ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის Colangelo & Partners ორგანიზებით, ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური და ავტორიტეტული ამერიკული ღვინის ჟურნალის მარტის ბეჭდურ ნომერში ქართულ ღვინოზე სამი სტატია გამოქვეყნდება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველო ჟურნალის ყდაზეა წარმოდგენილი და ეთმობა ერთი სრული სარეკლამო გვერდი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამერიკის სტრატეგიულ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ზრდისთვის. ჟურნალის ონლაინ ვერსია უკვე ხელმისაწვდომია.
პირველი სტატია „საქართველო ყურადღების ცენტრში“ – ქართულ ღვინოს მიმოიხილავს.
„ქართული ღვინოები ახალ ეტაპს გადიან. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა, ღვინის სამშობლო 8000-წლიანი ღვინის კულტურით, ტურიზმის მნიშვნელოვანი ზრდით სარგებლობს, ხოლო მისი ადგილობრივი ყურძნის ჯიშების ფართო ასორტიმენტი, გამორჩეული მეღვინეობის სტილი და გულიანი სამზარეულო ნოყიერ ნიადაგს ქმნის თავგადასავლების მოყვარულთათვის“, – აღნიშნულია სტატიაში.
სტატიის ავტორი, ჟურნალის უფროსი რედაქტორი ჯეიმს მოლსვორთი ასევე საუბრობს Drops of God-ის მეორე სეზონზე, სადაც ქართული ღვინო ყურადღების ცენტრშია.
მეორე სტატია „სუფრა“ – ქართულ სუფრასა და გასტრონომიას ეძღვნება და მასში ყურადღება გამახვილებულია ქართულ სამზარეულოსა და სუფრის კულტურაზე.
მესამე სტატიაში წარმოდგენილია ქართული ღვინოების მიერ მიღებული შეფასებები. ჯეიმს მოლსვორთმა დეგუსტაციისთვის 56 ქართული ღვინო შეარჩია, საიდანაც უმაღლესი შეფასება – 93 ქულა – „ანდრის ღვინოს“ „ხიხვი კახეთი 2023“-მა მიიღო. 23 მწარმოებლის 56 ღვინიდან 18-მა Wine Spectator-ის 100-ქულიანი შეფასების სისტემიდან 90 ან მეტი ქულა დაიმსახურა, რაც შესანიშნავი შედეგია.
Wine Spectator 1976 წლიდან გამოდის და ღვინის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და პოპულარულ გამოცემად მიიჩნევა ენთუზიასტებსა და პროფესიონალებში. მისი ბეჭდური ტირაჟი 400 ათასს აღწევს, ხოლო ონლაინ პლატფორმების ჩათვლით, მკითხველთა რაოდენობა 3 მილიონამდეა. აღნიშნულ ჟურნალში ქართული ღვინის შესახებ სტატია ბოლო 14 წლის განმავლობაში პირველად დაიბეჭდა.