მუსიკოსის გზა ოცნებიდან რეალობამდე და სიურპრიზი ჯულიან ლენონისგან

მუსიკა ოჯახში ბავშვობიდან ესმოდა, შეიძლება ითქვას, რომ მელომანიც მცირე ასაკში გახდა. ნიჭიიერი მუსიკოსი და კომპოზიტორი დათო ქარჩავა იმ თაობიდანაა, რომელიც უცხოურ ჰიტებს ანდეგრაუნდში უსმენდა. „ბიტლზის“ ფანი მისი პირველი მოსმენისთანავე გახდა. არადა, ეს ის დროა, როცა ისინი, ვინც განსხვავებულ სიმღერებს უსმენდა და ასრულებდა, გარკვეულად მუსიკალურ დისიდენტებად მოიაზრებოდნენ. პირველად მუსიკოსობა მაშინ გადაწყვიტა, როცა ქართული როკჯგუფის შესრულებული როკ-ენ-როლი ცოცხლად მოისმინა… თავისი პირველი როკჯგუფიმეოცნებე ბიჭები“ ჯერ კიდევ მეცხრე კლასში ჩამოაყალიბა. მას მერე არა ერთი როკბენდის მუსიკოსი იყო. არა ერთი ჯგუფი სტუდენტობის შემდეგ, თანატოლებთან ერთად შექმნა.

დღეისთვის იმდენი სიმღერა აქვს დაწერილი, რომ ზუსტ ციფრს ვერ ასახელებს. გამოცემული აქვს როგორც სოლო, ასევე ნალი ბენდსა“ და ჯგუფებთანნეიმლესი“და „ქილერ ბენდი“ ერთად ჩაწერილი ერთობლივი ალბომები. მისი ჯგუფის „ნალი“ რეპერტუარში ძირითადად 50-70-იანი წლების პოპულარული მუსიკაა. აქვე ვიტყვით, რომ თბილისში ჩაწერილი ბენდის მეორე ალბომს მასტერინგი გაუკეთდა ებიროუდში“, სტუდიაში, სადაც თავის დროზებიტზლიმუშაობდა. მისი ცხოვრებისა და შემოქმედების სხვა, საინტერესო ამბებს მასალაში გაეცანით.

ბატონო დათო, მოდი, თავიდან დავიწყოთ: მუსიკოსობამდე მელომანი იყავით – ოჯახში რა მუსიკას უსმენდით?

– დიახ, ასეც იყო: მელომანი ბავშვობიდან ვიყავი. ჩვენს ოჯახში: დედა, მამა, ბებიები და ბიძები მუსიკას მუდმივად უსმენდნენ. ჩვენს სახლში უამრავი ვინილი და “ბაბინა” იყო. მეზობელი ბიჭებიც მელომანები იყვნენ. ერთმანეთში ხშირად ვცვლიდით ფირფიტებს და მუსიკას ერთად ვუსმენდით. სანამ „ბიტლზს“ მოვისმენდი, უბრალოდ მელომანი ვიყავი, მაგრამ როცა უშუალოდ „ბიტლზი“ აღმოვაჩინე, სწორედ მაშინ გამიჩნდა სურვილი, რომ მუსიკოსი გავმხდარიყავი.

– როგორ დაიწყო მუსიკაში თქვენი გზა?

– ყველაფერი 1988 წელს შეიცვალა, როცა რუსთავის კინოთეატრ „რუსთაველში“ მუსიკალური ჯგუფის „ბიჭები როკ-ენ-როლიდან“ კონცერტი გაიმართა. ამის მერე, რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკის ღია კინოთეატრში რუსთავის როკჯგუფის „ზარები“ კონცერტს დავესწარი. მახსოვს, სკოლიდან გავიქეცი და მივუსწარი კონცერტის დასკვნით ნაწილს, სადაც ჯგუფის ბიჭებმა როკ-ენ-როლი დაუკრეს და ამით დაასრულეს. ისეთი ენერგია და რიტმი მოდიოდა სცენიდან, რომ მუხლები მომეკვეთა და ნერწყვს ვეღარ ვყლაპავდი. სცენაზე ავვარდი და დრამერს გამოველაპარაკე: „ბოლოს რა იყო მეთქი?“. მიპასუხა: „ეს როკ-ენ-როლიაო“. ის დრამერი დღეს ჩემი უახლოესი მეგობარი, სოსო მეტრეველია. ზუსტად ამ ორმა კონცერტმა მომცა იმის გამბედაობა, რომ ხმამაღლა მეთქვა: მეც უნდა შევქმნა ბენდი, უნდა დავწერო სიმღერები და მუსიკოსი გავხდე.

