მისი დევიზი მარტივი და გასაგებია: „აიღე ლენტი, აირჩიე ფერი და ქსოვილს სული მიეცი!“ ირინა ჯინჭარაძემ, რომელიც პროფესიით მხატვარია, საკუთარი თავის გამოსახატავად თავიდანვე განსხვავებული გზა აირჩია. ის ყაისნაღით ქსოვს და სამყაროს სილამაზეს ლენტებით გამო-ხატავს, უფრო სწორად, ბისერებითა და ლენტებით ქარგავს. თავის დროზე, დეკორატიული ქსოვის კურსებიც დაამთავრა. დღეს მის შემოქმედებას სოციალური ქსელების ჯგუფში „ლენტებით შექმნილი ხელოვნება“ უკვე კარგად იცნობენ.
თავიდან ამ ხელსაქმეს მსურველებს ვირტუალურად ასწავლიდა, შემდეგ როდესაც მათი რიცხვი გაიზარდა, რეალურ სამყაროში გადაინაცვლა. დღეს ქალბატონებს თავის ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს და მერი შენგელიას ხელოვნების სტუდიაში ლენტებით ქარგვის ტექნოლოგიას ასწავლის.
საკმაოდ შრომატევადი საქმეა და ამიტომ ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს. რთული კომპოზიციის დასასრულებლად, ზოგჯერ სამი კვირას მუშაობს. განსაკუთრებით უყვარს შერეული ტექნიკით შექმნილი ნამუშევრები, რადგან თვლის, რომ ამ გზით ის უფრო განსხვავებული და მრავალფეროვანი გამოდის. ბევრ ჯგუფურ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მათ შორის იყო: ორი გამოფენა – მხატვართა კავშირსა და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკაში, რომლებმაც წარმატებით ჩაიარა.
– დიახ, სირთულეებს არ ვერიდები, რადგან შედეგს რომ ვხედავ და მომწონს, ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია. თავიდან ფერადი ფურცლებით აპლიკაციებს ვაკეთებდი და ბისერებს ვაწებებდი. ნამუშევრები რომ დამეხვეწა, გადავწყვიტე დეკორატიული ქსოვა შემესწავლა. დღეს ვიცი, რომ ყველაზე რთული თექაზე მუშაობაა. ძალიან მომწონს სხვადასხვა ტექნიკით შესრულებული ნაქარგები, რომლის დროსაც საღებავს ვიყენებ.
– საკმაოდ შრომატევადი საქმეა…
– ასეცაა… მუშაობა მზის შუქზე მიყვარს, როცა ფერები უფრო კარგად ჩანს. რთული კომპოზიციებს შესაქმნელად სამი კვირაა საჭირო. მიხარია, როცა ჩემი ნამუშევრები მოსწონთ. ქება სტიმულს მაძლევს, რომ ბევრი ვიმუშაო.
– ინსპირაცია რა ხდება ხოლმე?
– ინსპირაცია ბუნების და ყვავილების სიყვარულია. მომწონს როცა სხვადასხვა ყვავილებს ტილოზე ვაცოცხლებ. განსაკუთრებული ემოცია დამიტოვა ნამუშევარმა „გაზაფხული“. ამ ნამუშევარში ბუნებისადმი ჩემი სიყვარული განსაკუთრებულად ჩანს. მომწონს როცა აბრეშუმის ლენტი ვარდად, იად და ველურ ყვავილად იქცევა..
– როგორ ჩაიარა გამოფენამ “ოქროსფერი მელოდიები“?
– გამოფენა “ოქროსფერი მელოდიები” ექვსი დღე გაგრძელდა. მისი ორგანიზატორები ირინა და ნინო ძამაშვილები იყვნენ. ის შვიდ დეკემბერს ჩატარდა ისტორიულად ისეთ მნიშვნელოვან ადგილზე, როგორიცაა, მარტყოფის ისტორიული მუზეუმი. გამოფენაში მონაწილეობა 34 მხატვარმა მიიღო.
– ასეთი ადგილი რატომ შეარჩიეთ გამოფენისთვის?
– გამოფენაზე ტრადიციული გათამაშებაც შედგა…
– დიახ, გამოფენის ბოლოს ჩავატარეთ ტრადიციული გათამაშება, სადაც მონაწილე მხატვრებმა ამ გამოფენისთვის დიდი სიყვარულით შექმნილი ნამუშევრები გააჩუქეს. ბედნიერები და ამაყები ვართ, რომ ეს დღე შედგა ისტორიულად ასეთ მნიშვნელოვან ადგილას, სადაც ისტორია და ხელოვნება ერთმანეთს ერწყმის. ასევე უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მხატვარს, ვინც შემოგვიერთდა და მონაწილეობდა გამოფენაში. მადლობა საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარეს ბატონ გურამ ცერცვაძეს, უნიჭიერეს ხელოვანს, ისტორიკოსს, ნიკო ხერკელაძეს, მარტყოფის ისტორიული მუზეუმის ხელმძღვანელობას, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მუზეუმის თანამშრომლებს თანადგომისა და დახმარებისთვის. მოკლედ, დაუვიწყარი დღეები იყო. გამოფენის დახურვაზე მასტერკლასი ჩავატარე – შობის ყვავილები მოვქარგეთ. იქიდან პოზიტიური ემოციებით დავბრუნდით.
თეონა გოგნიაშვილი