გავლენიანი გამოცემა Condé Nast Traveller კურორტ ბახმაროს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, მსოფლიოს ერთ-ერთმა პრესტიჟულმა და გავლენიანმა სამოგზაურო გამოცემამ, Condé Nast Traveller-მა, საქართველოს ვრცელი სტატია მიუძღვნა. სტატიაში, სათაურით: „ექსკლუზიური ზამთრის მიმართულება, რომელიც 2026 წელს თქვენს რადარზე უნდა მოხვდეს“ გურიის მაღალმთიან კურორტ ბახმაროზეა საუბარი.

სტატიის ავტორი ბახმაროს აღწერს, როგორც ხელუხლებელ და იდუმალ კურორტს, რომელიც ზამთრის თავგადასავლების მოყვარულებს განსაკუთრებულ სიმშვიდესა და ექსკლუზიურობას სთავაზობს. „საქართველოში, კურორტ ბახმაროს ყინულოვანი სილამაზე და შეუდარებელი სიმარტივე ცნობისმოყვარე მოგზაურების ყურადღებას იპყრობს და კარგად ნაცნობი ზამთრის კურორტებისგან შორს მიმართავს“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

გამოცემაში საქართველოს ზამთრის ტურიზმი წარმოდგენილია როგორც ახალი, ეკომეგობრული და ექსკლუზიური გამოცდილება, რომელიც 2026 წლის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ალტერნატიულ მიმართულებად სახელდება. სტატიაში აღწერილია რა განასხვავებს ბახმაროს კლასიკური და გადატვირთული სათხილამურო კურორტებისგან, ესაა მასობრივი ტურიზმისაგან თავისუფალი, „ნელი ტურიზმის“ კონცეფცია, მასშტაბური ინფრასტრუქტურისა და ხალხმრავლობის გარეშე.

Condé Nast Traveller-ი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბახმაროს მდგრადი ტურიზმის მოდელს, სადაც ტრადიციული საბაგიროების ნაცვლად გამოყენებულია ელექტრო თოვლსატკეპნები (Snowcats). გამოცემის შეფასებით: „ეს ინოვაციური მიდგომა ზამთრის მოგზაურობისთვის ახალ სტანდარტს აწესებს, სადაც ტურიზმი ბუნებრივ საოცრებებთან ჰარმონიაში მუშაობს და არა მათ საზიანოდ“.

სტატია ბახმაროს აღწერს როგორც მიმართულებას, სადაც მოგზაურებს ავთენტიკურ ბუნებრივ გარემოში, შავი ზღვისა და მთების პანორამული ხედების ფონზე, თავადვე შეუძლიათ საკუთარი მარშრუტის „გაკვალვა“, ამასთანავე, მოგზაურებს ურჩევს, აუცილებლად ეწვიონ „მზის ჩასვლის გორას“ , საიდანაც მოწმენდილ ამინდში შავი ზღვის ხედი იშლება.

„ბახმარო არ არის გეგმა, შაბლონი ან სტანდარტული სათხილამურო კურორტი. აქ ფერდობები სრულად თქვენია. შეგიძლიათ თქვენი უნიკალური გზა გაკვალოთ და თოვლზე მხოლოდ საკუთარი თავგადასავლის ნაკვალევი დატოვოთ“.- აღნიშნულია სტატიაში.

Condé Nast Traveller ტურიზმის ინდუსტრიაში ერთგვარი გზამკვლევი გამოცემაა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ფუფუნების, ავთენტიკური და ინოვაციური მოგზაურობის სტანდარტებს აწესებს. გამოცემის სტატიები თუ რეკომენდაციები მილიონობით მაღალმხარჯველი და გამოცდილებაზე ორიენტირებული მოგზაურის ყურადღების იპყრობს.

Condé Nast Traveller გამოქვეყნებული სტატია ძირითადად ბრიტანეთის აუდიტორიაზეა გათვლილი და მოიცავს აქტივობებს გამოცემის სოციალურ ქსელებშიც (Instagram და Facebook) ოთხი კვირის განმავლობაში, 23 თებერვლიდან 22 მარტამდე. პუბლიკაცია მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც მრავალფეროვანი და უნიკალური ზამთრის მიმართულების პოზიციონირებას.