ცნობილი ბიძის სახელოსნო და პორტრეტები უჩვეულო მასალებისგან-თბილისელი მხატვრის ცხოვრება პროვინციაში

პროფესიით ინჟინერ-მშენებელი ალექსანდრე ბუზარიაშვილი, დღეს ცნობილია, როგორც მხატვარი, რომელიც პოპარტის სტილში მუშაობს. ხატავს პასტელით და ფანქრითაც, წერს ხატებს. უჩვეულო  ხელწერის გამო მისი ნამუშევრები ბევრისგან განსხვავებულია. ამზადებს სხვადასხვა სამკაულებსა და ორიგინალურ ნივთებს. პორტრეტების შექმნის დროს იყენებს ისეთ მასალებს, როგორიცაა, ფერადი ქსოვილები, ღილები, ხელოვნური ყვავილები და თქვენ წარმოიდგინეთ, ყოფის ისეთ მასალას, როგორიცაა, სანტექნიკისდა რკინა-კავეულის ნაწილები.

ოქრომჭედლობა რომ შეესწავლა, ამისთვის თავის დროზე, ქარხანაში დაიწყო მუშაობა. თბილისელი მხატვარი ბოლო დროს, რაიონში, მამაპაპისეულ სახლში დასახლდა. ამბობს, რომ მიწასთან მუშაობა მისთვის ნამდვილი თერაპიაა. ნახატებს კი იქაც ქმნის და სამომავლოდ მშობლიურ რაიონში გამოფენის მოწყობაზეც ფიქრობს.

– ბატონო ალექსანდრე, ბოლოდროინდელი ამბით დავიწყოთ: როგორ შეცვალა ქალაქელი მხატვრის ცხოვრება ახალმა გარემომ?

– ბოლო წლებია საგარეჯოში გადმოვსახლდი და პაპაჩემის დატოვებულ სახლში ვცხოვრობ. აქ ჯერ პენსიაზე გასული ჩემი მშობლები ჩამოვიდნენ, ახლა ჩემი ჯერი დადგა. სახლს იმდენი რამე ჰქონდა გასაკეთებელი, რომ მთელი ოჯახი შევეჭიდეთ. ეს ქალაქელი კაცი აქ თანდათან ვსწავლობ ვაზის, ხეებისა და ვარდების მოვლას. ვატყობ, რაც დრო გადის, ბევრი რამისადმი დამოკიდებულება მეცვლება: რაც მიყვარდა. ის აღარ მიყვარს. რაც არ მიყვარდა, შემიყვარდა.

– თქვენს ნახატებს ბევრისგან გამოარჩევ და ვიცი, რომ ზოგიერთ ნამუშევარს უჩვეულო მასალისგან ქმნით…

– საერთოდ, პოპ-არტის სტილში ვხატავ. მოგეხსენებათ, ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი და გასაგები ხელოვნებაა. ბევრი რამეს ჩემი ფანტაზიით ვქმნი, მაგალითად მაქვს ნამუშევრები, რომელშიც გამოვიყენე ღილები და ძაფები. მახსოვს, საქსოვი ძაფები დედაჩემს მოვპარე. ნაჭრებსაც ვაგროვებდი, საინტერესო ფერებით. სხვათა შორის, სანტექნიკის ნაწილებით და ათასი ხარახურითაც მაქვს ავტოპორტრეტი გაკეთებული. პასტელითაც ვხატავ და ფანქრითაც, აკრილით, გუაშით, ჩემი სტილი მაქვს.

– თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი რომელი ნამუშევარია?

– რა ვიცი, მე ყველა მომწონს, რომელი ერთი გავიხსენო?- მაგალითად, სტალინის პორტრეტი ფერადი ნაჭრების ქსოვილებისგან შევქმენი. ფრიდა კალოს თავზე გვირგვინი ხელოვნური ყვავილებისგან. კაბაც მე შევუკერე. ვან გოგის წვერი ძაფებითაა. ქუდი ნაჭრისგანაა და მისი მოჭრილი ყურიც ნაჭრის ქსოვილით გადავუხვიე. ხატი ჩემი დაწერილია, მოძღვარმა აკურთხა. მაქვს ნამუშევრები, რომლებიც ვერცხლში გავაკეთე. ოქრომჭედლობა „ზარაფხანაში“ შევისწავლე და ამისთვის ქარხანაშიც კი დავიწყე მუშაობა.

