სკანდინავიის ქვეყნებში საქართველოს ტურისტულ პოტენციას გაეცნენ

ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სკანდინავიის სახელმწიფოებში მარკეტინგულ კამპანიას ატარებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებმა შვედეთში, დანიასა და ნორვეგიაში როუდშოუებში მიიღეს მონაწილეობა. სტოკჰოლმში, კოპენჰაგენსა და ოსლოში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაციები გაიმართა.

B2B ფორმატის ფარგლებში, მოლაპარაკებები შედგა ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებს შორის. შეხვედრებზე სკანდინავიის ქვეყნებიდან საქართველოში ტურისტული ჯგუფების ჩამოყვანისა და ერთობლივი ტურების მოწყობის საკითხები განიხილეს.

ტურისტულ კომპანიებთან შეხვედრების პარალელურად საქართველოს ტურისტულ მიმართულებას პრეზენტაციებზე გაეცნენ სკანდინავიური მედიის წარმომადგენლები. ნორვეგიული და შვედური სამოგზაურო გამოცემები საქართველოს შესახებ სტატიებს მოამზადებენ.