10-12 მარტს, მწერალთა სახლი საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, 2026 წლის ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდითა და ლიტერატურული პროგრამით მონაწილეობს.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, წიგნის ყოველწლიური საერთაშორისო ბაზრობა ტრადიციულად „ოლიმპია ლონდონში“ იმართება, საქართველო მასში 2015 წლიდან მონაწილეობს.
მწერალთა სახლი ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება 10-მდე ავტორით, მთარგმნელითა და გამომცემლებისგან შემდგარი ჯგუფით.
ქართული დელეგაციის წევრები, ქართული ლიტერატურისა და წიგნის პოპულარიზაციის მიზნით, შეხვედრებს გამართავენ სხვადასხვა ქვეყნის მთარგმნელებთან და გამომცემლებთან.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები გამომცემლობებთან, სადაც მოხდება ქართველ ავტორების წარდგენა, მწერალთა სახლის საქმიანობისა და მთარგმნელობით პროგრამის გაცნობა.
პროგრამაში, რომელიც მწერალთა სახლის მიერ არის ორგანიზებული, მონაწილეობას მიიღებს ავტორების, მთარგმნელებისა და გამომცემლებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელსაც წარმოადგენენ: შორენა შავერდაშვილი, ნენე გიორგაძე, ნინო გუგეშაშვილი, გელა ჩქვანავა, ბაჩო კვირტია, ცირა ყურაშვილი, ჯონ უილიამ ნარინსი და რობერტ მორგანი.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება გამომცემლობები: „დიოგენე“, შორენა შავერდაშვილის გამომცემლობა, „წიგნი+ერი“, „საქწიგნი“, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია და „ქართული ფილმის“ მიერ გამოცემული ინგლისურენოვანი წიგნები.
საერთაშორისო ბაზრობაში მონაწილე გამომცემლებს მწერალთა სახლი გადასცემს 2026 წლის კატალოგს, რომელიც მოიცავს თანამედროვე ქართველ მწერალთა შემოქმედებით ბიოგრაფიასა და მათი ნაწარმოებების სინოფსისებს.