საქართველოს გენერალური კონსული ბექა ზარანდია საკონსულო კორპუსის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს

ქალაქ ბარსელონაში საქართველოს გენერალური კონსული ბექა ზარანდია საკონსულო კორპუსის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.

აღმასრულებელი კომიტეტი არის მმართველი ორგანო, რომელიც კოორდინაციას უწევს ქ. ბარსელონაში აკრედიტებულ საკონსულოების საქმიანობას და წარმოადგენს მათ ინტერესებს. კომიტეტი აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის გენერალურ და საპატიო კონსულებს და მისი საქმიანობის ძირითადი მიზანია ინსტიტუციური თანამშრომლობის გაძლიერება საკონსულოებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის, ეკონომიკური, სავაჭრო და კულტურული ურთიერთობების ხელშეწყობა და საკონსულო მისიებს შორის კოორდინაციის უზრუნველყოფა.

„აღმასრულებელი კომიტეტის წევრად საქართველოს წარმომადგენლის არჩევა ხაზს უსვამს გენერალური საკონსულოს ეფექტიან საქმიანობას რეგიონში და მნიშვნელოვნად აძლიერებს საქართველოს ინსტიტუციურ წარმომადგენლობას.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ ბარსელონა მსოფლიოში საკონსულოების რაოდენობის მიხედვით მეოთხე ადგილზეა და აერთიანებს 103 საკონსულოს, მათ შორის გენერალური და საპატიო საკონსულოებს“ – ნათქვამია ბარსელონაში საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.