2-6 დეკემბერს ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტის და UNESCO-ს ორგანიზაციის პატრონაჟით, 2025 წლის 2-6 დეკემბერს, საქველმოქმედო ფონდი „ლირა“ მეთორმეტედ გამართავს ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს.

ხუთი დღის განმავლობაში ბათუმი გადაიქცევა მრავალფეროვანი შემოქმედებითი ღონისძიებების ცენტრად, რომელიც კიდევ ერთხელ გაამყარებს საქართველოს განსაკუთრებულ ადგილს საერთაშორისო კულტურულ რუკაზე.

ფესტივალის პროგრამა:

  • 2 დეკემბერი, 19:00 – ფესტივალის გახსნა ლეგენდარული ანსამბლ „ბათუმის“ საიუბილეო გალა კონცერტით
  • 3 დეკემბერი, 19:00 – იაპონელი პიანისტის უსუი ტოშიკის სოლო კონცერტი
  • 4 დეკემბერი, 19:00 საათი – ანზორ ერქომაიშვილის სამტომეულის “საქართველო,ისტორია,კულტურა, ეთნოგრაფია” პრეზენტაცია და მუსიკალური პერფორმანსი;
  • 5 დეკემბერი, 17:00 – ვუნდერკინდი ემირატებიდან – პიანისტი აჰმედ ალ ჰაშენის სოლო კონცერტი (დახურული ღონისძიება)
  • 5 დეკემბერი, 19:00 საათი –  საერთაშორისო კონკურსის French Riviera გრანპრის მფლობელის  სოლო კონცერტი;  (დახურული ღონისძიება)
  • 6 დეკემბერი, 19:00 საათი – გრანდიოზული დასკვნითი საღამო – ლეგენდარული „ქართული ხმები“.

წლების განმავლობაში ფესტივალი დამკვიდრდა, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და მასშტაბური კულტურული მოვლენა, რომელიც აერთიანებს კლასიკური მუსიკის ვარსკვლავებს, აღმოაჩენს ახალგაზრდა მუსიკოსებს და დიდ  ადგილს უთმობს ქართველ კლასიკოსებს და ფოლკლორულ ანსამბლებს.

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი 2013 წელს დააფუძნა  საერთაშორისო და სახელმწიფო პრემიების ლაურეატმა, UNESCO-ს მშვიდობის არტისტმა ელისო ბოლქვაძემ.