„მინდა გოგის შექმნილ მუსიკას სრულად ჩავუღრმავდე“- წარმატებული ქართველი მუსიკოსი იაპონიაში

არაოფიციალური სტატისტიკით, ალბათ ყველაზე ნაკლები ქართველი იაპონიაში ცხოვრობს და ამას ალბათ თავისი რაციონალური ახსნა აქვს. მით უმეტეს, რთულია, როცა კულტურის სფეროში მოღვაწეობ და სურვილი გაქვს, რომ  დამკვიდრდე და წარმატებას მიაღწიო ქვეყანაში, სადაც “ტრადიციული ფორმალური, რუტინული ურთიერთობები თავისი კანონებით მიედინება“.

მიუხედავად ყველაფრისა, გიორგი ბაბუაძემ შეძლო: თავისი მუსიკით იაპონური პუბლიკა მოხიბლა, კოლეგებისთვის სასურველი პიროვნება გახდა, სტუდენტებისთვის კი – საყვარელი ლექტორი. ბატონი გიორგი 2001 წლიდან მევიოლინე, დირიჟორი, პედაგოგი და კონცერტმაისტერი კიოტოს ხელოვნების უნივერსიტეტის ვიოლინოს კლასის პედაგოგი და კონცერტმაისტერია. 

იაპონიამდე მილანის მთავარ კამერულ ორკესტრში უკრავდა. როგორც მოწვეული ორკესტრის მუსიკოსი მონაწილეობდა ცნობილ საზაფხულო საოპერო ფესტივალში „Macerata Opera“, სადაც მღეროდნენ საუცხოო სოლისტები, რომელთა შორის ხოსე კარერასიც იყო. ამჟამად კანსაის ფილარმონიული  ორკესტრის კონცერტმაისტერია. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ იაპონიაში ჩასვლის პირველივე წლებიდან მის მიერ ჩატარებულ კონცერტებზე ძირითადად ქართული მუსიკა ჟღერდა…

– ბატონო გიორგი, ცნობილია, რომ იაპონელების პატივისცემისა და სიყვარულის დამსახურება მარტივი ამბავი არ არის, თქვენი  პროფესიონალიზმისა და პიროვნული თვისებების წყალობით ეს შეძელით…

– მართალს ბრძანებთ, იაპონიაში დამკვიდრება მარტივი ამბავი არ არის. იქ შეღწევა უცხო სხეულის ეფექტს ჰგავს, ამიტომ მოთმინება და დელიკატური დამოკიდებულებაა საჭირო. თანაც, გაითვალისწინეთ, ურთულესი იაპონური ენა, რომლის ცოდნის გარეშეც წარმატების მიღწევა შეუძლებელია. ამასთან, ცნობილია, რომ იაპონელები ყველაფრის მიმართ უდიდეს ცნობისმოყვარეობას იჩენენ, რაც ხშირად დამღლელია, მაგრამ იძულებულს გხდის, რომ მაქსიმალურად კონცენტრირებული იყო.

– საქართველოში როგორი პროფესიული გზა გაიარეთ?

– ბავშვობაში მუსიკალური სკოლა დავამთავრე. დედის წყალობით ვიოლინოს დავუმეგობრდი. ის პიანისტია და წლებია მესამე სამუსიკო სკოლის პედაგოგი იყო. ვიოლინო ურთულესი მუსიკალური ინსტრუმენტია და მისი ცოდნა დაუღალავ შრომას და ნებისყოფას მოითხოვს. ამიტომ  სასწავლებელსა და კონსერვატორიაში სწავლის დროს ძალიან ბევრს ვმეცადინეობდი.

– გაიხსენეთ ის ადამიანები, ვინც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს….

– მინდა ვახსენო ჩემი სკოლისა და სასწავლებლის ორი არაჩვეულებრივი პედაგოგი: ლენა მადე და დავით რეიზნერი. ჩემი, როგორც მევიოლინედ ჩამოყალიბება მათ დამსახურებაა. შემდეგ საუცხოო პედაგოგებმა; გელა ჩაჩხიანმა, ალექსანდრე ბეგალიშვილმა და თამაზ ბათიაშვილმა ანსამბლი და კვარტეტის ჟანრი შემაყვარეს. მესამე მუსიკალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1985 წელს, სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დავამთავრე.

– 80-იანი წლების სტუდენტობა ალბათ ბედნიერად გახსენდებათ…

– მართლაც ძალიან ბედნიერი ხანა იყო. კონსერვატორიაში ბევრ შესანიშნავ მუსიკოსს და პედაგოგს შევხვდი. ქართული სავიოლინო სკოლის ერთ-ერთ გამორჩეული პროფესიონალის, ლეო შიუკაშვილის კლასში ვსწავლობდი. 1986-1991 წლებში კონსერვატორიის კამერული ანსამბლის კათედრის კონცერტმაისტერი ვიყავი. შემდეგ სხვადასხვა ორკესტრის დირიჟორი ვიყავი. ჩემთვის ყველა ორკესტრთან მუსიცირება მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო.

