საქართველოს 23 წლამდე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ზრენჯანინის (სერბეთი) ევროპის ჩემპიონატზე ათივე წონით კატეგორიაში იასპარეზა და ოთხი მედალი მოიპოვა.
მესამე ადგილისთვის შეხვედრაში უმსუბუქესი წონის (57 კგ) წარმომადგენელმა, 17-წლამდელებში ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატების ბრინჯაოს და ვერცხლის მედლის მფლობელმა ნიკოლოზ ბოჭორიშვილმა საფრანგეთის წარმომადგენელი რასულ გალბურაევი 6-1 დაამარცხა.
ასევე ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა ევროპის და მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატების არაერთგზის პრიზიორმა გიორგი გოგრიჭიანმა (79 კგ), რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში ბელორუს ალექსანდრ ვიარბიცკის 8-7 მოუგო.
კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა კონსტანტინე პეტრიაშვილი (97 კგ). მსოფლიოს და ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების არაერთი მედლის მფლობელმა ქართველმა მოჭიდავემ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ბერძენი ნიკოლაოს კარავანოსი 4-0 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებს მეოთხე ბრინჯაოს მედალი შემატა საბა კობახიძემ (74 კგ). 20 -წლამდელებში ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში აზერბაიჯანელი აღანაზარ ნოვრუზოვი 7-4 დაამარცხა.