15 წლის წინ, სწორედ ნოემბერში, მარიონეტების თეატრის გვერდით ამოიზარდა და თბილისის სიმბოლოდ იქცა ეს ჯადოსნური კოშკი, რომლის იდეა და შესრულება რეზო გაბრიაძეს ეკუთვნის. თავად ბატონი რეზო კოშკის მშენებლობის ერთ-ერთ ეპიზოდს ასე იხსენებდა:
„ჩემთვის ნათელი გახდა, რომ შუა საუკუნეების ყველა დიდი თუ პატარა შენობა ტექნიკური უნივერსიტეტი იყო.
შარტრის, მილანის, გელათისა თუ მიძინების ტაძრის მშენებლობაზე უამრავი ადამიანი სწავლობდა წონის გადანაწილებას, კირ-ხსნარის ქიმიას, მასალათაგამძლეობას – ტექნიკოსები დამეხმარებიან ამ აზრის განვითარებაში.
ასე, ამ ტექნიკურ უნივერსიტეტში, გავიგე, რომ დიდი ქვებით ჯერ რეპეტიცია უნდა გაიარო.
როგორ? აი, ასე!
სიჩქარე ამ საქმეში არ შეიძლება. ქვებს ჯერ ერთად აწყობენ, დაახლოებით ოთხ კვადრატულ მეტრზე, კირის გარეშე, ამოწმებენ მათ თავსებადობას და მხოლოდ მერე, ბევრი სინჯის შემდეგ უბრუნებენ მათთვის განკუთვნილ ადგილს და აერთებენ კირით.
ორი წლის მანძილზე ვატოლებდით ერთ ქვას მეორეს, იმიტომ, რომ ეს თამაში მძიმე, მაგრამ ძალიან საინტერესო შრომაა.
ქვები ადამიანებივით უნდა შეერთდნენ – სიყვარულით, კონფლიქტით თუ ერთმანეთის მოფერებით.
P.S. კოშკის დამთავრების მეორე დღესვე, დილით, მივიღეთ ყველაზე დაუვიწყარი რეცენზია – პატარა პაკუსია ძაღლი მოვიდა, შეხედა ჩვენს კოშკს, არაფერი არ უთქვამს, მხოლოდ ზურგი მოიფხანა, აწია ფეხი და დაასველა ქვედა ქვა. ეტყობა წინა ცხოვრებაში ინჟინერი იყო.
კოლეგამ დაგვტოვა“
წყარო: Gabriadze Theatre