სამი თეატრის მსახურება, ანუ სამყაროში „შორს რომ გაცურო“

თეატრი მისი სასიცოცხლო წყაროა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ აჩქარებული რიტმების ეპოქაში, ამდენს ფიზიკურად ვერ შეძლებდა და მოასწრებდა.

ლაშა გოგნიაშვილი ერთდროულად სამ სხვადასხვა თეატრში მუშაობს. არის სანდრო ახმეტელის თეატრის რეჟისორი, სპექტაკლებს კოტე მარჯანიშვილის სახელობის ყვარლის სახალხო თეატრშიც დგამს. ამას გარდა, 30 წელია,  მოზარდთთეატრის თეატრალი ხელმძღვანელია და თინეიჯერებს მარადიულ ხელოვნებას აზიარებს.

ბოლო დროს, სპექტაკლად რეზო მწერალ ინანიშვილის მოთხრობები აქცია. მანამდე, გადაწყვიტა მოეძებნა მწერლის მოთხრობა ნინა, რომელიც ახალ გამოცემაში შესული არ არის.  გარკვეული ძიების მერე, როცა რეჟისორმა ამ მოთხრობას მიაგნო, მასზე და მწერლის სხვადასხვა მოთხრობების ქარგაზე სპექტაკლი „ფიქრების წყარო“ აკინძა. რეჟისორმა ეს მოვლენა რევაზ ინანიშვილის დაბადებიდან 100 წლისთავს მიუძღვნა, სპექტაკლი მაყურებელმა ახმეტელის თეატრში იხილა.

ლაშა, ის ფაქტი, რომ არჩევანი ამ მწერალზე შეაჩერე, შემთხვევითი არ არის

– შემთხვევითი ნამდვილად არ არის. ბატონი რეზოს მშობლიური სოფელი ხაშმი ჩემი წინაპრების სოფელიცაა, რომელთანაც მთელი ჩემი ბავშვობაა დაკავშირებული. იქიდან მოყოლებული ამ სოფლის ტყეში ფეხით სიარული და ლაშქრობა დღემდე მიყვარს. ხაშმის ტყე, ივრის სანაპირო, ლაფიანხევი და სხვა საინტერესო ადგილები ფეხით მაქვს მოვლილი. როდესაც ვკითხულობდი ინანიშვილის მოთხრობებს, სადაც ბუნებას აღწერს, ზუსტად ვხვდებოდი კონკრეტულად რა ადგილზე იყო საუბარი. ბუნებრივია, არც იმ პერსონაჟების წარმოსახვა გამიჭირდა ვისზეც წერს.

რატომ გაგიჩნდა სურვილი, რომ მწერლის მაინცდამაინც ამ ნაწარმოებისთვის მიგეკვლია და დაგედგა?

– მკითხველს განვუმარტავ, რომ საუბარია მოთხრობაზე „ნინა“. იმ დროს სპექტაკლის სიუჟეტი მოფიქრებული მქონდა, მასალაზეც ვმუშაობდი და ინსცენირების ფორმაც ნელ-ნელა იკვეთებოდა. მოთხრობა „ნინა“ ერთ-ერთი პერსონაჟის ხაზის განვითარებისთვის დამჭირდა. უფრო სწორედ, ამ მოთხრობაში მწერლის მიერ წეწონაანთ ნინას დახასიათებამ კარგი სცენური განწყობა შექმნა. ვფიქრობ, ახმეტელის თეატრის მსახიობების დახმარებით, მწერლის სამყაროსა და პერსონაჟების სცენური გაცოცხლება კარგად შევძელი.

სპექტაკლი მშობლიურ ფესვებთან დაბრუნების მარადიულ თემაზეა. დღეს, როდესაც ამდენი ემიგრანტი გვყავს, ეს თემა უფრო აქტუალურია

– თუ რატომ მიდის ადამიანი ემიგრაციაში, საამისოდ, უამრავი ობიექტური თუ ფსიქოლოგიური მიზეზია. თუკი ადამიანი საკუთარ ოჯახსა და წარუმატებლობაზე გაწყრები და მერე, ამის მიზეზს სამშობლოში უსამართლო მოპყრობას, შენი ნიჭისა და შესაძლებლობების უგულებელყოფას დააბრალებ, ყველანაირად ეცდები, რომ იმ გარემოს გაეცალო. წახვიდე იქ, სადაც შენი აზრით, აღმოგაჩენენ და უფრო დაფასდები. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ასე არ ხდება. უცხოეთში ჩასული ადამიანი მკაცრ რეალობას ეჯახება – ხვდება, რომ მისი პიროვნება იქ არავის სჭირდება. ბოლოს, იმედგაცრუებულს, უკან დაბრუნება იმიტომ აღარ უნდა, რომ ახლობლებმა ისევ შეუმდგარი არ ნახონ.

