თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში „სერგო ფარაჯანოვის სახელობის შემოქმედებითი კონკურსის“ მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა და დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიება თბილისის საკრებულოსა და ააიპ „ქართველ სომეხთა კავშირის“ ერთობლივი ინიციატივით ჩატარდა. სერგო ფარაჯანოვის სახელობის შემოქმედებითი კონკურსი ააიპ „ქართველ სომეხთა კავშირის“ მიერ 2015 წლიდან იმართება და მიზნად ისახავს საქართველოს, კერძოდ კი, თბილისის მრავალფეროვნების წარმოჩენას და ფარაჯანოვის შემოქმედების შესახებ ახალგაზრდა თაობაში ცნობიერების ამაღლებას.
„სერგო ფარაჯანოვის სახელობის შემოქმედებითი კონკურსის“ გამარჯვებულები გახდნენ:
III ადგილი – სალომე ოსაძე;
II ადგილი – ვახტანგ ეგიაზაროვს
I ადგილი – ერნა დოლმაზოვა.
შემოქმედებით საღამოზე ასევე გაიმართა ალბომ „ფარაჯანოვის რექვიემის“ პრეზენტაცია, რომელიც 2025 წელს საქართველოში სომხეთის საელჩოს და საქართველოს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიის მხარდაჭერით გამოიცა.
ღონისძიებაზე „ტოლერანტობის ამაგდარის“ წოდებით – მედლითა და საპატიო სიგელით – თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ნინო რუხაძე დააჯილდოვეს.
კონკურსის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის საკრებულო, ხოლო კონკურსის პარტნიორები არიან თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემია, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის შარლ აზნავურის სახელობის კულტურის ცენტრი და „მხატვრის სახლი“․
ღონისძიებას თბილისის საკრებულოს წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სომხური სათვისტომოს წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.