სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გამოფენა „მხატვარ ალექსეი ეისნერის შემოქმედება” გაიხსნება

30 დეკემბერს, 13:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გამოფენა „მხატვარ ალექსეი ეისნერის შემოქმედება” გაიხსნება.

მუზეუმის ინფორმაციით, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო სივრცეში პირველად იფინება მხატვარ ალექსეი ეისნერის (1872-1943) უცნობი კოლექცია, რომელიც მუზეუმმა 1928 წელს შეიძინა. ნამუშევრები შესრულებულია ფანქრით, გუაშით, აკვარელითა და ტუშით. იგი მოიცავს XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში მოგზაურობის დროს შესრულებულ ჩანახატებს, რომლებიც ქართული კულტურის, ეთნოგრაფიისა და ყოფა-ცხოვრების ამსახველ მნიშვნელოვან ვიზუალურ მასალას წარმოადგენს.

1898 წელს, მხატვარმა პირველად იმოგზაურა დასავლეთ საქართველოში – გურიაში, იმერეთში, აჭარაში, შავშეთში, ლაზეთში, რაჭაში, სვანეთსა და აფხაზეთში. მოგვიანებით იგი იყო ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით ორგანიზებული ექსპედიციების მონაწილე ცნობილ მხატვრებთან (ჰ. ჰრინევსკის, ქ. კრონის, თ. კიუნეს, ს. პოლტორაქცკის, ა. გარიბჯანიანის და სხვ.) ერთად. აგროვებდა ზეპირ გადმოცემებს, იწერდა ლეგენდებს, იკვლევდა ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს, იხატავდა ადგილობრივ ტიპაჟებს.

აღნიშნული კოლექცია მნიშვნელოვანი წყაროა XIX-XX საუკუნეების საქართველოს ეთნოკულტურული ისტორიის შესწავლისათვის, იგი ფართო საზოგადოებისათვის დღემდე ნაკლებად ცნობილ მემკვიდრეობას წარმოადგენს.

პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.

გამოფენა 2026 წლის 29 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

ალექსეი ეისნერი