ერთ მშვენიერ დღეს, სხვების მსგავსად, საკუთარი თავის საძიებლად ისიც შორს წავიდა. უცხო ქვეყანამ მასში არსებული შინაგანი თავისუფლება სხვა ხარისხში აიყვანა. მისი ნიჭიც ერთბაშად გადმოიღვარა: ჯერ პოსტებად, შემდეგ ბლოგებად და ბოლოს, პროზაულ ნაწარმოებად. ერთ მშვენიერ დღეს, როცა მისი დაგროვილი ისტორიები წიგნად აიკინძა, ამერიკულ ემიგრაციაში დამწყები პროზაიკოსი თეონა ჯიქია გაჩნდა.
მალე, „ამერიკული ოცნება“ მოულოდნელად ქართულმა სასურველმა რეალობამ შეცვალა – წიგნისთვის “UBER-ებელი‘ს ზღაპრები“ ნომინაციაში – “ქალი პროზაიკოსი” საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ლიტერატურული პრემია “ანა“ გადაეცა. დღეს რა ხდება მის ცხოვრებაში და სამომავლოდ რაზე ოცნებობს, ამას საუბრიდან შეიტყობთ.
– ვფიქრობ, უდიდესი წარმატებაა, როდესაც დაგეგმილი არ გაქვს და ასეთ შედეგს იღებ. მარტო ჩემი არა, ხალხის ყურადღების, ერთგულების, სიყვარულისა და შეძახილის დამსახურებაა ის, რომ ასე აგორებული თემა ცალკე წიგნად აიკინძა. მე ვგულისხმობ ჩემს ტაქსისტურ ისტორიებს, რომელიც თავს გადამხდა და არა მარტო მათ, ასევე ნოველებს, საქართველოში ყოფნის დროინდელ მოგონებებსა და ისტორიებსაც. ეს იმ უთვალავი გულშემატკივრის დამსახურებაა, რომელიც ინტერნეტში ატვირთულ ამ ყველაფერს ყოველ დღე კითხულობდა. ისინი მაძლევდნენ იმის მოტივაციას, რომ წიგნი ამეკინძა და გამომეცა. არ დავიღლები, რომ ადამიანებს უთვალავი მადლობა ვუთხრა იმ სითბოსთვის, სიყვარულისა და სიტყვებისთვის, რაც მითხრეს ან მაგრძნობინეს.
– ემიგრაციაში საკუთარი თავის ძიების გზაზე ალბათ ბევრი კითხვა და პასუხი დაგიგროვდათ. ამ ყველაფრის მიღებისა და გააზრებისთვის თუ გქონდათ შინაგანი მზადყოფნა?
– როგორ ახსნით ამას?
– არ ვიცი… ეტყობა, ჩემი ენერგია იყო ისე მომართული. თითქოს სამყარო მათ ეუბნებოდა, რომ ამ ადამიანის მისიაა ყველას გააგებინოს თქვენი ამბებიო. ბევრი ისტორია არ დამიწერია. წარმოიდგინეთ, დღეში რამდენი მგზავრი მყავდა. 18 საათის მუშაობის მერე დაღლილი რომ შევდიოდი სახლში, ვისი მონათხრობიც მამახსოვრდებოდა, იმას ვწერდი. ბევრი ისტორია, ასე ვთქვათ, წყალს გაჰყვა. მათ ალბათ უკვე ვეღარც გავიხსენებ. ყველა ისტორია ნამდვილია – ეს იყო პირადი ამბები, თაობებს შორის დამოკიდებულებები, ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობები… უბრალოდ, ზოგჯერ, შეიძლება, ჩემი იუმორი მომეშველებინა, რათა თემა უფრო სახალისო გამხდარიყო. თორემ სხვა ყველაფერი ორიგინალია.
– მართალია, წიგნი ავტორს ჰგავს. ჩემი წიგნიც ცოტა გიჟური და გადარეული, თანაც, სიმპათიური და სერიოზული გამოვიდა… წიგნის სახელში ზღაპარი იმიტომ შევარჩიე, რომ რატომღაც ბავშვობიდან მაქვს ამოჩემებული: როცა მინდა ვიღაც ვამხილო, ასე ვეუბნები ხოლმე: მოიცა, სისულელეს ნუ ლაპარაკობ. ნუ დაიჯერე ეს დაჩის ზღაპრები მეთქი. ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი, პირადი ზღაპრები მქონოდა. დედამაც მითხრა – ხალხი იფიქრებს ზღაპრებს წერო. ამაშია საქმე, არასოდეს განსაჯო წიგნი მისი სახელის მიხედვით. იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი სამყარო ვირტუალურია და სინამდვილეს არაფერი შეესაბამება, ყველაფერი არის ის, რასაც ვაპროექცირებთ, ვქმნით, ვიგონებთ და ვაწყობთ ჩვენთვის ენერგიულად და ვიბრაციულად… ამიტომ დე, იყოს ზღაპრები, რატომაც არა?!..
– და “UBER-ებელი’“ ვინ არის?
– ახლა რა პერიოდი გაქვთ, ახალი ისტორიებისა და ემოციებისთვის მზად ხართ?
– ახლა აბსოლუტურად განულებული ვარ… ყველა გენიალურ თხრობით ფრაზას ჯვარი სწერია, უბრალო წინადადებასაც ვეღარ ვაწყობ. მოკლედ განულებისა და გადატვირთვის ფაზაში ვარ და ამას აშკარად ვაცნობიერებ. თუმცა ვიცი, რომ ეს ფაზაც გაივლის და მომავალში იქნება ის, როგორც შინაგანი მე, უზენაესი ცნობიერი მოისურვილებს. მინდა ბევრი ვიმოგზაურო, თუმცა ამას ჩემი აეროფობიის, ფრენის შიშის გამო როგორ განვახორციელებ არ ვიცი. თუკი ადრე ჩემთვის, ჩუმად ვეძიებდი პასუხებს სამყაროზე, ჭეშმარიტებაზე, იმაზე, თუ რანი ვართ და საით მივდივართ. ახლა ვიდეოებს ვწერ და მინდა, რომ ჩემში დაგროვილი ურთიერთგამომრიცხავი ამბები სხვებსაც გავუზიარო.
– ამის გარდა, არის თქვენი არაჩვეულებრივი ფოტოებიც, რომელშიც ამერიკული ცხოვრების ცოცხალი სურათებია….
– საქართველოდან ნიუ-იორკში ჩამოვედი და შემდეგ წიგნამდე მივედი – ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ვფიქრობდი. აქ, მანჰეტენზე, პატარა სკვერია, სადაც ჩამოსვლის პირველ დღეს, ერთ-ერთ ქალბატონთან მომიწია მუშაობა. ის ადგილი მაშინვე შემიყვარდა. სამსახურიდან გამოსული სკვერში საათობით ვბოდიალობდი. მერე, სკამზე ჩამოვჯდებოდი, გამვლელებს ვაკვირდებოდი და აქაურ ცხოვრებას ვაცნობიერებდი, ამერიკას ვითავისებდი. იქიდან მოყოლებული ერთი აკვიატებული აზრი მაქვს: მინდა იმ სკვერში ჩემი ფოტოები ღია ცის ქვეშ გამოვფინო. ზუსტად ვიცი, ერთ მშვენიერ დღეს, ასეც მოხდება და გამოფენა – პერფორმანსს აუცილებლად მოვაწყობ…
თეონა გოგნიაშვილი