– თქვენი, როგორც დირიჟორის პირველი მცდელობა როდის და რომელ ორკესტრში შედგა?

– ეს იყო კამერული ორკესტრი, რომელიც ჩემმა ახალგაზრდა კოლეგებმა 1989 წელს ჩამოაყალიბეს და რომლის დირიჟორობაც შემომთავაზეს. ჩემი, როგორც მუსიკოსისა და დირიჟორის პირველი, მნიშვნელოვანი გამოცდილება და უნარ-ჩვევები სწორედ იქ შევიძინე. პარალელურად საოპერო – სიმფონიურ დირიჟორობის ოსტატობას უდიდესი მაესტროს, ოდისეი დიმიტრიადის კლასში დავეუფლე.

– იაპონიაში როდის ჩახვედით და როგორ მოხიბლეთ მკაცრი შემფასებელი იაპონელი მსმენელი?

– ამ ქვეყანაში 1996 წელს ჩამოვედი. კონტრაქტის მიხედვით ორკესტრის კონცერტმაისტერი ვიყავი. მაშინ სამნი ჩამოვედით: ვიოლონჩელისტი გია ხეოშვილი და ალტისტი ზაზა გოგუა, რომელიც იაპონიაში წარმატებით მოღვაწეობს. სამწუხაროდ გია ხეოშვილი გარდაიცვალა. გულწრფელად გეტყვით, რომ ამ ქვეყანაში ჩემი შემოქმედებითი აქტივობის განვითარებისთვის მართლაც დიდი დრო დამჭირდა. ზაზასა და ორ მუსიკოსთან ერთად, კონცერტებს კვარტეტ „თბილისის” სახელით ვატარებდით. ძირითადად ქართულ მუსიკას ვასრულებდით. რამდენიმე წლის წინ სულხან ცინცაძისა და ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებებით პირველი CD ჩავწერეთ.

– ჩატარებული კონცერტებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი რომელი იყო?

– როგორც Kansai City Philharmonic Orchestra-ს (ეს სხვა ორკესტრია) მთავარი დირიჟორი დაახლოებით 30 საანგარიშო კონცერტი მაქვს ჩატარებული. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი კონცერტი 2011 წელს მალერის N.2 სიმფონიის “Resurrection “ შესრულებით შედგა.

– თქვენი სოციალური ქსელების გვერდზე იაპონელი კოლეგის დახასიათება ვნახე: „გოგი თბილი პიროვნებაა. ის ყოველთვის მზადაა თქვას: „მადლობა“, „ბრავო“ და „შესანიშნავია“. მინდა გოგის შექმნილ მუსიკას სრულად ჩავუღრმავდე“ – ვის ეკუთვნის ეს სიტყვები?

– ეს სიტყვები ეკუთვნის Keihanna Philharmonic Orchestra-ს. მე ყოველთვის ვცდილობ, რომ რეპეტიციებზე პოზიტიური და წამახალისებელი გარემო შევქმნა, რადგან ხალისით, მოტივირებით და ენთუზიაზმით გადაილახოს ის დიდი სირთულეები, რაც ჩვენს საქმიანობას ახასიათებს.

 

თქვენ ახსენეთ, რომ კონცერტებზე, რომელსაც კვარტეტ „თბილისის” სახელით ატარებდით, ძირითადად ქართული მუსიკა ჟღერდა, სამომავლოდ ქართველ მუსიკოსებთან ერთად თუ გაქვთ ჩაფიქრებული რაიმე კოლაბორაცია ან კონცერტი?

– მომავალი წლის რვა ნოემბერს, ჩემი და ზაზა გოგუას მონაწილეობით ოსაკაში ჩატარდება კვარტეტი “თბილისის” კონცერტი, სადაც ძირითადად ქართული მუსიკა აჟღერდება. აგრეთვე, 2027 წელს, თბილისში, იაპონელი და ქართველი მუსიკოსების ერთობლივი კონცერტებია დაგეგმილი.

– თქვენი დაბადების დღე კეიანა ჰოლში უნდა აღნიშნოთ, თვლით, რომ თქვენი ცხოვრება ისე წარიმართა როგორც გსურდათ?

– დიახ, წელს, 7 დეკემბერს, Keihanna Hall-ში, ჩემი დირიჟორობით Keihanna Philharmonic-ის კონცერტი ჩატარდება. ეს დღე ჩემი დაბადების დღეა და ის ერთგვარად აჯამებს იაპონიაში ჩემს მიერ განვლილ შემოქმედებით გზას, რომელიც საკმაოდ ნაყოფიერად წარიმართა. თუმცა ჩემი უდიდესი სურვილი ყოველთვის იყო, რომ ეს გზა უფრო ინტენსიურად ჩემს სამშობლოში გამევლო…

თეონა გოგნიაშვილი