საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები შიჰანის მთაზე ქართული სამონასტრო კომპლექსის არქეოლოგიურ სამუშაოებს გაეცნენ

იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები შიჰანის მთაზე ქართულ სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე არქეოლოგიურ სამუშაოებს გაეცნენ.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წელს არქეოლოგიური ობიექტი მთლიანად გაიწმინდა ინერტული და ნაშალ-ნანგრევი მასალისგან; არქეოლოგიურად შესწავლილ იქნა ნართექსი და ნართექსის ჩრდილოეთ მინაშენი. სამონასტრო კომპლექსის მთელი ტერიტორია შემოიღობა ლითონის ბადით.

სამონასტრო კომპლექსის არქეოლოგიური კვლევა 2024 წელს დაიწყო, რა დროსაც გაიწმინდა ეკლესიის დასავლეთით მდებარე ცენტრალური კარი და ნართექსის ცენტრალური ნაწილი.

შიჰანის მონასტრის არქეოლოგიურ კვლევები იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს სიძველეთა დეპარტამენტთან და იორდანიაში საქართველოს საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. არქეოლოგიურ სამუშაოებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, აწარმოებს ქართველ არქეოლოგთა ჯგუფი პროფესორ ვახტანგ ლიჩელის ხელმძღვანელობით.

შიჰანის მონასტერი ქართველმა სასულიერო მოღვაწემ გაბრიელ თბილელმა დააფუძნა XI საუკუნეში. დროთა განმავლობაში შიჰანის მონასტერი სკრიპტორიუმი, მნიშვნელოვანი სამწერლობო ცენტრი გახდა.