საქართველო ITB CHINA 2026-ის ტურისტულ გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება

წელს საქართველო ჩინეთში, შანხაიში, აზიაში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენის ITB China-ს პარტნიორი ქვეყანა იქნება. პარტნიორობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია თბილისში გაიმართა. ღონისძიებას ITB China-ს ოფიციალური პირები, საელჩოებისა და ქართული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

გამოფენა ITB CHINA 2026 შანხაიში, 26-28 მაისს გაიმართება. პარტნიორი ქვეყნის სტატუსი საქართველოს მაღალ ხილვადობასა და სხვადასხვა სახის აქტივობებს გულისხმობს.

ITB CHINA 2026-ზე საქართველოს საგამოფენო სივრცის ექსკლუზიური ბრენდინგის საშუალება ექნება, საიმიჯო ლოგო გამოფენის ოფიციალურ ვებგვერდსა და ყველა ოფიციალურ ციფრულ და ბეჭდურ გამოცემაში განთავსდება. საქართველოს საპრომოციო სტენდს 400 კვადრატული მეტრი დაეთმობა, სადაც კულტურული წარმოდგენები, გასტრონომიისა და ღვინის მასტერკლასები და დეგუსტაციები გაიმართება. გამოფენაზე 70-მდე ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას, გაიმართება პრეზენტაციები და სამუშაო შეხვედრები.

საქართველო ITB CHINA გამოფენის გახსნის ოფიციალური ვახშმის მასპინძელი იქნება. გახსნას ტურიზმის დარგის 700-ზე მეტი ლიდერი, ე,წ. „ბაიერი“ და მაღალი რანგის სტუმარი დაესწრება. წარმოდგენილი იქნება ქართული კულტურა, ფოლკლორი, გასტრონომია, მუსიკალური პროგრამა და ღვინის დეგუსტაცია. გამოფენის გახსნის დღეს ლენტის ოფიციალურად გაიჭრება და ე.წ. VIP ტური საქართველოს სტენდით დაიწყება. საქართველოს შესახებ ვიდეორგოლები ჩინური მედიითა და ციფრული არხებით გაშუქდება.

ITB CHINA 2026-ზე საქართველოს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგენა ჩინეთსა და აზიის ქვეყნებში ქვეყნის ცნობადობის ამაღლებასა და ტურისტული ნაკადების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, ITB CHINA 2025 გამოფენას ჯამში 21,000-მდე ვიზიტორი, 1,400-ზე მეტი ბაიერი და 85 ქვეყნიდან 700 მონაწილე ესწრებოდა. ღონისძიება 75,000-ზე მეტ ბიზნესთან და 1,400-ზე მეტ მედიის წარმომადგენელთან უზრუნველყოფდა წვდომას. წელს გამოფენის ორგანიზატორები მონაწილეთა გაზრდილ რაოდენობას ელიან.