საქართველოს კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს შექსპირის ასოციაციის ხელშეწყობით, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობას მიიღებს იორკის (ინგლისი) შექსპირის საერთაშორისო ფესტივალში სპექტაკლით – „სიყვარულის მსუბუქი ფრთებით“ (უილიამ შექსპირის პიესის „რომეო და ჯულიეტას“ მიხედვით). ინფორმაციას საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სპექტაკლი წარმოდგენილი იქნება 2026 წლის 21 აპრილს, იორკში.
აღნიშნული ფესტივალი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი და პრესტიჟული შექსპირის ფესტივალია, რომელშიც საქართველო პირველად იღებს მონაწილეობას.
სპექტაკლის კონცეფცია ეკუთვნის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ გიორგი შალუტაშვილს, ხოლო რეჟისორია უნივერსიტეტის პედაგოგი, საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების დირექტორი ნიკოლოზ საბაშვილი.
სპექტაკლში მონაწილეობენ დრამის ფაკულტეტის დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობის სტუდენტები მარიამ გაბაძე და ირაკლი ლომიძე.