ბუკინგემის სასახლიდან მოსული მადლობის წერილი – ხელოვანი, რომელიც „ბედნიერებას“ ყიდის  

სოციალურ ქსელებში ექსკლუზიური ნამუშევრების გვერდი O’lalu“ პოპულარობით სარგებლობს. მასზე ლალი ზამუკაშვილის მიერ დამზადებული უნიკალური ნამუშევრებია განთავსებული. ბევრჯერ დარწმუნდა, რომ მის ხელნაკეთ თოჯინებთან შეხება ადამიანებს მართლა აბედნიერებს, ამიტომაც ხელოვანი მათ „ღიმილი ჯადოქრებს“ ეძახის.

ამ საქმიანობამდე საკმაოდ რთული ცხოვრებისეული გზა გაიარა. დღეს კარგად იცის ბედნიერების ფასი, ამიტომ თვლის, რომ მისი ნამუშევრები უბრალოდ დეკორი კი არა, პატარა ემოციური გზავნილებია სამყაროში. დღეს სხვადასხვა მიმართულებაში საკმაოდ წარმატებით მუშაობს. სამომავლოდ ბევრი საინტერესო იდეა აქვს. მალე მისი ხელით შექმნილი ნამუშევრები მსოფლიოში პირველიინფლუენსერი“ თოჯინები იქნებიან. დანარჩენს მასთან საუბრიდან შეიტყობთ.

– ლალი, მოდი, ჩვენს მკითხველს გავაცნოთ როგორი იყო თქვენი ცხოვრება სანამ ამ საქმიანობას დაიწყებდით, რა გახდა ამის იმპულსი?

– დავიწყებ იქიდან, რომ ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ მოხდა და ამაზე მოკლედ საუბარი გამიჭირდება. 15 წლის ვიყავი როცა გავთხოვდი და 16 წლის ასაკში დავქვრივდი. იმ ქორწინებიდან დიდი ბიჭი მყავს. რაც შეეხება განათლებას, თავდაპირველად ჩავაბარე იურიდიულ-ეკონომიკურ ფაკულტეტზე, თუმცა ერთი წლის შემდეგ ოჯახური პირობების გამო სწავლისთვის თავის დანებება მომიწია. მოგვიანებით თავიდან ჩავაბარე უცხო ენების ფაკულტეტზე, სადაც ორი წელი დავყავი, რადგან თავის დანებება ისევ მომიწია.

– ალბათ ბევრს გაუკვირდება, რომ სამხედრო სამსახურში მუშაობის გამოცდილებაც გაქვთ…

– დიახ, ასეა. სამხედროში ჯერ რეზერვისტად წავედი, მოგვიანებით კი, ეროვნულ გვარდიაში ოფიციალურად დავიწყე საკონტრაქტო სამსახური. თქვენ წარმოიდგინეთ, ომის ვეტერანიც ვარ. რაღაც პერიოდი, ჟურნალისტიკის სფეროსთანაც მქონდა შეხება, ვიმუშავე: სპორტულ ჟურნალში, რადიოსა და ტელევიზიაში. რეალური შოუს “ინდუსტრია” მონაწილე ვიყავი.

– დღევანდელ საქმიანობამდე როგორ მიხვედით?

– თავიდან ჩემი საქმე როგორც ერთგვარი არტთერაპია ისე დავიწყე. მეორე ქორწინებიდან ვაჟი და გოგონა მყავს. უბედური შემთხვევის შემდეგ, მცირე ასაკში, უმცროსი ვაჟი, რომელიც ამჟამად 16 წლისაა, შშმ პირი გახდა და დღემდე სხვადასხვა სარეაბილიტაციო ცენტრებში გვიწევს სიარული. რადგან გარეთ ვერ გავდიოდი. მაშინ გავიხსენე, რომ  სხვადასხვა ხელსაქმე ბავშვობიდან მიყვარდა. ვიცოდი: ქსოვა, ქარგვა, მოგვიანებით ვისწავლე ბისერით ქსოვა და ქარგვა, სამკაულების დამზადება და ტყავზე მუშაობა. თანაც, ეტყობა, სულიერ შიმშილსაც განვიცდიდი და გადარჩენის მომენტიც მქონდა. მერე შევქმენი თოჯინები, რომელზედაც სრულიად მოულოდნელად დიდი მოთხოვნა გაჩნდა.

საკოლექციო თოჯინებზე მუშაობა რამდენად რთულია?

