ამოუწურავია მისი ფანტაზია: არა ერთი ცნობილი ქართველის პორტრეტი მათივე ფოტოებიდან დახატა, უბრალო ყავისა და თაფლის ნაზავით და DVD დისკებით კი საოცარი ნამუშევრები შექმნა. „მე დავუმტკიცე საკუთარ თავს, რომ შეუძლებელი არაფერია“– ეს სიტყვები ეკუთვნის ნიჭიერ მხატვარს, ნათია მერაბიშვილს, რომელიც ჩვენს მკითხველს უკვე გავაცანით. მის სიტყვებში გადაჭარბებული არაფერია და ამის დასტურია მისი გამორჩეული და მუდმივად განახლებადი ხელოვნება. საქართველოში “პერსონა 2022″-ის ტიტულით დაჯილდოვდა. სულ ახლახან მორიგი გამოფენის მოსაწყობად სამშობლოში ისევ ჩამოვიდა.
– ამჯერად ასოციაცია „გვირილას“ 35 წლის იუბილეზე, საზოგადოებასა და კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოების ცერემონიალზე ქალბატონმა ერნა წიფურიამ მიმიწვია. ეს ფაქტი ძალიან მახარებს და სიამაყით მავსებს. გაიმართა ჩემი ნამუშევრების გამოფენაც, რაც მხატვრისთვის დიდი პატივია. საერთოდ, მინდა გითხრათ, რომ ყველა გამოფენა, რომელშიც ბოლო დროს მივიღე მონაწილეობა, თავისი ხასიათით და წარმოდგენილი ექსპონატებით უნიკალური იყო.
– სამშობლოში ყოფნის დროს კიდევ რომელი დღე დაგამახსოვრდათ?
– საქართველოში რვა თვე ვიყავი და განსაკუთრებით დამამახსოვრდა პირველი გამოფენა, რომელზედაც ბევრი ჩემი ერთგული გულშემატკივარი მესტუმრა. მათმა მხარდაჭერამ და სიყვარულმა ძალიან გამაბედნიერა. დაუვიწყარი იყო ასევე ბათუმის ფესტივალზე მოწყობილი გამოფენა, რომელიც ასოციაცია „საქართველოს ქალბატონების“ ხელმძღვანელობით გემზე გაიმართა. მასზე უამრავ ნიჭიერ და კარგ ადამიანს შევხვდი. ასევე დამამახსოვრდა ახალ წელს პოდიუმზე ნახატების გამოფენა, რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. იმ დღის ლამაზი ემოციისთვის ქალბატონ ია ჯღარკავას მინდა მადლობა გადავუხადო.
– ყავაში გაზავებული თაფლით შექმნილი თქვენი ნახატი „ქართული კოდი“ ყველასგან გამორჩეულია..
– ერთხელ იმპროვიზაციით ყავაში თაფლი გავაზავე და ჭაბუა ამირეჯიბის ნაწარმოების ცნობილი გმირი დათა თუთაშხია გამოვსახე. ქართული გენის სიძლიერის გამომსახველად მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის შექმნილი გმირი, დათა თუთაშხია მიმაჩნია. ამიტომ ნახატში, რომელსაც ვუწოდე „ქართული კოდი“ მისი ძლიერი ხასიათი ჩანს. იდეაში კიდევ მაქვს ჩაფიქრებული ერთი ექსპერიმენტი, რაც დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს.
– აქვე შევახსენოთ მკითხველს, რომ ოჯახში პირველი მხატვარი ხართ…
– უფრო ხშირად როგორ და როდის ხატავთ?
– ხატვის განწყობა დროის და ხასიათის მიუხედავად ჩნდება. ხატვა ენერგიით და სიხარულით მავსებს. ამ გზით თითქოს უფალთან იდუმალი ზიარება ხდება. ხელოვნება ისეთ მაღალ ემოციებს მიქმნის, რომ სული ყოველი დღე მიილტვის იმისკენ, რომ რაღაც შევქმნა. ხატვის გარეშე სუნთქვაც აღარ მინდა…
თეონა გოგნიაშვილი