25 თებერვალს გაიმართება დიასპორული პლატფორმა „სფიჩ მედიას“ მიერ სოციალურ თემაზე მომზადებული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის – „ერთმანეთის გარეშე“ ონლაინ პრემიერა.
საქართველოში მიგრაცია მასშტაბური მოვლენაა, თუმცა მისი გავლენა ბავშვებზე დღემდე სათანადოდ გააზრებული არ არის. მიგრანტი მშობლების შვილები, რომლებიც საქართველოში რჩებიან, ხშირად „უხილავები“ არიან. სწორედ ამ საკითხის შესასწავლად, 2025 წელს საერთაშორისო ასოციაცია „Civitas Georgica”-ს მიერ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, ჩაატარა ეროვნული კვლევა. ახალი დოკუმენტური ფილმი სწორედ ამ კვლევას ეყრდნობა და მისი მიზანი თემის მიმართ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და ემიგრანტი მშობლების შვილების ხილვადობის გაზრდაა. ფილმი ემიგრანტი მშობლების შვილებზე გავლენის მქონე ყველა გმირს აერთიანებს და მრავალმხრივად წარმოაჩენს სოციალურ, ემოციურ და საგანმანათლებლო ასპექტებს, რაც თემის სიღრმისეულ გააზრებას უწყობს ხელს.
ფილმში ასახულია ამერიკაში მცხოვრები მიგრანტი დედის ყოველდღიური ძალისხმევა შვილების დისტანციურად აღზრდისთვის. აქცენტი კეთდება საქართველოში დარჩენილ ბავშვებზე, მათ მარტოობაზე, ემოციურ გაუცხოებასა და მშობლის სითბოს მუდმივ დეფიციტზე.
ფილმის მთავარი გმირია ია, პროფესიით პედაგოგი და სკოლის ყოფილი დირექტორი. მან საქართველო წლების წინ დატოვა, ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს და ბავშვის აღმზრდელად მუშაობს. ია თავადაც ემიგრანტების ოჯახიდანაა. მისი დედა და ძმა საფრანგეთში 23 წლის წინ წავიდნენ. ია იმ ქართველი ემიგრანტი დედების სახეა, რომლებიც წლებია უცხოეთში ცხოვრობენ და შვილებს ონლაინ რეჟიმში ზრდიან. მიუხედავად სრული ჩართულობისა, დროთა განმავლობაში მაინც ხდება გაუცხოება საკუთარ ოჯახებთან, რასაც ხშირად შვილების მხრიდან მშობლების დადანაშაულებაც ახლავს. დედებს აწუხებთ მუდმივი კომპლექსი, უჭირთ პრობლემებზე ღიად საუბარი და ხშირად გამოსავალს შვილების ფინანსურ განებივრებაში ეძებენ, რაც მოზარდებისთვის შესაძლოა სახიფათო აღმოჩნდეს.
ფილმში ჩანს იას ყოველდღიურობა ემიგრაციაში, რაც ერთდროულად ორ ქვეყანაში „ცხოვრება“ და ნიუ-იორკის სწრაფი ტემპით გამოწვეული სტრესული გარემოა. ია საუბრობს იმ გამოწვევებზე, რომლებიც მას, როგორც პედაგოგს, სკოლის დირექტორსა და ემიგრანტ დედას წლების განმავლობაში დაუგროვდა. იას გარდა, ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟია სოფო, საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტი დედის ზრდასრული შვილი. სოფო აღწერს იმ განცდებს, რაც 12 წლის ასაკში ჰქონდა, როდესაც დედა ათენში წავიდა და აღნიშნავს, რომ მას და მის თანატოლებს საერთო სევდა აკავშირებდათ. დღეს ის თავადაც პედაგოგია და საკუთარ გამოცდილებას ხშირად უკვე მოსწავლეებს უზიარებს, რომელთა მშობლებიც ასევე ემიგრაციაში არიან.
„ერთმანეთის გარეშე“ წარმოადგენს სოციალურ–დოკუმენტურ ნამუშევარს, რომელიც იკვლევს უცხოეთში მცხოვრები დედებისა და საქართველოში დარჩენილი შვილების გამოცდილებას მრავალმხრივი მიმართულებით. ფილმი აერთიანებს პირად ისტორიებსა და პროფესიულ შეფასებებს – ექსპერტის, ფსიქოლოგის, სკოლის დირექტორის, აღმზრდელის და თავად მიგრანტი მშობლის ხედვებს, რაც პრობლემის მასშტაბურობას სრულად წარმოაჩენს და არის ერთგვარი გზამკვლევი“, – აღნიშნავს პლატფორმა „სფიჩის“ დამფუძნებელი, სოფო ჯაჯანაშვილი.
„სფიჩი” ემსახურება უცხოეთში მცხოვრები ქართველი პროფესიონალების ცოდნისა და გამოცდილების ინვესტირებას სამშობლოში. პლატფორმა აქტიურად მუშაობს დოკუმენტური ფილმების წარმოების მიმართულებითაც, რათა აამაღლოს ცნობიერება დიასპორულ თემებზე და დღის წესრიგში დააყენოს აქტუალური სოციალური საკითხები.
„მშობლის ემიგრაცია ბავშვისთვის მხოლოდ ფიზიკური განშორება არ არის. ეს არის ემოციური დანაკარგი, რომელსაც თან ახლავს გაურკვევლობა, მიტოვების განცდა და უსაფრთხოების დაკარგვა. კვლევამ გამოავლინა, რომ მიგრანტი მშობლების შვილებში ხშირად ვლინდება სევდა, მარტოობის განცდა, შფოთვა და სტრესი. ბავშვები ხშირად საუბრობენ მშობლების მონატრებაზე, ხდებიან ჩაკეტილები და ნაკლებად ერთვებიან სოციალურ აქტივობებში. სწორედ ამიტომ არის საჭირო საკითხისადმი კომპლექსური მიდგომა, მათი საჭიროებების ადრეული იდენტიფიკაცია, პედაგოგების გაძლიერება და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის ხელმისაწვდომობა.“-აღნიშნავს საერთაშორისო ასოციაცია „Civitas Georgica”-ს პრეზიდენტი, მაია ნასრაშვილი.
დოკუმენტური ფილმი შეიქმნა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების(GIZ) მხარდაჭერით.