სპექტაკლში გამოსავლის ძიებაზეცაა საუბარი…

– დიახ, სპექტაკლში ამ ვითარებიდან გამოსავალზეც ვსაუბრობთ. ყველამ ვიცით, რომ ქართველების გარკვეული ნაწილი დღეს ემიგრაციაშია. ჩვენი ვალია, ეს ხალხი, განსაკუთრებით, ახალგაზრდები, უკან დაბრუნების არჩევანში დავარწმუნოთ. საჭირო რჩევები მივცეთ მათ, რათა არ გაიქცნენ სამშობლოდან და საკუთარი თავის რეალიზება აქ მოახდინონ. მიხარია, რომ თეატრში მოსულმა მაყურებელმა ზუსტად გაიგო ჩვენი სათქმელი, რასაც მათი მხრიდან არა ერთი დადებითი გამოხმაურება მოწმობს.

– სპექტაკლებს ასევე დგამ კოტე მარჯანიშვილის სახელობის ყვარლის სახალხო თეატრშიც, სადაც მოყვარული მსახიობები არიან…

 – დიახ, თეატრში ადგილობრივი, მოყვარული მსახიობები არიან დასაქმებული. ისინი, განსხვავებული პროფესიის ადამიანები, სხვადასხვა ადგილზე, ზოგ შემთხვევაში, გვიანობამდე მუშაობენ ხოლმე. ამიტომ დასაფასებელია, რომ დათქმულ დროს, რეპეტიციაზე, ყველა მათგანი სიხარულით და გულანთებული მოდის. ამდენად, გასაკვირი არ არის ასეთ კარგ შედეგს როგორ აჩვენებენ. შარშან, დეკემბრის თვეში, ყვარელში, პრემიერა გვქონდა. მაყურებელს ვაჩვენეთ ვასილ ნიკოლაძის ვოდევილის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „როცა იხსნება თეატრის ფარდა“. პრემიერამ წარმატებით ჩაიარა.

– სამომავლოდ რომელიმე სპექტაკლს თბილისშიც თუ ჩამოიტან?

– დიახ, 31 მარტს, ყვარლის თეატრი სპექტაკლით „ლაზარეს აღდგინება“ თბილისში ჩამოვა, მას ახმეტელის თეატრი უმასპინძლებს. ამის გამო მთელი დასის სახელით, ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ბატონ ირაკლი გოგიას მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო.

შარშან, დაარსებიდან 30 წლის იუბილე აღნიშნა მოზარდთთეატრმა თეატრალი, რომელსაც დაარსების დღიდან ხელმძღვანელობ...

–  2025 წლის 25 დეკემბერს, 30 წელი შეგვისრულდა. არ იყო ადვილი ამ გზის გავლა, მაგრამ ღმერთის წყალობითა და მოზარდების მცდელობით, დღემდე ღირსეულად მოვედით. ამაყი ვარ, რომ თეატრი, რომელიც ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ „მართვესთან” არსებობს, ამდენი წელია, მოზარდებს თეატრალურ ხელოვნებას  აყვარებს.

როგორი თაობა მოდის?

– გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ნიჭიერი თაობა მოდის. მთავარია, როგორ ავუხსნით და მივაწვდით მათ ძირითად სათქმელს. ის, რაც ყველა თაობის ქართველ მოზარდებს აერთიანებს, მათი საოცარი ენერგეტიკა, თეატრისადმი დიდი ინტერესი და შრომისმოყვარეობაა.

ოჯახში თეატრის მტვრით კიდევ ვინ მოიწამლა?

– ჩემი შვილები, ჯერ კიდევ, ექვსი-შვიდი წლის ასაკში იყვნენ თეატრით გატაცებული. სახლში ეტიუდებს ხშირად დგამდნენ. ოჯახის წევრები მისაღებ ოთახში მათ „სპექტაკლებს“ ხშირად ვესწრებოდით. თუმცა, დღეს სხვა მიზნები აქვთ. უმცროსი, ელენე, კარგად ხატავს. მას დედის, ბელა რურუას ნიჭი გამოჰყვა. თუკი მომავალში პროფესიად მხატვრობას აირჩევს, ამაში ყველანაირად შევუწყობთ ხელს. დღეს კი ასეთ ინტერესს ვუქებთ და სტიმულს ვაძლევთ. უფროსი, ლიზი, ფრენბურთითაა გატაცებული და ვფიქრობ, საკმაოდ წარმატებულადაც გამოსდის. ამის თქმას იმიტომ ვბედავ, რომ მოედანზე მისი კარგი თამაში არა ერთხელ ვნახე.

და მაინც, საიმისოდ, რომ გაჯეტების თაობა თეატრალური ხელოვნებით დააინტერესო, რაიმე პატარასაიდუმლო“ თუ გაქვს?

– რეპეტიციების დროს ერთ „კანონს“ ვიცავთ: მობილური ტელეფონს ვთიშავთ და მოზარდები თეატრის უსასრულო სამყაროში ეშვებიან, იქ, სადაც ორივე ხელი კარგად უნდა მოუსვა, შორს რომ გაცურო. მადლობა ღმერთს, რომ ამას ვახერხებ.

თეონა გოგნიაშვილი

ლაშა გოგნიაშვილი