ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Le Pont Caucasien“ მხარდაჭერით, მონაკოში, გასტრონომიისა და ღვინის ფესტივალზე „Salon Monte Carlo Gastronomie” ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ოთხდღიანი ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ ქართული ღვინის მწარმოებელი 10 კომპანიისა და მცირე მარნის სხვადასხვა დასახელების ღვინოებს. ფესტივალზე ქართული ღვინო საფრანგეთში მოღვაწე ენოლოგმა, კომპანიის „Le Pont Caucasien“ ხელმძღვანელმა ილია კახოიძემ წარადგინა.
რიგით 28-ე ფესტივალს ათასობით სტუმარი, როგორც ღვინის მომხმარებელი, ასევე კომერციული და HoReCa სექტორის წარმომადგენელი დაესწრო, რაც უმნიშვნელოვანესია ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის.
„Salon Monte Carlo Gastronomie” ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა აღნიშნულ რეგიონში, რომელში მონაწილეობაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას არა მარტო მონაკოში, არამედ საფრანგეთშიც.