საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ქართული კულტურის დღეები მიმდინარეობს. კულტურის დღეები საქართველოს სახელმწიფო ფოლკლორული ანსამბლის – „ერისიონისა“ და უზბეკეთის ალიშერ ნავოის სახელობის ოპერისა და ბალეტის დიდი თეატრის ანსამბლ „ტუმორის“ გალაკონცერტით გაიხსნა. ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გალაკონცერტი, სახელწოდებით „კულტურათა დიალოგი – საქართველო და უზბეკეთი: მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“ უზბეკეთის ალიშერ ნავოის სახელობის ოპერისა და ბალეტის დიდ თეატრში გაიმართა. თეატრის დარბაზში მოეწყო ქართულ-უზბეკურ თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა.
10-11 მარტს, ალიშერ ნავოის სახელობის კინოთეატრში ნაჩვენები იქნება რეჟისორების – ელდარ შენგელაიასა და მიხეილ კობახიძის ფილმები: „შერეკილები“, „ქორწილი“, „ქოლგა“ და „მუსიკოსები“.