფოტოკონკურსის გამარჯვებულიცაა.
– ეს ჩემს პირველ სამსახურში, მედიასააგენტო „კახეთის ხმაში“ მოხდა, როდესაც გავაცნობიერე, რომ ისტორიების თხრობა, წერის გარდა, ობიექტივის საშუალებითაც შემეძლო. კამერასთან ჩემი სერიოზული ურთიერთობაც 13 წლის წინ დაიწყო. მას შემდეგ ჩემი მიზანია, რომ საკუთარი თვალით დანახული სამყაროს მატიანე შევქმნა და საზოგადოებას გავუზიარო ისტორიები, რომელიც დროს უძლებს.
– თქვენი ფოტოები სოცქსელებში პოპულარულია და თქვენი ერთგული აუდიტორიაც გყავთ. ამას გარდა სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებული ხართ. საინტერესოა, რომელი მათგანი აღმოჩნდა თქვენთვის საეტაპო?
– საინტერესო იყო ზემო აჭარაში გადაღებული თქვენი კადრები. როგორია თქვენი თვალით დანახული ეს მხარე?
– ძალიან მიყვარს მოგზაურობა და ვცდილობ, საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ აღმოჩენილი ისტორიები ჩემს აუდიტორიას მუდმივად გავუზიარო. რაც შეეხება, ზემო აჭარაში გადაღებულ ფოტოებს, ამის თაობაზე სოცქსელებში ჩემი პირადი შთაბეჭდილებაც გამოვხატე: ისეთი განცდა მქონდა თითქოს დროში ვიმოგზაურე. იქ, მაღალმთიანი აჭარის იალაღებზე, ცივილიზაცია უღელტეხილის მიღმა რჩება. სამაგიეროდ გხვდება ჟრიამული, ქარის ნაზი სიო და თამაშისგან დაღლილი ბავშვების ანთებული თვალები. მათ სულ სხვა ბავშვობა აქვთ…
– სიტყვამ მოიტანა და, როდის სრულდება ბავშვობა?
– ბავშვობა მაშინ სრულდება, როდესაც სასწაულების რწმენას ვკარგავთ. როდესაც ბედნიერება ხდება პროგნოზირებადი და სიხარულს საზომი უჩნდება. ბავშვობა მაშინ სრულდება, როდესაც ჩვენ აღარ გვწამს სიურპრიზებისა და ვეძებთ მიზეზებს: თუ რატომ, როდის, როგორ.. როცა აჭარაში ვუყურებდი ამ ადამიანებს და მათ ბედნიერებაზე ვფიქრობდი, გავიაზრე, რომ ამ ხალხს არ სჭირდება ვირტუალური კავშირები, რადგან ნამდვილი და ხელშესახები სიყვარული აქვეა. აქ არ არის ასფალტი და არ დგას ცათამბრჯენები, მაგრამ ხის მორყეულ კიბეებზე ბედნიერება ისმის, უსიმეტრიო ფანჯრებიდან კი სიცოცხლე იყურება.
– სრულიად საქართველო ერთი დიდი სანახაობაა და სამწუხაროდ, მის უდიდეს ნაწილს ჯერ კიდევ არ ვიცნობთ. ჩვენი ქვეყნის დიდებულება ბოლომდე არ გვაქვს გააზრებული. თითქმის მთელი საქართველო მაქვს მოვლილი, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. ჩემი უდიდესი ოცნებაა, რომ ერთ დღეს ეს ადგილებიც გადავიღო. დღეს კი სრულიად თამამად შემიძლია ვთქვა: ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ამ ქვეყნის შვილი ვარ.
– მინდა აღვნიშნო ის ემოციური ფოტოები და ვიდეომასალა, რომლებიც პატრიარქის გლოვის დღეებში გადაიღეთ…
– ერთიანი საქართველო და საერთო სულიერი ღირებულებები – ეს პატრიარქის უდიდესი სურვილი იყო და ამის მიღწევა ნამდვილად შეძლო. იმ მძიმე დღეებში ჩვენ მკაფიოდ დავინახეთ ქართული გენის ძალა და უტეხი სულიერება. ჩემი ფოტორეპორტაჟი მთლიანად ამ ისტორიული წუთების აღბეჭდვას ემსახურებოდა. მეამაყება, რომ ვარ ქართველი და ამ დიდებულ მდუმარებაში ამ ადამიანების გვერდით ვიდექი. ჩემი ობიექტივიდან დანახული ისტორიებით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენს პატარა საქართველოში მართლაც დიდი გული ძგერს.
