გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქ. ჩიკაგოში, საერთაშორისო გამოფენაზე U.S. PrivateLabelTradeShow ექვსმა ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების აგროსასურსათო პროდუქცია გააცნო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს პავილიონში წარმოდგენილი იყო კომპანიების: „აჩინებული“, „არომაპროდუქტი“, „გრინგოლდი“, „ჰობი“, „რკ ლავრ-ჯორჯია“ და „კულა“ წარმოების ორგანული წვენები, ჩაი, თაფლი, ჩირი, დაფნა, ხილისა და ბოსტნეულის საკონსერვო ნაწარმი.
გამოფენაში ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები იღებდნენ მონაწილეობას. გამოფენის გახსნას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ავალიანი, დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ნიკა ურუშაძე და აშშ-ში საქართველოს საელჩოს მრჩეველი დავით ჩარკვიანი ესწრებოდნენ.
მსგავსი მასშტაბის გამოფენებში მონაწილეობის ფარგლებში, მწარმოებლებს საშუალება ეძლევათ, დაამყარონ ახალი კონტაქტები და გაზარდონ საექსპორტო შესაძლებლობები.