ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის დრამატული თეატრი 131 წლისაა

XIX საუკუნის ბოლოს, ქართველი საზოგადო მოღვაწეების დიდი ძალისხმევითა და ინიციატივით, საქართველოში ერთდროულად რამდენიმე თეატრი გაიხსნა. მათ შორის ერთ–ერთი ქალაქ ჭიათურის დრამატული თეატრი იყო, რომელიც 1894 წლის 11 დეკემბრიდან ამოქმედდა.

„ჭიათურა. კვირას, 11 დეკემბერს, ხუროთმოძღვრის გ. დეკანოზიშვილის მეთაურობით, გამართეს აქ წარმოდგენა ადგილობრივი სკოლის სასარგებლოდ. წარმოდგენილი იყო „ჩათრევას ჩაყოლა სჯობია“ და „მონადირე“. წარმოდგენას ხალხი ბლომად დაესწრო. მოთამაშეთა შორის, უმთავრესი ყურადღება თავის მოხდენილის თამაშით მიიქცია ქალბატონმა არდიშვილისამ“, – წერდა გაზეთი „ივერია“, #266, 1894 წლის 16 დეკემბერს.

1901 წელს თეატრში, ცნობილი ქართველი მწერლის – აკაკი წერეთლის თანდასწრებით, მისი გახმაურებული პიესა „პატარა კახი“ დაიდგა. 1910 წლიდან მოყოლებული თეატრს მუდმივმოქმედი დასი ჰყავდა.  იგი რიგით მესამე მუდმივ მოქმედი დასი იყო საქართველოში, რუსთაველისა და მარჯანიშვილის დასების შემდეგ.

მე-20 საუკუნის 20-30 წლები თეატრის ოქროს ხანად მიიჩნევა. ამ წლებში თეატრმა დადგა: შექსპირის, მოლიერის, ლოპე დე ვეგას დავით კლდიაშვილის, პოლიკარპე კაკაბაძის და სხვათა პიესები. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი „ყვარყვარე თუთაბერი“ ქართული თეატრის ისტორიაში ამ პიესის ერთ-ერთ საუკეთესო განხორციელებად ითვლება, ხოლო მასში მთავარი როლის შემსრულებელი, საქართველოს სახალხო არტისტი მიხეილ ვაშაძე ამ სცენური სახის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად.

XX საუკუნის მეორე ნახევარში ჭიათურის თეატრმა საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა: ორჯერ გაიმარჯვა საკავშირო ფესტივალებზე, ხოლო უნგრული დრამატურგიის საერთაშორისო ფესტივალზე მთავარი პრიზი დაიმსახურა. ჭიათურის თეატრთან აქტიურად თანამშრომლობენ ქართველი რეჟისორები, მათ შორის ახალი თაობის წარმომადგენლები.

თეატრმა 1949 წელს ბინა ახალ შენობაში დაიდო და მას აკაკი წერეთლის სახელი მიენიჭა.