პოეტ ნიკო სამადაშვილის შვილმა ნუგზარ სამადაშვილმა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას მამის არქივის მნიშვნელოვანი ნაწილი, ხელნაწერი ლექსები, წერილები, სხვადასხვა ტიპის ჩანაწერები გადასცა. ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ეროვნული ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის განყოფილების თანამშრომლებმა დარეჯან თეთრაშვილმა და თამარ ხიზამბარელმა პოეტის შემოქმედების ტექსტური ბიბლიოგრაფიის ციფრული ვერსია მოამზადეს. უახლოეს მომავალში მათივე მომზადებული კრებული დაიბეჭდება, რომელიც ნიკო სამადაშვილის დაბადებიდან 120 წლის იუბილეს მიეძღვნება. კრებულს დართული ექნება ფოტოები და ბიბლიოგრაფია.
„ნიკო სამადაშვილი იყო უკომპრომისო ადამიანი პოეზიაშიც და ცხოვრებაშიც. ჩვენ დავიცავთ და გავუფრთხილდებით მის არქივს“, – აღნიშნა ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორმა ემზარ ჯგერენაიამ.