– ერთ მშვენიერ დღეს, რადგან ძალიან მაინტერესებდა, საკოლექციო თოჯინების ძერწვაც ვისწავლე. ეს იყო საკუთარ განვითარებაში ჩადებული ჩემი პირველი ინვესტიცია. რატომღაც ვშიშობდი, რომ ძერწვას ვერასდროს შევძლებდი. კურსებზე შესვლა გავრისკე და როგორც ჩანს, სურვილი შიშზე ძლიერი აღმოჩნდა. მივხვდი, რომ შეუძლებელი მართლა არაფერია. ძირითადად შეკვეთებზე ვმუშაობდი. ერთი პერიოდი ისე გადავიღალე, რომ გავჩერდი. თუმცა, ეს ჩავარდნა არ ყოფილა, ამას უფრო დასვენებას დავარქმევ. მივხვდი, რომ ფიზიკურად მუშაობას ვეღარ შევძლებდი. ერთი თვეა, რაც საკუთარ საქმეს დავუბრუნდი. სოციალურ ქსელებში ჩემი ნამუშევრები თავიდანვე ბევრს მოსწონდა.

– წარმატება რომელმა თოჯინამ მოგიტანათ?

– როდესაც ჩემი „პატარა პრინცით“ გამოფენაში მივიღე მონაწილეობა, ამ ნამუშევარმა სოციალური ქსელების მომხმარებლებისგან ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა და პირველი ადგილი ავიღე. ზოგადად გამოფენებში მონაწილეობით არ ვიყავი დაინტერესებული, მაგრამ მაშინ თავისთავად განვითარდა მოვლენები. სულ ცოტა ხნის წინ, ჩემი სამკაულებითა და საავტორო მინიატიურული თოჯინებით ერთ-ერთ გამოფენა-გაყიდვაში მივიღე მონაწილეობა. გამოფენაზე დამთვალიერებლებს შორის უცხოელი სტუმრებიც იყვნენ. ძალიან კმაყოფილი დავრჩი, რადგან მაშინ ჩემმა ნამუშევრებმა საოცარი ინტერესი გამოიწვია და ყველა თოჯინა უცებ გაიყიდა. ბევრი ქათინაური მოვისმინე და ვფიქრობ, მომავალში, ამ მიმართულებითაც სიამოვნებით გავვაქტიურდები.

– რაიმე უჩვეულო შემთხვევა ხომ არ გახსენდებათ?

– ერთ პატარა მომენტს გავიხსენებ: თოჯინა ქუთაისში დამკვეთთან, რატომღაც სამარშრუტო ტაქსით უნდა გამეგზავნა.  სადგურზე რომ მივედი მძღოლი მოვიკითხე. შუბლშეკრული, შუახანს გადაცილებული, მაღალი მამაკაცი აღმოჩნდა გადაღლილი სახით. უხალისოდ, ნაძალადევად მკითხა: რა არის წასაღებიო? ამოვიღე და ციცქნა, თმა გაწეწილი მოღიმარი თოჯინა ვაჩვენე. ის მომენტი ალბათ არასოდეს დამავიწყდება და იმ შთაბეჭდილებიდანაც ვერასდროს გამოვალ. თოჯინის დანახვაზე იმ კაცს ისე გაებადრა სახე, თითქოს ცა გაიხსნაო. ამხელა კაცი ჩემს თვალწინ უცებ ბავშვად იქცა და თვალებში ვარსკვლავები აუციმციმდა. მოკლედ, სრულიად გარდაისახა ჩემს თვალწინ. იმ დღიდან ჩემს თოჯინებს „ღიმილის ჯადოქრები“ დავარქვი. შეუძლებელია მათ შეხედო, შეეხო და ბავშვივით არ გაბედნიერდე. მუშაობის პროცესში ხშირად დამიჭერია საკუთარი თავი იმაზე, რომ თოჯინებს ვუღიმი, ველაპარაკები და ვეფერები…

მინიატიურულ პორტრეტებზე ვისთან ერთად მუშაობთ და ყველაზე დიდი, მოულოდნელი სიხარული რომელმა ნამუშევარმა მოგანიჭათ?

