ათენის “იონიის კულტურულ ცენტრში” მუსიკალური საღამო გაიმართა, სადაც საქართველოდან მოწვეულმა ახალგაზრდა პიანისტებმა: გიორგი არაბიძემ, გიორგი ლორთქიფანიძემ და იოანე ბაზანოვმა კლასიკური მუსიკის ნაწარმოებები შეასრულეს. ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს საელჩო საბერძნეთში.
მათივე ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს კონსული საბერძნეთში, მამუკა ჯამბაზიშვილი. კონსულმა დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართა და მუსიკისა და ხელოვნების მიმართულებით ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა, ახალგაზრდა მუსიკოსებს კი მაღალი პროფესიონალიზმით ნაწარმოებების შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.
ქართული დიასპორის გარდა, საღამოს ესწრებოდნენ ბერძენი მეგობრები, ადგილობრივი მუსიკალური სასწავლებლების პედაგოგები, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი არქიმანდრიტი სინესიოსი (თეიმურაზ კალანდაძე), რომელიც ასევე მიესალმა სტუმრებსა და დამსწრე საზოგადოებას.
საღამო ბერძნულად წაიყვანა ათენის კულტურის ცენტრის “კავკასია” დამფუძნებელმა, ავთანდილ მიქაბერიძემ, რომელმაც სტუმრებსა და შემსრულებლებს მსგავსი კულტურული ღონისძიებების გამართვის მნიშვნელობაზე ესაუბრა და დიასპორაში მყოფი ახალგაზრდა თაობისთვის მუსიკალური განათლების კუთხით ხელშეწყობაზე გაამახვილა ყურადღება.
ღონისძიების დასასრულს, სტუმრებს მიმართა “ათენის ქართული სახლის” მუსიკის პედაგოგმა, ქეთევან ხატიაშვილმა, ხოლო, ამავე დიასპორული ორგანიზაციის დამფუძნებელმა, დარეჯან ღამბაშიძემ ახალგაზრდა პიანისტებს სამახსოვრო სიგელები გადასცა.
ღონისძიების მასპინძლები გახლდნენ: საბერძნეთის ქართველ ქალთა კავშირი, ათენის კულტურული ცენტრი “კავკასია” და “იონიის კულტურის ცენტრი“. საბერძნეთში სამი ახლგაზრდა პიანისტის ვიზიტის მხარდამჭერები არიან: ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, ათენის ვახტანგ VI-ის სახელობის საკვირაო სკოლა და მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაცია (TIA GEORGIA).