იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტრის ამსახველი ახალი ფოტოკოლექცია საქართველოს ეროვნული არქივის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ეროვნული არქივის ინფორმაციით, ონლაინპლატფორმაზე წარმოდგენილია 2023 წელს იერუსალიმში ეროვნული არქივის სამეცნიერო ექსპედიციის ფარგლებში გადაღებული ფოტომასალის ნაწილი: ჯვრის მონასტრის ინტერიერი, ექსტერიერი, კედლის მხატვრობა, ხატები; ფრესკებს შორისაა ისტორიულ პირთა პორტრეტები, სცენები საღვთო წერილიდან, საქტიტორო წარწერები.
უცხოეთში არსებულ ქართულ სამწიგნობრო კერებს შორის იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტერს უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს. პროხორე (გიორგი) ქართველის მიერ XI საუკუნეში აშენებული ეს ტაძარი საუკუნეების მანძილზე ქართველი მეფე-დედოფლების, დიდგვაროვნებისა და სასულიერო პირების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყო.
პროექტი „ეროვნული არქივის ექსპედიციები“, რომელიც 2014 წლიდან მიმდინარეობს, საქართველოს ისტორიული ძეგლების შესახებ ვიდეო და ფოტომასალის თავმოყრასა და საარქივო ფონდების თანამედროვე დოკუმენტებით შევსებას ითვალისწინებს. ამ დრომდე გადაღებულია 20-ზე მეტი ისტორიული ძეგლი.
კოლექცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/ierusalimis-jvris-monasteri-1.