– ⁠მინიატიურულ პორტრეტებს მხატვარი მარიამ ქურდაძე ასრულებს, 14 წლის იყო, როცა გავიცანი. მას მერე, ჩვენ ერთად მოვდივართ და ამ საქმეშიც ერთად ვვითარდებით. ჩვენი ერთობლივი გამოცდილებისა და გამბედაობის შედეგი იყო ის დიდი სიხარული, რაც ელისაბედ მეორის პორტრეტულმა თოჯინამ მოგვიტანა. როდესაც ჩვენი ნამუშევარი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალს და სახელმწიფოს მეთაურს, მისი უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ მეორეს საჩუქრად გავუგზავნეთ.

– ადრესატამდე თუ მივიდა თქვენი საჩუქარი?

– მივიდა, რადგან მოგვიანებით, ბუკინგემის სასახლიდან მადლობის წერილი მოვიდა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ფაქტი მარიამის ჩემს საქმიანობაში ჩართვას უკავშირდება, რადგან მის გარეშე ამას ვერ გავბედავდი.

ბევრი უცნაური, ზოგჯერ აბსურდული შემთხვევა მახსენდება. მაგალითად, ერთმა დამკვეთმა თოჯინაზე ლოყების ჩამოთლა მოითხოვა. ამ თოჯინების უნიკალურობას და თვითმყოფადობას ქმნის მასალა, რომლითაც მზადდება. ესაა მთლიანად სასამკაულე მასალით შექმნილი ნამუშევარი, კრისტალებით, ნატურალური მინერალებითა და ხის ბურთულებით. ეს არ არის ძერვა. მისი არსი ისაა, რომ ადამიანის ფიგურას ამ ფორმების შერწყმით ვიღებთ და სახეც ხის ბურთულაზე იხატება. უცნაური იყო ისიც, რომ ერთხელ მოითხოვეს თოჯინა ველოსიპედზე მჯდარიყო, რაც ამ მიმართულებაში მუშაობის დროს, ასევე წარმოუდგენელია.

მოწონებით სარგებლობს ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ-გაცოცხლებული თქვენი ქართული პერსონაჟებიც-შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ოდესმე მათ თოჯინურ ვერსიებსაც შექმნით?

⁠რაც შეეხება AI-ის მიერ გენერირებულ ჩემს იდეებს, ამ კონკრეტული მიმართულებით სიახლეებზე, წინასწარ ვერ ვისაუბრებ, თუმცა რაღაც მოსაზრებები მაქვს და რაღაცის გაკეთებას ვაპირებ.

– ბოლო დროს სოც, ქსელებში თქვენი თოჯინების სახალისო ვიდეო-სიუჟტებიც ვრცელდება, ამ მხრივ, რაიმე ჩანაფიქრი ხომ არ გაქვთ?

დიახ, ამ ეტაპზე ცხელ-ცხელი სიახლე მაქვს. ჩემი თოჯინების მინი-ვიდეოებით უახლოეს დღეებში ინგლისურენოვან „TikTok“-ის გვერდს და „YouTube“ არხს ვაკეთებ. ეს იქნება მსოფლიოში პირველი შემთხვევა, როდესაც „ინფლუენსერები“ თოჯინები იქნებიან. აქ მოისმენთ სხვადასხვა საინტერესო თემებზე საუბარს და ყოველდღიურ ჭორაობას, შიგადაშიგ რეკლამებსა და მილოცვებსაც განვათავსებთ.

– სოც, ქსელებში თქვენს გვერდს „O’lalu“ ასეთი სლოგანი-წარწერა აქვს: „სამყარო, რომელსაც სხვაგან ვერსად ნახავთ. ბედნიერება აქ იყიდება!“ რით არის განსაკუთრებული თქვენი სამყარო?

– ჩემი აზრით, ⁠“O’lalu-ს“ სამყაროს განსაკუთრებულობა ისაა, რომ ის რეალობას არ გაურბის. პირიქით, რეალობას ალტერნატიულ სივრცედ გარდაქმნის. ეს არის ადგილი, სადაც ნივთებს სული აქვს და ისინი ემოციას ატარებენ. ჩემთვის ეს სამყაროა, რასაც მხოლოდ ხელებით კი არა, გულითაც ვქმნი.  ჩემი ნამუშევრები უბრალოდ დეკორი კი არა, პატარა ემოციური გზავნილებია. „O’lalu“ არის სივრცე, სადაც ხელოვნებას ადამიანი უბრალოდ კი არ ხედავს, არამედ გრძნობს და როცა გრძნობ, მაშინ გაბედნიერებს კიდეც. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ დიახ, „აქ იყიდება ბედნიერება!“

თეონა გოგნიაშვილი

ლალი ზამუკაშვილი