ევროპის ჩემპიონატი პნევმატიკური იარაღიდან სროლაში საქართველოს ნაკრებმა ერთი ვერცხლის მედლითა და ევროპის რეკორდით დაასრულა

2026 წლის 27 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, სომხეთის დედაქალაქ ერევანში ევროპის ჩემპიონატი პნევმატიკური იარაღიდან სროლაში (10 მ დისტანცია) გაიმართა. ტურნირში 40 ქვეყნის 354 სპორტსმენი მონაწილეობდა.

საქართველოს ღირსებას მარიამ და სალომე ფროდიაშვილები, მარიამ აბრამიშვილი, მარიამ მარშავა, ცოტნე მაჭავარიანი, კაკო მოსულიშვილი, ლევან ქადაგიძე, გიორგი მუმლაძე და შოთა სუმბაძე იცავდნენ.

საქართველოს ქალთა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ევროპის ვიცე-ჩემპიონების ტიტული მარიამ მარშავამ, მარიამ აბრამიშვილმა და მარიამ ფროდიაშვილმა დაისაკუთრეს.

ქართველი სპორტსმენები სხვადასხვა დისციპლინაში ასპარეზობდნენ — ინდივიდუალურ, შერეულ წყვილთა, სოლო და ტრიოს კატეგორიებში.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ქალთა ტრიოს შედეგი: მარიამ მარშავამ, მარიამ და სალომე ფროდიაშვილებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 573 ქულა დააგროვეს, რაც ევროპის ახალი რეკორდია.