პროფესიით ინჟინერი ხართ, მაგრამ თვითნასწავლი მხატვარი არ ხართ, თავის დროზე სამხატვრო განათლება სად მიიღეთ?

– პროფესიით ინჟინერ-მშენებელი ვარ. მთლად თვითნასწავლი მხატვარი არ ვარ. მართალია, თოიძე არ დამიმთავრებია, ისევ გამოვედი და სკოლას დავუბრუნდი, მაგრამ ნიკოლაძის სასწავლებელში ოთხი კლასი ვსწავლობდი. პარალელურად სკოლაშიც დავდიოდი.

– ოჯახში შემოქმედებითი გარემო გქონდათ…

– მართლაც შემოქმედებით გარემოში გავიზარდე: დედის მხრიდან ბიძა, ცნობილი ხელოვანი, ბიძინა ავალიშვილი იყო. მის სახელოსნოში ვაკეში, კავსაძეზე, ფაქტობრივად, გავიზარდე. ძალიან უხაროდა, რომ ვხატავდი. მამა, მართალია, მხატვარი არ იყო, მეტყევე-ინჟინერი გახლდათ, მაგრამ კარგად ხატავდა. ასე, რომ გენეტიკაც ხელს მიწყობს.

 

რა არის, ის, რამაც თქვენს შემოქმედებასა და ცხოვრებაზე ყველაზე მეტად იმოქმედა?

– ეს არის ამბები, რომელიც ჩემი ბიძის, ბიძინა ავალიშვილის სახელოსნოს უკავშირდება. ის კავსაძის ქუჩაზე მდებარეობდა. იმ ქუჩაზე სახელოსნო თითქმის ყველა ცნობილ მხატვარს ჰქონდა. მახსოვს, ხშირად ვხვდებოდი აპოლონ ქუთათელაძეს, რომლის ბიჭთანაც ვმეგობრობდი. მის გვერდით სახელოსნო გივი ყანდარელს ჰქონდა. მის შვილებსაც კარგად ვიცნობდი. ბედნიერებაა, რომ იმ დროის თბილისში ბევრ გამორჩეულ ადამიანთან  მქონდა ურთიერთობა.

– ახლა ვინ გახსენდებათ?

– მახსენდება მსახიობი ზურაბ ქაფიანიძე, ვისთანაც ხშირი ურთიერთობა მქონდა, ერთხელ დახატულიც მყავს. მისი მეგობრის, კოლია ონიანის სახლში ხშირად იყო თამადა. იმ დროის თბილისში კიდევ ბევრ საინტერესო ადამიანს ვხვდებოდი და კარგ ამბებსაც ვიგებდი. ხშირად ვფიქრობ, რომ მათი სახეები ჩემს ნახატებში აუცილებლად უნდა გავაცოცხლო.

 

– ახალ გარემოში თუ გწყალობთ მუზა?

– სახლში უკვე ბევრი ნახატი შევქმენი და ხატვის ჩემეული მანერა უფრო დავხვეწე. საგარეჯოს მუზეუმმა ნახატის მიტანა მთხოვა და როგორც ვიცი, გაზაფხულზე გამოფენას მიწყობენ. დროდადრო ჩემს შემოქმედებით ფანტაზიას საგარეჯოს სახლის მოწყობისას ვიყენებ. აქ ყველაფერი ჩემი ხელით გამოვცვალე და განვაახლე. რაც დედამ დამიტოვა იმას ვუვლი და  თან ვსწავლობ. ბავშვობაში რომ ჩამოვდიოდი ბაბოსთან მაშინ არაფერი მაინტერესებდა. ახლა კი ვალდებული ვარ აქაურობას მივხედო. მიწასთან ურთიერთობა მაგარი თერაპია ყოფილა. ახლა მიკვირს როგორ ტოვებენ სოფელს და რატომ გამორბიან ქალაქში…

თეონა გოგნიაშვილი