ბერლინში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში „RAW Wine Berlin 2025”, ღვინის ეროვნული სააგენტოს და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქვევრის ღვინის მწარმოებელი ოთხი მარანი მონაწილეობდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„RAW Wine” ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო გამოფენაა, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი.
,,RAW Wine Berlin”-ზე ქართული ქვევრის ღვინის წარდგენა მნიშვნელოვანია ქვევრის ღვინის პოპულარიზაციის, ღვინის მწარმოებლების მიერ პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და ექსპორტის ზრდისთვის.
მიმდინარე წელს, ბერლინის გამოფენაზე 13 ქვეყნის 100-ზე მეტი ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი იყო წარმოდგენილი, მათ შორის, ისეთი მეღვინეობის ტრადიციებით სახელგანთქმული ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა საფრანგეთი, იტალია, პორტუგალია და სხვა. ტრადიციულად, ქართული ღვინის მიმართ ინტერესი დიდი იყო ღვინის პროფესიონალებისა და ვიზიტორების მხრიდან.
აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2025 წელს, ქვევრის ღვინის მწარმოებელი მარნები „RAW Wine“-ის გამოფენებში ნიუ-იორკში, ტოკიოში, პარიზში, შანხაიში, კოპენჰაგენსა და ვერონაში მონაწილეობდნენ.