გახსოვთ ვინ გამოვიდა მაშინ სცენაზე?

– რა თქმა უნდა, სცენაზე გამოვიდნენ ჯგუფის „ბიჭები როკ-ენ-როლიდან“ წევრები: ირაკლი გიგაური, ლაშა კინწურაშვილი, მამუკა გუჯაბიძე და ედიშერ აბულაძე – როკენროლის ნამდვილი მხეცები. მათ ისეთი მუსიკალური ენერგია შემოიტანეს, რომ ამ სამყაროში მთლიანად დავიკარგე. მაშინ ვერც წარმომედგინა, რომ წლების შემდეგ ისინი ჩემი მეგობრები გახდებოდნენ. ორივე ჯგუფს უზარმაზარი მადლობა მინდა გადავუხადო ამ ემოციისთვის, რადგან სწორედ იქიდან დაიწყო ჩემი გზა მუსიკაში. ამის მერე, მალე გიტარაზე დაკვრის სწავლა დავიწყე.

– მუსიკალური ჯგუფი ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს ჩამოაყალიბეთ…

– დიახ, ასეა. ჩემი პირველი ჯგუფი „მეოცნებე ბიჭები“ სკოლაში, მეცხრე კლასში ჩამოვაყალიბე. ერთხელ, ჩემსავით მუსიკით „მოწამლულ“კლასელ ბიჭებთან ერთად გავიქეცი უნივერმაღში და ხუთი ცალი აკუსტიკური გიტარა ვიყიდეთ. ალბათ ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ჩემმა კლასელებმა გიტარაზე რამდენიმე სიმღერის დაკვრა უკვე ერთ კვირაში იცოდნენ. სკოლის ჯგუფის შემადგენლობაში შევდიოდით: მე, კახა ჭუბაბრია, ზაზა ბასილაშვილი და ამირან იკაევი. ამის გარდა კლასში გვქონდა ცალკე ტრიო, რომელშიც ვიყავით მე, თამუნა ჩიხლაძე და შორენა კახიანი. სკოლის ღონისძიებებზე გამოვდიოდით. მოგვიანებით, მე და ზაზამ ბევრი სიმღერა ერთად დავწერეთ, ზაზა სიმღერისთვის ტექსტებს წერდა, მე – მუსიკას.

– როკჯგუფში „42 პარალელი“როდის აღმოჩნდით?

– ერთ დღესასწაულზე ჩვენს ოჯახში სტუმრად ოჯახის მეგობარი, ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლ „რუსთავის“ წევრი, ბატონი გენო მუჯირი მოვიდა. მან შემომთავაზა, რომ ჩამებარებინა დიდუბეში, ქუთაისის ქუჩაზე არსებულ „საესტრადო – საცირკო სასწავლებელში“, სადაც ესტრადასაც ასწავლიდნენ. ასეც მოხდა: როცა იქ ჩავაბარე, ამიყვანეს სასწავლებელთან არსებულ ჯაზ-როკ ჯგუფში „42 პარალელი“, რომლის ხელმძღვანელიც ბატონი რომა გოშაძე იყო.

– იმ როკჯგუფის სიმღერის ფონოგრამა ცნობილ ფირმაში ჩაიწერა…

– ეს მოხდა ჩემი პირველ კურსზე ყოფნისას, 31 დეკემბრის ღამით, როცა საახალწლო ტელე – გადაცემაში უნდა გამოვსულიყავით, რისთვისაც ფონოგრამის ჩაწერა იყო საჭირო. სწორედ იმ სიმღერის ფონოგრამა ჩაიწერა ყველაზე ცნობილ და მაგარ სტუდიაში „მელოდია“. მაშინ პატარა ვიყავი და ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი რა დონის სტუდია იყო. მოგვიანებით გავიაზრე, რომ ეს საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი საუკეთესო, მსოფლიო სტანდარტებით აწყობილი სტუდია ყოფილა. სასტიკად დამწყდა გული, როცა ის გაიყიდა და მოგვიანებით, დაიშალა კიდეც…

პირველი სერიოზული განაცხადი როდის გააკეთეთ?

