ქუთაისში დაიწყო პირველი საერთაშორისო ფესტივალი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში — „მაიას თასი 2025“

ქუთაისში დაიწყო პირველი საერთაშორისო ფესტივალი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში — „მაიას თასი 2025“.

იმერეთი მთავარი ქალაქი რამდენიმე დღით ნამდვილ საჭადრაკო დედაქალაქად გადაიქცევა — ქალაქი მასპინძლობს დიდ სპორტულ დღესასწაულს, სადაც ერთ სივრცეში ითამაშებენ სხვადასხვა თაობის მოჭადრაკეები: საქართველოს ნაკრების წევრები, გამოცდილი ოსტატები და ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები. ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მონაწილეთა შორის არიან: საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელები, ასევე ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების გამარჯვებულები და პრიზიორები.

„ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ათობით ტურნირი და შეჯიბრება სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში, ხოლო საერთო საპრიზო ფონდი – 60 000 ლარია.

ფესტივალში მონაწილეობს 6 ქვეყნის 340 მოჭადრაკე . წინ  გველოდება მაღალი კონკურენცია, დაძაბული  პარტიები და დაუვიწყარი ემოციები!

ორგანიზატორები არიან: ქუთაისის მერია და იმერეთის ჭადრაკის ფედერაცია

შეჯიბრი სწრაფ ჭადრაკში ორ დღეს გაგრძელდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

პირველ სათამაშო დღეს გაიმართა 4 ტური, რომლის   შემდეგ ვითარება როგორც ქალთა, ისე ვაჟთა შორის საკმაოდ დაძაბულია.

ოთხიდან ოთხი გამარჯვებით ტურნირს ერთპიროვნულად ლიდერობს ანასტასია კირთაძე. ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩება ინგა ხურცილავა, ხოლო 3-3 ქულით III – IV ადგილებს ბელა ხოტენაშვილი და მერი არაბიძე ინაწილებენ. მეხუთე ტურში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ლიდერების დაპირისპირება:

კირთაძე — ხურცილავა

არაბიძე — ხოტენაშვილი

‍ვაჟთა შორის ოთხ-ოთხი გამარჯვებით დაწინაურდნენ:  გიგა ყუფარაძე და ლუკა პაიჭაძე. მომდევნო ტურში სწორედ მათი შეხვედრა იქნება ყურადღების ცენტრში.

მაიას თასი