– დღეს საქართველო და დედაქალაქი მორიგ ტკივილებს იშუშებს და სიცოცხლეს აგრძელებს. თქვენს არქივში ბედნიერი თბილისის არა ერთი ლამაზი კადრია…
– ამ ქალაქის ყოველ კუთხეში, ყოველ ოდნავ შესამჩნევ ხაზში იმდენი დაგროვილი სიყვარული, სევდა და ნამდვილი, ცოცხალი ემოციაა ჩაქსოვილი. თბილისი მხოლოდ შენობები და ქუჩები არ არის. ის ცოცხალი, სუნთქვის შემკვრელი მოზაიკაა, სადაც ქალაქის ნამდვილი სული თითოეულ პატარა დეტალში იმალება. დროისგან შეფერადებული ხის აივნები, მზის სხივში გახვეული ძველი ჩუქურთმები თუ რიყის ქვაზე დატოვებული ჩრდილები, ეს ის ფრაგმენტებია, რომლებიც უხმოდ გაგრძნობინებენ თავს ამხელა ისტორიის ნაწილად. აქ, ვიწრო კიბეებზე ისევ შეხვდებით გარემოს, რომელიც წარსულის თბილ მოგონებებს გაგიცოცხლებთ.
– უცხოეთში მოგზაურობიდან რომელი ადგილი იყო ისეთი, საიდანაც განცდილი ემოცია დღემდე გამოგყვათ?
– ჯერ გეტყვით, რომ პირველი სოლო მოგზაურობა, გამოწვევა და ოცნების ქალაქის მონახულება ჩემი ფლორენციული ამბავია. ჰალშტატი კი ალბათ, სრულიად მოულოდნელი და საოცარი გამოცდილება იყო. თითქოს დაუგეგმავად, ვენიდან ამ პატარა დასახლებაში მოვხვდი. სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ სილამაზეს, რაც ამ მთებსა და ტბაში არეკლილი ავსტრიული არქიტექტურის ესთეტიკიდან მოდის.
– როგორია დრონიდან დანახული სამყარო, საქართველო?
– დრონიდან დანახული საქართველო თითქოს წლებისგან შენახულ, დაკემსილ სამოსს მოგაგონებს – მრავალმა ტკივილმა და დარდმა რომ გადაიარა მის თავს, მაგრამ დღესაც ისევე გიყვარს და გათბობს, როგორც წარსულში. ზოგჯერ დრო სწორედ ის საჩუქარია, რაც ისტორიის სახით გვიბრუნდება და მეც ვცდილობ, ჩემი კადრებით მცირე წვლილი შევიტანო ამ საჩუქრის მომავლისთვის მიძღვნაში.
– თქვენი არაჩვეულებრივი არქივიდან რომელ სამ ფავორიტ ფოტო ამბავს დაასახელებთ?
– პირველი და უმთავრესი, ალბათ, გასული დღეების მოვლენებია – ქვეყანაში გამეფებული მწუხარება და თითქოს ჭირისუფლად ქცეული სრულიად ქართველი ერი, რომელიც ერთად წერდა მომავლისთვის ურყევი მენტალობის ისტორიას. მეორე – ჩემი სვანური თავგადასავალია მესტიაში, სადაც ერთ ვიზიტში ვიხილე მზე და ზაფხულის ფერები, შემოდგომა ნისლიან მთებში და ზამთრისგან გადათეთრებული კონტრასტული გარემო. იქ, მწვანიდან გარდამავალ ნარინჯისფერში, თოვლის გრილი თითები პირდაპირ ჩაჭიდებოდა უშბასა და თეთნულდს. მესამე ამბავი უდავოდ ზემო აჭარის ავთენტიკური და ყველაზე გულწრფელი ემოციებია. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია საქართველო სრულიად ახლიდან აღმოაჩინო.
თეონა გოგნიაშვილი