– ეს მოხდა 1999 წლის 11 მარტში, როდესაც ჩამოვაყალიბე დუეტი, ცოტა ხანში, ტრიო, მოგვიანებით კვარტეტი გავხდით. ჩვენი პირველი შემადგენლობა ასეთი იყო: მე, ზაალ კახიანი, ალექსანდრე (საშკა) მანაგაძე და თემურ მაღრაძე. ამ შემადგენლობით მსმენელის წინაშე პირველად „ფაბ ნალში“ წარვდექით. ამის გარდა გამოვდიოდით: „სან ტაფეში“, „ფაბ დუბლინში“ და ვერის ბაღში მდებარე „ელიტ ქლაბში“.

როგორც კომპოზიტორი ქართველი მსმენელის წინაშე როდის გამოჩნდით?

– იმ შორეულ 90-იან წლებში, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და რთული პერიოდი იდგა, გაჩნდა კომპოზიტორის ვაკანსია რუსთავის დრამატულ თეატრთან არსებულ ბავშვთა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „ოვაციაში“, რომლის ხელმძღვანელი არაჩვეულებრივი ქალბატონი ლია ალავერდაშვილი იყო. მისი შეკვეთით საბავშვო სიმღერებს ხშირად ვწერდი. იმ პერიოდში მე და ჩემმა მეუღლემ დაახლოებით ასამდე სიმღერა დავწერეთ ერთად: ტექსტებს მეუღლე წერდა, მუსიკას – მე. ამ სიმღერებიდან რამდენიმე  ანსამბლ „ოვაციას“ საახალწლო ღონისძიებებზე დადგმულ კონცერტზე „ზღაპარ ქალაქში“გაჟღერდა. იმ დროს 19 წლის ვიყავი..

–  დღეს თუ შეგიძლიათ თქვათ, რომ რაზედაც ოცნებობდით, აისრულეთ?

– ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო, რომ ქართველი ბიჭებისგან ჯგუფი, რომელიც დაუკრავდა იმ მუსიკას, რომლის ფანიც ვიყავი. თან გეგმაში მქონდა იმავე ჟანრში საავტორო სიმღერებიც  შეგვესრულებინა. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ამ ოცნებას  საბოლოოდ შევასხი ფრთები. ჯგუფის შემადგენლობა რამდენჯერმე შეიცვალა. 2004 წელს ზაალ კახიანი წავიდა ჯგუფიდან და მის ნაცვლად ლევან ჯაფარიძე მოვიწვიე. იმ წლებში ლევანი გერმანიაში ცხოვრობდა მის ჩამოსვლას მთელი წელი ველოდე. მანამდე სამნი ვუკრავდით. საქართველოში ჩამოვიდა თუ არა ლევანი, ჯგუფში გახარებულმა შემოვიერთე.

– როგორია „ნალი ბენდის“ დღევანდელი დღე?

