ლიეტუვის ქალაქ დრუსკინინკაიში კლასიკური სამჭიდის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მიმდინარეობს. ათლეტმა გიორგი გელაშვილმა (-59 კგ) ჩაჯდომაში 182,5 კილოგრამი დააფიქსირა და მეორე ადგილი მოიპოვა, წოლჭიმში — 147,5 კგ და პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ამოწევაში 202,5 კგ ჩათვალა; სამჭიდის ჯამში გიორგიმ 532,5 კგ დააგროვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ასევე მედლები მოიპოვეს: გიორგი წიკლაურმა (-53 კგ) – ჩაჯდომაში 100 კგ დაძლია, წოლჭიმში – 85 კგ, ამოწევაში – 135 კგ, საბოლოოდ კი სამივე დისციპლინაში ვერცხლის მედალი მოიპოვა; ხოლო სამჭიდის ჯამში 320 კგ დააგროვა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
საბა გოგიჩაიშვილმა (-59 კგ) წოლჭიმში 132,5 კგ დააფიქსირა, ჩემპიონობა იზეიმა და ევროპის ჭაბუკების რეკორდი დაამყარა, ამოწევაში კი 200 კგ ჩათვალა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, მან ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა სამჭიდის ჯამში 477,5 კგ-ით. გიორგი მაისურაძემ (66 კგ) წოლჭიმში მესამე ადგილი დაიკავა, მან 140 კგ დაძლია. მერაბ სამხარაძემ (+120 კგ) კი წოლჭიმში 165 კგ ასწია და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
კონტინენტის პირველობა შვიდ დეკემბერს დასრულდება და მასში მონაწილეობას კიდევ ორი ქართველი მიიღებს.
ახალგაზრდა ათლეტები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.