გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ბერლინში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში FRUIT LOGISTICA 2026 თერთმეტი ქართული კომპანია მონაწილეობს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს საქართველოს პავილიონში წარმოდგენილია ლურჯი მოცვის, მშრალი ხილისა და სანელებლების მწარმოებელი კომპანიები: „აგროლეინი“, „ბლუ ბერდ ბერიზ“, „კოლხური კენკრა“, „აგრითაჩი“, „გეო აგრო ესთეითი“, „ხონის პლანტაციები“, „ჯეო ორგანიკი“, „ალფაინ სფაისის“, „ჯენტრი ინვესტმენტი“, „კავკასუს ორგანიკ ფრუტსი“, „საქართველოს აგრარული გაერთიანება“.
გამოფენის გახსნას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ავალიანი და გერმანიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე კარტოზია დაესწრნენ.
გიორგი ავალიანის განცხადებით, საერთაშორისო გამოფენა „FRUIT LOGISTICA“ წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ქართული პროდუქციის ექსპორტის გაფართოებისთვის. წელს გამოფენაზე ლურჯი მოცვის მწარმოებელი 9 ქართული კომპანიაა წარმოდგენილი.
FRUIT LOGISTICA ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა და წარმოადგენს გლობალურ პლატფორმას ხილისა და ბოსტნეულის მწარმოებელთათვის. მიმდინარე წელს გამოფენაში მონაწილეობს სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 2,500-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია.
საერთაშორისო გამოფენა 4 თებერვალს გაიხსნა და 6 თებერვალს დასრულდება.