გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული არტისტი, ხელოვნების ქურუმი, კონსერვატორიის ემერიტუსი, მევიოლინე, პედაგოგი ერნსტ არაქელოვი

გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული არტისტი და ღირსების ორდენის კავალერი, ხელოვნების ქურუმი, კონსერვატორიის ემერიტუსი, მევიოლინე, პედაგოგი ერნსტ არაქელოვი. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.

„ერნსტ არაქელოვი დაიბადა ბაქოში 1937 წელს. იქვე დაიწყო მუსიკალური განათლების მიღება და დაამთავრა სასწავლებელი. ჩააბარა ბაქოს უ. ჰაჯიბეკოვის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიაში, შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად გადავიდა ერევანში, სადაც დაამთავრა კონსერვატორია, აქვე გაიარა ასპირანტურა.

სომხეთში მან 10 წელი იმუშავა, რითაც საფუძველი ჩაუყარა თავის საშემსრულებლო და პედაგოგიურ სკოლას. 7 წლის განმავლობაში იყო სომხეთის სახელმწიფო ფილარმონიული ორკესტრის კონცერტმაისტერი.

1970 წლიდან თბილისის კონსერვატორიის რექტორის, სულხან ცინცაძის მიწვევით მაესტრო საქართველოში გადმოვიდა. თავდაპირველი კონტრაქტი 5 წლით იყო გათვალისწინებული, თუმცა არაქელოვი თბილისში სამუდამოდ დარჩა და ადგილობრივი მუსიკალური სამყაროს განუყოფელ ფიგურად იქცა.

წლების განმავლობაში იყო თბილისის კონსერვატორიის სიმებიანი მიმართულების ხელმძღვანელი. იგი პარალელურად ასწავლიდა ზ. ფალიაშვილის სახ. ცენტრალური სამუსიკო სკოლა  „ნიჭიერთა ათწლედში“, სადაც 2013 წლიდან იყო სიმებიანი საკრავების განყოფილების ხელმძღვანელი,  2006 წლიდან ასწავლიდა  თბილისის ე. მიქელაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო  სასწავლებელში, 2009 წლიდან კი მანანა დოიჯაშვილის სახელობის კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიაში.

მან აღზარდა მევიოლინეებისა და ალტისტების რამდენიმე თაობა, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები არიან და დღეს მსოფლიოს საუკეთესო ორკესტრებში მოღვაწეობენ.

ბატონი ერნსტი აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას ეწეოდა თბილისში, სოლო და კამერული მიმართულებით.

1998 წელს გადაეცა ღირსების ორდენი, ხოლო 2017 წელს ხელოვნების ქურუმის წოდება მიენიჭა.

2012 წელს გადაეცა სომხეთის რესპუბლიკის ოქროს მედალი კულტურული ურთიერთობის დამყარებისთვის. ასევე 2017 მიენიჭა ერევნის კომიტასის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საპატიო პროფესორის წოდება სავიოლინო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.

2024 წლიდან გახლდათ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ემერიტუსი.

იგი სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრი  იყო, თავად მართავდა მასტერკლასებს და ღია გაკვეთილებს.

მას ხშირად უწოდებდნენ „კულტურის ელჩს ამიერკავკასიაში“ აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს კულტურული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის“, – ნათქვამია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.