დაშნით მოფარიკავე ბარბარე მებუკე სწავლას ნოტრ-დამის უნივერსიტეტში განაგრძობს

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ხელშეწყობითა და მხარდაჭერით ეროვნული ნაკრების წევრი, დაშნით მოფარიკავე ბარბარე მებუკე სწავლას ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნოტრ-დამის უნივერსიტეტში განაგრძობს.

„ქართველმა სპორტსმენმა ვარჯიში თბილისში, ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, სერგო ხატიაშვილთან დაიწყო და მისი ხელმძღვანელობით, გასულ წელს ახალგაზრდებს შორის გამართულ ევროპირველობაზე საუკეთესო 10 მოფარიკავეს შორის მოხვდა, არის საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის ჩემპიონ-პრიზიორი და მაღალ აკადემიურ მოსწრებასთან ერთად, მისმა სპორტულმა შედეგებმა ბარბარეს შესაძლებლობა მისცა მსოფლიოს ერთ-ერთ მოწინავე უნივერსიტეტში, ბაკალავრიატის პროგრამაზე ჩაებარებინა და დაფინანსება მოეპოვებინა.

ქართული ფარიკაობის ისტორიაში უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ეროვნული ფედერაციის ხელშეწყობითა და მხარდაჭერით სპორტსმენს ეძლევა საშუალება ამერიკის შეერთებულ შტატებში ისწავლოს. პირველად ეს თეოდორა კახიანმა შეძლო, რომელმაც პენსილვანიის უნივერსიტეტი დაამთავრა, ახლა კი ეს შანსი ბარბარე მებუკემ მიიღო“, – ნათქვამია საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ უნივერსიტეტში ჩაბარებაში ფარიკაობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა. სწორედ სპორტული მიღწევების წყალობით მიეცა შესაძლებლობა ბარბარეს ამ უნივერსიტეტის სტუდენტი გამხდარიყო.