ITB China-ს ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 20-მდე ჩინელ ტუროპერატორსა და მედიის წარმომადგენელს უმასპინძლა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩინეთის უმსხვილეს ტურისტულ გამოფენასთან ITB China-ს თანამშრომლობის ფარგლებში, ჩინეთის ტურიზმის სფეროსა და მედიის წარმომადგენლებისთვის გაცნობითი ტური გამართა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით,  ვიზიტისას ჩინეთის მსხვილი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს B2B ფორმატის ფარგლებში შეხვდნენ. ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე თანამშრომლობის გაღრმავებისა და საქართველოში ერთობლივი ტურების მოწყობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო მაისში, ჩინეთში, შანხაიში დაგეგმილი ITB China-ს გამოფენაზე საქართველოს განსაკუთრებული სტატუსით წარდგენას. შეხვედრას 20-მდე ჩინური კომპანიისა და 40-მდე ქართული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.

ტურის ფარგლებში ჩინელი ტუროპერატორები და მედიის წარმომადგენლები ესტუმრნენ ძველ თბილისს, მცხეთას და მუხრანს. გაეცნენ კულტურულად საინტერესო ადგილებს, დააგემოვნეს ქართული კერძები და ღვინო.

წელს, 26-28 მაისს საქართველო ჩინეთში, შანხაიში, აზიაში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენის ITB China-ს პარტნიორი ქვეყანა იქნება.

პარტნიორი ქვეყნის სტატუსი საქართველოს მაღალ ხილვადობასა და სხვადასხვა სახის აქტივობებს გულისხმობს.

ITB CHINA 2026-ზე საქართველოს საპრომოციო სტენდს 400 კვადრატული მეტრი დაეთმობა, სადაც კულტურული წარმოდგენები, გასტრონომიისა და ღვინის მასტერკლასები და დეგუსტაციები გაიმართება. გამოფენაზე 70-მდე ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას, გაიმართება პრეზენტაციები და სამუშაო შეხვედრები.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართული კულტურა, ფოლკლორი, გასტრონომია, მუსიკალური პროგრამა და ღვინის დეგუსტაცია. საქართველოს შესახებ ვიდეორგოლები ჩინური მედიითა და ციფრული არხებით გაშუქდება.

ITB CHINA 2026-ზე საქართველოს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგენა ჩინეთსა და აზიის ქვეყნებში ქვეყნის ცნობადობის ამაღლებასა და ტურისტული ნაკადების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

გასულ წელს, ITB CHINA-ს გამოფენას ჯამში 21 000-მდე ვიზიტორი, 1,400-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი და 85 ქვეყნიდან 700 მონაწილე ესწრებოდა.