უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია Air China თბილისსა და პეკინს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას იწყებს

უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია Air China საქართველოსა და ჩინეთის დედაქალაქებს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას იწყებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, პეკინსა და თბილისს შორის ფრენები მიმდინარე წლის 2 დეკემბრიდან, ქალაქ ურუმჩის გავლით შესრულდება.

ორ დედაქალაქს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება დადებითად აისახება საქართველო – ჩინეთის ურთიერთობებზე. ავიარეისები თბილისსა და პეკინს შორის კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს შესრულდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია Air China-ს ოპერირების ნებართვა დღეს მიანიჭა.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია Air China საქართველოს ბაზარზე 2024 წლის დეკემბერში შემოვიდა. დღეის მდგომარეობით ავიაკომპანია ფრენებს თბილისსა და ურუმჩის შორის კვირაში 2 სიხშირით ასრულებს და მიმდინარე წლის 10 თვის მდგომარეობით 25 035 მგზავრი ჰყავს გადაყვანილი.