– „ნალი ბენდის“ ახლანდელი შემადგენლობა ასეთია: მუსიკოსები დათო ქარჩავა, ლევან ჯაფარიძე, გიორგი კობახიძე და დავით ლომიძე. მოსმენა შესაძლებელია „ნალი სთეიჯ ფაბში“, სადაც მუსიკოსები უკვე 28 წელია უკრავენ. ასევე  „ზაზანოვას“ თბილისურ ეზოში, პერიოდულად კი „ჯაზკლუბ 1984“-ში და სხვადასხვა კორპორაციულ ღონისძიებებზე. ამ შემადგენლობაში პირველად გავაჟღერე იდეა, რომ მინდოდა შეგვესრულებინა ჩვენი საავტორო სიმღერები იმავე ჟანრში, რომელშიც ვმუშაობდით. ჩვენი მიმართულება იყო: ბიტი, როკ-ენ-როლი, რიტმ-ენდ-ბლუზი და ქანთრი. იმ პერიოდში ჩემს მეგობარს, მალხაზ აბრამიშვილს რუსთავში ჰქონდა ჩამწერი სტუდია. სწორედ იქ ჩავწერეთ ჩვენი პირველი საავტორო ალბომი სახელწოდებით: „2005 The Nali – Wasted In Georgia“.
ამ ალბომიდან სიმღერებს სხვადასხვა ლაივ კონცერტებზე სისტემატურად ვასრულებდით. 2010 წელს როცა ალექსანდრე მანაგაძე გავიდა ჯგუფიდან და მის ნაცვლად მოვიწვიე ჩემი ინგლისელი მეგობარი, ფილ ჰადლსტონი, რომელთან ერთად „ნალი ბენდის“ გარეშეც გვქონდა რამდენიმე საავტორო ალბომი ჩაწერილი. მეორე ჩვენი საავტორო ალბომი ჩავწერეთ თბილისში, ფილის სახლში. ალბომს დავარქვით: „2013 The Nali –The Cheeky Faces“. ალბომის მასტერინგი გაკეთდა ინგლისში, ლონდონში, ლეგენდარულ Abbey Road Studios-ში, სტუდიაში, სადაც თავის დროზე „ბიტლზმა“ ჩაწერა თავისი უკვდავი სიმღერები.

– რაიმე უჩვეულო ისტორიას ხომ არ გაიხსენებდით?

– ერთხელ ვაკეში, მიწისქვეშა გადასასვლელში, ჯულიან ლენონის ვინილს წავაწყდი. ყდაზე მისი ფანკლუბის მისამართი ეწერა. მაშინ სიტყვა „ფანკლუბის“ ზუსტი მნიშვნელობა არც ვიცოდი. გულწრფელად მეგონა, რომ თუ ამ მისამართზე მივწერდი, ჩემს წერილს თავად ჯულიან ლენონი წაიკითხავდა. ის წერილი ჩემმა მეუღლემ, რომელიც მაშინ უცხო ენების პირველი კურსის სტუდენტი იყო, ინგლისურად გადათარგმნა. თუმცა რამდენიმე თვეში უკან დამიბრუნდა, რადგან ვინილი 1986 წლის გამოშვება იყო, მე კი იმ მისამართზე 1995 წელს ვწერდი. მეც წერილი კარადაში, სხვა ძველ ნივთებთან ერთად „ისტორიას“ ჩავაბარე. ამის მერე ინტერნეტის და სოციალური ქსელების ეპოქა დადგა.

– სავარაუდოდ, ეს ამბავიც გაგრძელდა, ასეა?

– დიახ, ერთხელ როცა შემთხვევით მოვხვდი ჯულიან ლენონის პირად ფეისბუკგვერდზე, ის წერილიც გამახსენდა. გადმოვიღე და მესინჯერში მივწერე. არაფრის მოლოდინი მქონდა. მერე. ჯონ ლენონის შავი Rickenbacker-ისმაგვარი გიტარის ფოტო დავდე. რამდენიმე საათში შეტყობინება მომივიდა, რომ ფოტოზე კომენტარი იყო. გავხსენი და… ეს იყო სრული შოკი. ჯულიან ლენონი ჩემს გაზიარებულ Rickenbacker-ის გიტარის ფოტოზე წერდა: „Thank you, Dato, for your kind words“. იმ წამს ვერ აღვწერ რა ვიგრძენი. ჯონ ლენონი, ადამიანი, რომელსაც უდიდესი წვლილი აქვს იმაში, რაც მე დღეს ვარ და რასაც ვაკეთებ, ახლა კი მისი შვილი, ჩემთვის ასევე უსაყვარლესი მუსიკოსი, ჩემს პოსტს ეხმაურებოდა. მაშინ იმის განცდა მქონდა, თითქოს რაღაც უხილავი კედელი გავარღვიე და სხვა საფეხურზე გადავედი. არა კარიერის თვალსაზრისით, არამედ, შინაგანად. უბრალოდ მივხვდი, რომ ზოგიერთ ოცნებას, მართალია, ძალიან დიდი გზა აქვს გასავლელი, მაგრამ საბოლოოდ ადრესატამდე მაინც აღწევს…

თეონა გოგნიაშვილი

 

დათო ქარჩავანალი