მილანის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილე ქართველი სპორტსმენების ფიცის დადებისა და გაცილების ცერემონია გაიმართა

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში მილანის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილე ქართველი სპორტსმენების ფიცის დადებისა და გაცილების ცერემონია გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სპორტსმენთა სახელით ოლიმპიური ფიცი ნინო წიკლაურმა დადო. აღსანიშნავია, რომ ნინო წიკლაური ზამთრის სპორტის სახეობებში ქალთა და მამაკაცთა შორის პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელიც ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ მეხუთედ მიიღებს მონაწილეობას.

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები იქნებიან: მილანში – ფიგურული მოციგურავეები ლუკა ბერულავა და დიანა დევისი, კორტინაში – სამთო მოთხილამურეები ლუკა ბუჩუკური და ნინო წიკლაური.

ღონისძიებას საქართველოს სპორტის სამინისტროსა და ფედერაციების წარმომადგენლები, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, იტალიის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო და ვეტერანი სპორტსმენები ესწრებოდნენ.

„2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს წარმომადგენლები ორ სახეობაში – ფიგურულ სრიალსა და სამთო თხილამურობაში – ეყოლება.  მილანში საქართველოს ღირსებას დაიცავს რვა სპორტსმენი, კერძოდ: ნიკა ეგაძე (ფიგურული ციგურაობა), ანასტასია გუბანოვა (ფიგურული ციგურაობა), ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილი (ფიგურული ციგურაობა), დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი (ფიგურული ციგურაობა), ნინო წიკლაური (სამთო თხილამურობა) და ლუკა ბუჩუკური (სამთო თხილამურობა).

საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას მილანის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე უხელმძღვანელებს სეოკის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი კი იქნება საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მილანი ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებს 6 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით უმასპინძლებს.

ზამთრის ოლიმპიადა