„მზისკარი“ და „ღვინის გზა“ – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტები ტურისტული პროდუქტების განვითარებისთვის

ტურისტული პროდუქტების, გასტრო და ღვინის ტურიზმის განვითარების მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგრძელებს პროექტებს „მზისკარი“ და „ღვინის გზა“.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, „მზისკარის“ პროექტში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 2024 წელს 15 მასპინძელი ჩაერთო, ხოლო წელს 5 დაემატა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პლატფორმა mziskari.ge-ის საშუალებით, პროექტის მონაწილეებს ეხმარება წარმოაჩინონ თავიანთი პროდუქცია. მონაწილეებისთვის იმართება ტრენინგები, ხორციელდება ობიექტის მაიდენტიფიცირებელი მანიშნებლების დამზადება და გადაცემა —„მზისკარის“ თითოეულ მასპინძელს გადაეცემა ბრენდირებული მანიშნებელი, რომელიც ზრდის ობიექტის მიკვლევადობას.

„მზის კარის“ პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალი, ნიშური შეთავაზების განვითარებას გასტროტურიზმის მიმართულებით და ქვეყნის მასშტაბით გააერთიანოს ისეთი მასპინძელი ოჯახები, რომლებიც სტუმრებს, რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძების გარდა, სთავაზობენ ავთენტიკურ, ოჯახურ გარემოში ადგილობრივი სტუმარმასპინძლობის ტრადიციების გაცნობას, კერძის მომზადების პროცესში მონაწილეობასა და გასტრონომიულ ინტერპრეტაციას. ღვინის ტურიზმის განვითარების მიზნით გრძელდება პროექტი „ღვინის გზა“, რომელიც საოჯახო მარნებს, ჯამში 428 ობიექტს აერთიანებს.

წელს პროექტში 14 ახალი მარანი ჩაერთო: შიდა ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონებში.